ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      03 04
07 10 11
13 16 17 18
24 25
26 27 28        

 

  კანონი მთავრობის შესახებ

აფხაზეთის კანონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და

საქმიანობის წესის შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში-მთავრობა) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში-აფხაზეთის) უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც  ახორციელებს  აფხაზეთის  აღმასრულებელ  ხელისუფლებას  და  განსაზღვრავს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

მუხლი 2.

1. აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის,   აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის აფხაზეთის მინისტრებისაგან (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე #11, მუხლი 35, 11.05. 2006წ)

მუხლი 3.

მთავრობის  უფლებამოსილებანი  აღმასრულებელი  ხელისუფლების  სფეროში  განისაზღვრება

საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის კონსტიტუციით, ამ კანონით სხვა საკანონმდებლო აქტებითა და უმაღლესი საბჭოს დადგენილებებით.

მუხლი 4.

1. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს აფხაზეთის

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მეშვეობით.

2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა.

 

თავი II

მთავრობის კომპეტენცია

 

მუხლი 5.

მთავრობა   საქართველოს    კონსტიტუციისა    და    აფხაზეთის    კონსტიტუციით    დადგენილ ფარგლებში:

ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების დებულებებს;

გ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას;

დ) უფლებამოსილია  გააუქმოს  აფხაზეთის  აღმასრულებელი  ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები;

ე) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიათა დებულებებს;

ვ) ახორციელებს აფხაზეთის ქონების მართვას;

ზ)  უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალურ დაცვას;

თ) უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების განხორციელებას;

ი)  ახორციელებს  საფინანსო-საბიუჯეტო  ურთიერთობების  რეგულირებას,  შეიმუშავებს  და

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ბიუჯეტის პროექტს, ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

 

კ) მონაწილეობს   მართლწესრიგისა  და  ადამიანის  უფლებათა  დაცვის  ღონისძიებათა განხორციელებაში;

ლ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის საკანონმდებლო აქტებით, აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილებებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 6.

1. მთავრობა საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის კონსტიტუციის, საქართველოსა და აფხაზეთის სხვა საკანონმდებლო აქტების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.

2.  მთავრობის სამართლებრივ აქტს ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე.

3. მთავრობის დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომლის მომზადების, მიღება-გამოცემისა

და  ძალაში  შესვლის  წესი  განისაზღვრება  ნორმატიული  აქტების  შესახებ აფხაზეთის  კანონით.

 

თავი III

მთავრობის ხელმძღვანელობა

და მისი საქმიანობის ორგანიზება

 

მუხლი 7.

1.  მთავრობას   ხელმძღვანელობს   მთავრობის   თავმჯდომარე   რომელსაც   საქართველოს

პრეზიდენტის   თანხმობით    თანამდებობაზე    ნიშნავს    და   თანამდებობიდან    ათავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

2. აფხაზეთის  მთავრობის  თავმჯდომარე  არის  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის

უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

3. მთავრობის თავმჯდომარე:

ა) უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას.

ბ) ხელმძღვანელობს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობას;

გ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს;

დ)კოორდინაციას    უწევს    ადგილობრივ    მმართველობის     ორგანოებთან    მთავრობის

ურთიერთობებს;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას ან/და განკარგულებას;  (სსმ.08.08.2014 წლის #211-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014 წ.,

010340000.30.060.016026)

ვ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის კანონს ან შენიშვნებით უბრუნებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს;

ზ) უფლებამოსილია  თანამდებობიდან   გადააყენოს   აფხაზეთის  აღმასრულებელი

ხელისფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრი; (სსმ.08.08.2014

წლის #211-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014 წ., 010340000.30.060.016026)

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს. (სსმ.08.08.2014 წლის #211-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014 წ., 010340000.30.060.016026)

ი) ასრულებს    ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და უმაღლესი საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს

სესიებს შუა პერიოდში - საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე;

5. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაათავისუფლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის  მოვალეობის  შემსრულებელი. (სსმ.08.08.2014  წლის  #211-ს  კანონი,  ვებგვერდი,

08.08.2014 წ., 010340000.30.060.016026)

6. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით წარადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.( სსმ. 08.08.2014 წლის #211-ს კანონი,ვებგვერდი, 08.08.2014 წ., 010340000.30.060.016026)

7. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას. (სსმ. 08.08.2014 წლის

#211-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014 წ., 010340000.30.060.016026)

 

მუხლი 8.

1. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას. აფხაზეთის მთავრობის ცალკეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობის შესაბამის ახალ წევრს ნიშნავს აფხაზეთის მთავრობის  თავმჯდომარე  2 კვირის  ვადაში. (სსმ.  08.08.2014  წლის  #211-ს  კანონი,  ვებგვერდი,

08.08.2014 წ., 010340000.30.060.016026)

2. თუ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

მუხლი 9.

მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის  წესი  განისაზღვრება  მთავრობის  რეგლამენტით,  რომელსაც  ამტკიცებს  მთავრობა.

 

მუხლი 10.

1. მთავრობის   საქმიანობის  ორგანიზაციული  უზრუნველყოფის,  ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მთავრობის აპარატი.

2. მთავრობის აპარატს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.

3. მთავრობის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის ორგანიზება განისაზღვრება მთავრობის აპარატის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა.

მუხლი 11.

აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში-დაწესებულება) ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ მმართველობის დარგებს ან ახორციელებს დარგთაშორის მართვას და ექვემდებარება როგორც აფხაზეთის მთავრობას, ისე საქართველოს შესაბამის სამინისტროს.

 

მუხლი 12.

აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია: (სსმ. 08.08.2014 წლის #211-ს კანონი, ვებგვერდი, 08.08.2014 წ., 010340000.30.060.016026)

ა)  განათლებისა და კულტურის სამინისტრო;

ბ)  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ)  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

დ) დევნილთა საქმეების დეპარტამენტი;

ე)  იუსტიციის დეპარტამენტი;

ვ) სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი.

 

მუხლი 13.

1. დაწესებულება ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს აფხაზეთის კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. დაწესებულებას აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და დამოუკიდებელი ანგარიში,

ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

3. დაწესებულება ფინანსდება აფხაზეთის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

4. დაწესებულების კომპეტენცია დგინდება აფხაზეთის კანონით ან/და აფხაზეთის კანონის საფუძველზე გამოცემული მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 14.

1. დაწესებულება იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.

2. დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით,

რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.

3. დაწესებულების დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) დაწესებულების საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;

გ)დაწესებულების ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;

დ) დაწესებულების სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;

ე) სხვა არსებით საკითხებს დაწესებულების საქმიანობის ორგანიზების შესახებ.

 

მუხლი 141.

1. საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების გამგებლობაში არსებულ  დაწესებულებას;

2.  საქვეუწყებო  დაწესებულება  იქმნება  სოციალურ-ეკონომიკურ,  კულტურულ  ან  აფხაზეთის

ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად;

3. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ან მთავრობის დადგენილებით;

4. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა, ხოლო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულების  დებულებასა  და  სტრუქტურას  _ ამტკიცებს  მთავრობა  შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით. საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;

5. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს _ მთავრობის თავმჯდომარე შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით;

6.  საქვეუწყებო  დაწესებულება  ფინანსდება  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

(შეტანილია ცვლილება აფხ. საკ. მაცნე #2 მუხლი 8 2005 წელი)

 

მუხლი 142. (შეტანილია ცვლილება აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე #18, 7.12. 2009, მუხლი 33)

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში _ წარმომადგენლობა) წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას.

2. წარმომადგენლობა იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.

3. წარმომადგენლობა იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით.

4.  წარმომადგენლობის  მართვას,  წარმომადგენლობის  მიერ  განხორციელებული  საქმიანობის

კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო_ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მეშვეობით.

5. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დებულებას დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის მთავრობას აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. წარმომადგენლობის დებულებაზე ვრცელდება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" აფხაზეთის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

6.  წარმომადგენლობის   საშტატო  განრიგსა   და   სახელფასო  ფონდს  განსაზღვრავს

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

7. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  აფხაზეთის  მთავრობის  თავმჯდომარე  მთავრობის  დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის

წარდგინებით.

8.  წარმომადგენლობის   ხელმძღვანელის   მოადგილეს   თანამდებობაზე  ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის  აღმასრულებელი  ხელისუფლების  დაწესებულების  ხელმძღვანელი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით.

9.  წარმომადგენლობა  ფინანსდება  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის   რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

 

მუხლი 15.

1. დაწესებულების ტერიტორიული ორგანოები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს მთავრობის დადგენილებით, თუ აფხაზეთის კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. დაწესებულების ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დაწესებულებას.

3. დაწესებულების ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე

ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების ხელმძღვანელი.

 

მუხლი 16.

დაწესებულების ხელმძღვანელი:

ა)   წარმართავს   დაწესებულების   საქმიანობას   და   წყვეტს   დაწესებულების   გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ)   თვალყურს   ადევნებს  დაწესებულების  სტრუქტურული  ქვედანაყოფებისა  და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას  დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და

თანამდებობიდან  ათავისუფლებს    დაწესებულების   საშტატო   განრიგით  გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;

დ)  მთავრობის  თავმჯდომარეს  წარუდგენს  წინადადებებს  დაწესებულების  შემოსავლისა  და

გასავლის  საკითხებზე  და  აუცილებლობის  შემთხვევაში  -  დამატებითი  ბიუჯეტის  პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს დაწესებულების საქმიანობის შესახებ;

ვ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

ზ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის კანონებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

 

მუხლი    161.   

(შეტანილია    ცვლილება    აფხაზეთის    საკანონმდებლო    მაცნე    #11    მუხლი#35,11.05.2006)

1.  აფხაზეთის  მინისტრის  თანამდებობის  შემოღების  საკითხი  წყდება  აფხაზეთის  მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად.

2.  აფხაზეთის  მინისტრის  უფლებამოსილება  და  კომპეტენციის  ფარგლები  განისაზღვრება  ამ

კანონითა და აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით.

3. აფხაზეთის მინისტრი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას;

ბ)  ახორციელებს  აფხაზეთის  აღმასრულებელი   ხელისუფლების  დაწესებულებების ხელმძღვანელისათვის  ამ  კანონითა  და  სხვა  საკანონმდებლო  აქტებით  მინიჭებულ უფლებამოსილებას;

გ) ასრულებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

4. აფხაზეთის მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს აფხაზეთის მინისტრის აპარატი, რომლის დებულებას ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობა.

5. აფხაზეთის მინისტრის აპარატის სტრუქტურას და საშტატო განრიგს განსაზღვრავს აფხაზეთის მთავრობა.

 

მუხლი 17.

1. დაწესებულების  ხელმძღვანელს  ჰყავს  პირველი  მოადგილე  და  მოადგილეები, რომელთა

რაოდენობა    განისაზღვრება    დაწესებულების    დებულებით,   ხოლო   უფლებამოსილებანი    -

დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.

2.  პირველი  მოადგილე  ხელმძღვანელობს  დაწესებულების  საქმიანობას  და  კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას დაწესებულების ხელმძღვანელის არყოფნისას.

3. დაწესებულების ხელმძღვანელის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.

4. დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომა ან სხვა საფუძველზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს ხელმძღვანელის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.(შეტანილია ცვლილება აფხ. ა/რ საკ. მაცნე #2 მუხლი 8, 24.01.2005)

 

თავი IV

სათათბირო ორგანოები

 

მუხლი 18.

1. მთავრობას, მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობის  წევრს ცალკეულ საკითხთა შესწავლისა

და შესაბამისი წინადადებების შემუშავების მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები.

2. სათათბირო ორგანო იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხების მოსამზადებლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად, მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრი.

 

თავი V

სამსახურებრივი ზედამხედველობა

 

მუხლი 19.

1.   სამსახურებრივი    ზედამხედველობის    მიზანია    დაწესებულების,   მისი    სტრუქტურული

ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.

2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:

ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;

ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;

გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად.

3.   სამსახურებრივი   ზედამხედველობის   განხორციელებისას   მთავრობის   თავმჯდომარე   და

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.

 

მუხლი 20.

1. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს დაწესებულებათა ხელმძღვანელების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი

მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

 

მუხლი 21.

1. დაწესებულების ხელმძღვანელი ზედამხედველობს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებას და მიზანშეწონილობას.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა და დაწესებულების სხვა თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, აფხაზეთის კონსტიტუციას, საქართველოსა და აფხაზეთის კანონებს, აფხაზეთის

 

უმაღლესი  საბჭოსა  და  მთავრობის  დადგენილებებს,  დაწესებულების  ხელმძღვანელის ბრძანებებს.

3. დაწესებულების  ხელმძღვანელი  უფლებამოსილია  ძალადაკარგულად  ცნოს  ამ  მუხლის  მე-2

პუნქტში მითითებულ პირთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.

4.   დაწესებულების   ხელმძღვანელს   უფლება   აქვს   დაწესებულების   თანამდებობის   პირების

მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებლ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.

 

მუხლი 22.

1. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური  სამართლებრივი  აქტი  ან  მოქმედება, რომელიც  გამოცემული  ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზებისას, აგრეთვე სხვა აქტი ან მოქმედება, რომლის გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან.

