ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      03 04
06 08
12 13
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

 

ახალი ამბები

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე პარლამენტში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების" ორგანიზებით დღეს პარლამენტში, თემაზე: „დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ექსპერტებთან ერთად აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებზე" კონფერენცია გაიმართა.

ფრაქციის თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის განმარტებით, ფრაქცია აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე შექმნის დღიდან მუშაობს, ხოლო კონფერენციის გამართვის იდეა საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წარმოიშვა.

კონფერენციაში მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური მიესალმა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი პირობებით გამოირიცხა შეიარაღებული გზით და „ხელების გადაგრეხვის პრინციპით საქართველოს გამთლიანებისკენ ხედვა" და რჩება მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გზა.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე აფხაზურ მხარესთან ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, არსებობს კონფლიქტების მოგვარების პროცესის ადგილიდან რეალურად დაძვრის განწყობა და შესაბამისი მზაობაც.

ოსურ მხარესთან ურთიერთობაში არსებული სიტუაცია ცალკეული სფეროების მიხედვით, თემატურად მიმოიხილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, მადინა გაგიევამ. მისი ინფორმაციით, ის ტაძრები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

კონფერენციაზე კონფლიქტებთან მიმართებაში თანამედროვე მეთოდოლოგიის კონცეპტუალური მოდელების გამოყენების შესაძლებლობები განიხილა ანალიტიკოსმა ბესიკ ობოლაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ჯემალ გახოკიძემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, დაიწყოს შემორიგება და დიალოგი. მან მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მაგალითები მიმოიხილა. მისი განმარტებით, დიალოგის, მოლაპარაკებების და შერიგების წინმსწრებად წინაპირობა უნდა მომზადდეს.

აფხაზურ და ოსურ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირების საკუთარ ხედვებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა. მისი განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მსჯელობები და დისკუსიები საზოგადოებრივ მაუწყებელზეც უნდა მიმდინარეობდეს. პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის მოსაზრებით, კი მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარების მოდელების გათვალისწინებით, საჭიროა საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მორგებული ახალი მოდელი შემუშავდეს.

<< უკან