ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
         
03 04 06 07 08 09
10 12 13 15 16
18 19 22 23
27 28 29 30

 

ახალი ამბები

ვახტანგ ყოლბაიამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით სენაკსა და ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ომის დროს  დაღუპული სამხედროების თემურ ბოკუჩავასა და ბადრი ბერანძის საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„2008 წლის აგვისტო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ ბიჭებმა სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად. აგვისტოს საზარელმა დღეებმა მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და ტერიტორიები დროებით დაგვაკარგვინა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ ვკარგავთ. ყოველი ჩვენთაგანის ვალია ამ გმირების სახელები სამუდამოდ უკვდავვყოთ", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ

კაპრალ თემურ ბოკუჩავას მეუღლის მაია ცეცხლაძის ინიციატივით, თემურ ბოკუჩავას სახელობის სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში, წარმატებული მე-12 კლასელისთვის ოჯახის დაფინანსებით მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება.

კაპრალი თემურ ბოკუჩავა 1983 წელს სოხუმში დაიბადა. ის ათი წლისაც არ იყო, როდესაც მშობლიური ქალაქის იძულებით დატოვება მოუწია. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მის სახელს ატარებს.  2001 წელს ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა სენაკში, იყო კოდორის ხეობაში, ცხინვალის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში. დაიღუპა 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის (სიკვდილის შემდეგ).

კაპრალი ბადრი ბერანძე 1987 წელს გალში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ ის ქობულეთში იზრდებოდა. იგი ყოველთვის მშობლიურ მხარეში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 2008 წლის 8 აგვისტოს ის 21 წლის გახდა და იმავე დღეს ცხინვალთან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).

<< უკან