2. მიზანშეუწონლობის  მოტივით  აქტის  ან  მოქმედების  ძალადაკარგულად  ცნობა  უნდა  იყოს დასაბუთებული.

 

თავი VI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 23.

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში:

ა) რეორგანიზებულ იქნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროები, აფხაზეთის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტები, აფხაზეთის ენის სახელმწიფო პალატა და მათ ბათ ბაზაზე შეიქმნას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო;

ბ)ამოღებულ იქნეს (სსმ.ვებგვერდი, 28.11.2013, 28 ნოემბრის #180 კანონი)[ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან]

გ) )ამოღებულ  იქნეს(სსმ.ვებგვერდი, 28.11.2013, 28 ნოემბრის  #180 კანონი)[ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან]

დ) რეორგანიზებულ იქნენ აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები, აფხაზეთის შრომისა და დასაქმების და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტები და მათ ბაზაზე შეიქმნას აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ე) ამოღებულია (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე #1, მუხლი 2, 31.01.2006)

ვ) რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და მის ბაზაზე შეიქმნას დევნილთა საქმეების დეპარტამენტი;

ზ) რეორგანიზებულ იქნენ აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო და მთავარი საარქივო სამმართველო და მათ ბაზაზე შეიქმნას იუსტიციის დეპარტამენტი;

ზ1) ამოღებულია (აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე #1,  მუხლი 2, 31.01.2006)

თ) გაუქმდეს აფხაზეთის ინფორმაციის სამინისტრო, აფხაზეთის საგანგებო საქმეთა სამინისტრო, აფხაზეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრი, აფხაზეთის მიწის მართვის სამმართველო, აფხაზეთის  ეროვნულ  უმცირესობასთან  მუშაობის  სამმართველო,  აფხაზეთის  სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია, აფხაზეთის მცენარეთა საკარანტინო     სახელმწიფო    ინსპექსია,    კორპორაცია   _  აფხაზთამბაქო    ;,კორპორაცია  _ პურპროდუქტები;, აფხაზეთის კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველო, აფხაზეთის ანტიმონოპოლიური სამსახური, აფხაზეთის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველო, აფხაზეთის შრომისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, აფხაზეთის ინვალიდთა საქმეების დეპარტამენტი, აფხაზეთის მრეწველობის სამმართველო, აფხაზეთის გაზისა და ნავთობპროდუქტების სამმართველო, აფხაზეთის წვევამდელთა გაწვევის მთავარი სამმართველო, აფხაზეთის მცირე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი, აფხაზეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი, ვეტერინარიის სამმართველო, აფხაზეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტი, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, აფხაზეთის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი, აფხაზეთის სავაჭრო პალატა.

(შეტანილია ცვლილება საკანონმდებლო მაცნე #2, მუხლი 8, 24.01.2005)

თ1)  გაუქმდეს  გაზეთი  ,,აფხაზეთის  ხმა"  (აფხაზეთის  საკანონმდებლო  მაცნე  #14,  მუხლი  62, მუხლი 8, 08.07.2005)

2. აფხაზეთის მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული დაწესებულებების რეორგანიზაციასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

3. ლიკვიდირებულ  იქნეს  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  ფინანსთა სამინისტრო.(სსმ.,  ვებგვერდი,  24.12.2013წ.,18  დეკემბრის  #182-ს  კანონი)[ამოქმედდეს  2014 წლის 16 იანვრიდან]

4. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო. (სსმ., ვებგვერდი, 24.12.2013წ.,18 დეკემბრის #182-ს კანონი)[ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან]

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაითვალოს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. (სსმ., ვებგვერდი, 24.12.2013წ.,18 დეკემბრის #182-ს კანონი)[ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან]

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ   ძალას  უფლებამონაცვლე   დაწესებულების   მიერ   ახალი   აქტების   გამოცემამდე. ამასთან, ზემოაღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე დაწესებულებას. (სსმ., ვებგვერდი, 24.12.2013წ.,18 დეკემბრის #182-ს კანონი) [ამოქმედდეს 2014 წლის 16 იანვრიდან]

7.  აფხაზეთის  ავტონომიური   რესპუბლიკის  ფინანსთა   სამინისტროსა  და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული  ღონისძიებების  განხორციელება. (სსმ., ვებგვერდი, 24.12.2013წ.,18 დეკემბრის #182-ს კანონი) [ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე]

 

მუხლი 24.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

თავმჯდომარე                                თ. მჟავია

 

2004 წლის 25 ნოემბერი

<< უკან