აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„პატივი მინდა მივაგო 25 თებერვალს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. 1921 წლის 25 თებერვალი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა ოკუპაციამ საქართველოს უზარმაზარი ზიანი მოუტანა. პირველივე დღეს საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა საუკეთესო ახალგაზრდები, საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე.

სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამის ნათელი მაგალითია. საბჭოთა პოლიტიკის მემკვიდრეობა დღესაც ყოველდღიური გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ძალიან ტრაგიკულია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს მუდმივ ძალადობას აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებაზე. ოკუპაციის პირობებში ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას აფხაზური ეთნოსის კულტურის და ენის თვითმყოფადობა. გარდა ამისა, აფხაზეთში მიზანმიმართულად აყალბებენ ისტორიას და წერენ მას სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას და საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივას. საბედნიეროდ, 1921წლის 25თებერვლისგან განსხვავებით, დღეს  საქართველო  საერთაშორისო  სისტემის ნაწილია. ეს მოცემულობა ქმნის მეტ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შევძლოთ ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და დეოკუპაცია“- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ოკუპაციის კვირეული აფხაზეთის საჯარო სკოლებში
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლებში თემატური კონკურსები, გამოფენები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და ლექცია/სემინარები გაიმართა.
 
მოსწავლეებს, ისტორიული ფაქტების უკეთ გააზრების მიზნით, მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ქრონოლოგიაზე, საქართველოს პირველ კონსტიტუციასა და მის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებზე.
 
25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს კი აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლების მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ და მათ ოკუპაციის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს.
რუსლან აბაშიძემ და თეა ახვლედიანმა აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში განათლებამიღებული და სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე დევნილი ახალგაზრდები.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები, ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისის შემცირების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდების შეკითხვებს სახელმწიფო მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხეს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრა პერმანენტულად იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის და სამომავლო პროექტების განსაზღვრას დევნილი ახალგაზრდებისთვის.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომას დაესწრო

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე კანონმდებლებმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

პარლამენტმა კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს ნდობა გამოუცხადა და მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ნორვეგიის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და COVID-19-ის პანდემიის პირობებში ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში ნორვეგიის სამეფოს ელჩის მრჩეველი დავით მაღრაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მშობლიური ენის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის ცნობილ ხელოვანთა ქართული შრიფტის გარნიტური (გრავიურა) და აფხაზურ-ოსურ ენებზე გამოცემული მხატვრული წიგნები. ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კონცეფციით შექმნილი და გამოცემული ლექსიკონები: ქართული ენის დიალექტებისა და ქართველური ენების, აგრეთვე ქართულ-აფხაზურ-ინგლისური, ქართულ-ოსურ-ინგლისური, უდიურ-ქართული, ბეჟიტურ-ქართული, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მწერალ ირაკლი შამათავას წიგნის „ვილაპარაკოთ - 33 ამბავი აფხაზეთზე“ უახლესი გამოცემა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის პროზას აფხაზეთზე.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით გაიმართა და „აფხაზეთის სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე, კალიგრაფი ლეილა ბაღბაია, მწერლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს იუნესკომ 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ დააწესა. 2000 წლის თებერვლიდან აღნიშნული თარიღი მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

რუსლან აბაშიძე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის გახსნას დაესწრო

პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გაიხსნა. მუზეუმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა გახსნეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური, „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით.

„ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება და გაეცნობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებშია დაცული. ვიზიტორები თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციასაც გაეცნობიან, რომელიც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა.

რუსლან აბაშიძე საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას დაესწრო.

სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიებზე:

- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ;
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე ;
- მარჩენალდაკარგულებზე;
- დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე ;
- ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე ;
- 100 წელს გადაცილებულ მოქალქეებზე;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე;
- მძიმე სოციალურად მდგომარეობაში მყოფი ოჯახებზე.

ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღებმა პირმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია განცხადება ერთჯერადი დახმარების მიღების შესახებ;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დევნილის მოწმობის ასლი;
ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან ერთ-ერთი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან/და შესაბამისი დამადასტურებელი ცნობა/დასკვნა უფლებამოსილი უწყებიდან, რომელიც ადასტურებს მისი ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას.

განაცხადის მიღება შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:

ქ. თბილისი, ვ.ფშაველს 16;
ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).

 

2021 წლის 17 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“.

მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტები. ასევე განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

ლევან თევზაია - ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტზე საჭირო სამუშაოები ჩატარდება
აფხაზეთის დევნილთა მინისტრი, ლევან თევზაია რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში არსებული პრობლემების გაცნობას აგრძელებს.
ამჯერად, მინისტრი , პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან ერთად ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტს ეწვია და დევნილი ოჯახების პრობლემები მოისმინა.
აღნიშნულ ობიექტში იძულებით გადაადგილებული 15-ზე მეტი ოჯახია ჩასახლებული. მოსახლეობის თქმით, ხშირი ნალექისა და წვიმის დროს, შენობის გარე კედლები ნესტიანდება.
მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსი და მოხდება შენობის კედლების სრულად რეკონსტრუქცია.
2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მიერ სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. პროგრამებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა
2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის პროგრამით 4 412 დევნილ ოჯახს, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია

პროგრამის განხორციელებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 660 000 ლარი გამოიყო.
ერთჯერადი დახმარება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე გაიცა.

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრების „ფერწერა აფხაზეთიდან“ გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  რუსლან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი  ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გამოფენის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი, მხატვრული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.

თბილისის საკრებულოში გამოფენა - „ფერწერა აფხაზეთიდან“ გაიმართა
თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გამოფენა - „,ფერწერა აფხაზეთიდან“ მოეწყო. აქ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების 30-მდე ფერწერული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
 
გამოფენა, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით შედგა.
 
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
ლევან თევზაიამ ფოთში, გაგრის ქუჩაზე ჩასახლებული დევნილების პრობელები მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და ფოთის ვიცე-მერთან მამუკა პაპასკირთან ერთად, გაგრის ქუჩაზე მდებარი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა დევნილი ოჯახების პრობლემები ადგილზე მოისმინა და მათ დახმარებას დაჰპირდა.
აღნიშნულ დევნილთა ჩასახლების ობიექტში სახურავის ნაწილი დაზიანებულია და გადახურვას საჭიროებს.
ლევან თევზაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს აღნიშნულ ობიექტის გადახურვით სამუშაოებს, რაც სრულად მოაგვარებს გაგრის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების დღემდე არსებულ პრობლემებს.
გასულ წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სარემონტო სამუშაოების პროგრამის ფარგლებში 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა.