აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კირსტი ნარინენს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ფინეთის რესპუბლიკის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო.

ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში ფინეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჰარი პალდანიუსი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

2024 წლის 10 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე სხდომაზე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა.

„საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და უსაფრთხოების, საკუთრებისა და თავისუფლად გადაადგილებების უფლებები. აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი არსით წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დევნილი საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების დაცვის, სამართლიანობის აღდგენისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების სამშვიდობო და თანმიმდევრული პოლიტიკით, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მთავრობის წევრებმა სხდომის ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ 2024 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ, მემორიალთან, 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 4-5 აპრილს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა, როგორიც არის რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნება.

მოლაპარაკებებზე ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე და ცალკეულ დესტრუქციულ  ქმედებებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე მდგომარეობას.

დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხის - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნება, განხილვისას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებები.

სამწუხაროდ, აღნიშნულ რაუნდზე ვერ მოხერხდა შედეგების მიღწევა მოლაპარაკებების ვერცერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ანგარიშს დაესწრო

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.  

„საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის მთავრობამ ყველა განკარგულების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საერთაშორისო რეიტინგებზე, სადაც საქართველოს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით პოზიტიური მაჩვენებლები აქვს და განაცხადა, რომ, ამის მიუხედავად, ხელისუფლება მიღწევებით არ კმაყოფილდება.

„გვსურს, ევროპის საუკეთესო სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. გვესმის, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი სავსებით მიღწევადია და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედრო პირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული სამხედრო პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს გადმოსვენებულთა ოჯახებს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გადმოსვენებული 5 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრო.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის (9 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში  გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 5 დევნილი პირის ოჯახის წევრებს მატერიალური დახმარება გაეწევათ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე,  აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული 12 იდენტიფიცირებული პირის ნეშტის (9 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი) გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

შეიარაღებული მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

იდენტიფიცირებული 5 მებრძოლის ნეშტს ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

2024 წლის 27 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

„სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა „სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების სამშვიდობო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობას.

შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იოსებ ნანობაშვილი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„სოხუმი-საქართველო“ საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის პლეი-ოფის ფინალში გავიდა

თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტსკოლაში საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თელავის „ბურჯი“ და „სოხუმი-საქართველო“ დაუპირისპირდნენ. სერიის გადამწყვეტ მატჩში სოხუმის გუნდმა მეტოქე 7-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 75:68 დაამარცხა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

საკალათბურთო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა.

სადღესასწაულო წირვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძემ საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის მოსმენას დაესწრო.

პარლამენტის წევრებს სამინისტროს ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ გააცნო. სხდომაზე, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდნენ.

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვეს.

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს.

საკონკურსო კომისიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა:

ირაკლი ვეკუა - ძალოსნობაში 17-წლამდელთა შორის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.

საბა ადამია - ძალოსნობაში 17-წლამდელთა შორის 2023 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.  

ალექსანდრე ლოლაძე - ძიუდოში 2023 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და 2021 წლის ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში.

ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოსა და აფხაზეთის სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის პლეი-ოფის მატჩი გაიმართა

ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი-საქართველო“ და თელავის „ბურჯი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი სოხუმის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 90:79 დასრულდა.

საკალათბურთო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს და ჟურნალისტებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა.

რუსლან აბაშიძემ მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე და 7-წლიანი პაუზის შემდეგ სატელევიზიო ეთერში დაბრუნება მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს მომავალი წარმატებები უსურვა და ჟურნალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.