ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 03 05 06
07 09 11 12 13
16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვა

ძმებო ოსებო!

დადგა დრო, როცა გაჩუმება ღალატის ტოლფასია, უმოქმედობა კი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც კაცობრიობის განვითარების ისტორიამ არა ერთი და ორი მაგალითით ამხილა. ჩვენ ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილი და თავჩაქინდრული მოსალოდნელი კატასტროფის წინაშე, რომლის განხორციელებაც ქართულ მიწაზე ჩვენს საერთო მტრებს განუზრახავთ. რეფერენდუმად წოდებული პროვოკაცია, რომელიც ფორმალურად სამხრეთ ოსეთის სახელის გადარქმევით იწყება, სინამდვილეში ანექსიის საწყისი ეტაპია, რომელიც საქართველოში მცხოვრები ოსების უსამშობლოდ დატოვებასაც გულისხმობს. რაც მთავარია, კიდევ უფრო ვერაგულია ჩანაფიქრი, როდესაც კრემლი და მოღალატე ოსი ხელმძღვანელები თქვენი ხელით ფიქრობენ ამ ისტორიული უსამართლობის განხორციელებას. ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის გზას არავითარი საერთო არა აქვს საქართველოში მცხოვრებ ოსი ხალხის ნებასთან და ჩვენი ძმების თავისუფალ არჩევანთან. როგორც იტყვიან, ეს დასასრულის დასაწყისია, რომლის ბოლომდე მიყვანასაც, ანუ რუსულ „სამშობლოსთან", ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას, კრემლი მაშინ განახორციელებს, როცა საჭიროდ მიიჩნევს. ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოში მცხოვრები ოსი ხალხი ამას დაუშვებს და თვითგანადგურების ღილაკს ხელს დააჭერს.

ჩვენო ძმებო! ნუ დაემორჩილებით მოღალატეთა მიერ ჩაფიქრებულ დანაშაულს, რომელთაც თქვენი დევნილებად და მიუსაფარ ადამიანებად ქცევა გადაუწყვეტიათ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ქართული მიწის გადატანას რუსეთში ვერავინ შეძლებს. ის ხელუხლებელია, უნიკალურია, მცირე ერების სამშობლოა, რომელსაც ღვთისმშობლის კალთა აქვს გადაფარებული.

უდიდესი ოსი მწერალი და ოსური ლიტერატურის ფუძემდებელი კოსტა ხეთაგუროვი თავის მოთხრობას „ჩვენს მთებში" ასე ასრულებს: „თუკი კავკასიაში ჩასულხარ და საქართველო არ გინახავს, მაშინ არც კავკასია გინახავს, მეგობარო!" ასე აღიქვამდა ოსი კლასიკოსი ჩვენს ქვეყანას. საგულისხმოა, რომ ამ სიტყვებს რუს მოგზაურს ეროვნებით ოსი მწყემსი ეუბნება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ოსები საქართველოს მუდამ თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ისევე ამაყობდნენ მისით, როგორც რიგითი მეგრელი, სვანი ან კახელი.

ქართული, მშობლიური მიწა იყო და იქნება თქვენი ყველაზე სანუკვარი სამშობლო. ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. ნებით ნუ დაიდგამთ მონობის უღელს, რომლის ტარებაც არც თქვენ არც არავის ძალუძს დედამიწაზე. ნუ მოუშლით საკუთარ ერს საუკუნეების მანძილზე ნაწრთობ ქართველთა და საქართველოში მცხოვრებ ოსთა ძმობას. ნუ გადაიქცევით საქართველოში მცხოვრები ოსი ხალხის მოღალატეთა მძევლებად. ჩვენი თანაცხოვრების ჭირ-ვარამით გაჯერებული ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ერთად ვიყავით ყველგან, ომში, ჭირში, ლხინში, მტრობა-მოყვრობაში, ჩხუბშიც კი. ერთად ვეწეოდით ყოველდღიურ რუტინას და ერთად ვლახავდით ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას. ამაში კი არაჩვეულებრივს ვერაფერს ვხედავდით. ჩვენ ხომ ერთი რწმენა, მეზობლობა, ერთმანეთის პატივისცემა, სისხლით ნათესაობა, საუკუნეების მანძილზე ერთად განვლილი ცხოვრების მადლი გვაერთიანებდა.

რატომ გავითიშეთ? ვინ შეძლო ეს? როგორ მოხერხდა ერთ ქართულ მიწაზე მცხოვრები სამი ძმის: ქართველების, ოსების, აფხაზების ერთმანეთის სისხლში ამოსვრა და მათ სამუდამო გაყრაზე დღენიადაგ ზრუნვა. თავად ჩვენ ხომ არ მიგვიძღვის უპირველესი ბრალი ძმათა მკვლელ ომში რომ ჩავერთეთ და უმოწყალოდ ვხოცავდით ერთმანეთს. ვინ გადაგვეღობა საკუთარი შეცდომების აღიარებისა და მონანიების გზაზე? ვინ ჩაგვაგონა, რომ ნდობის მოპოვება, ჩატეხილი ხიდის აღდგენა შეუძლებელია. რატომ არ ვიბრძვით გამეტებით საკუთარი უფლებებისთვის, რომელიც ყოველი ჩვენგანის უზენაესი უფლება და მოვალეობაა. ვინ აღმართა ჩვენ შორის ჩინური კედელი ყველამ ვიცით, მაგრამ ეტყობა, არავის სჯერა, რომ ამ კედლის გადალახვაც შესაძლებელია. როგორ? ერთიანობით, პატიებით,ნდობის აღდგენით, ერთმანეთის ინტერესების დაცვით და გვერდში დგომით. დროა, სიტყვები მოქმედებაში გამოვცადოთ. გიწვდით ძმურ ხელს, გიდასტურებთ სიყვარულსა და პატივისცემას, მოვინანიოთ ერთად ჩვენი შეცდომები და უშიშრად შევუდგეთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გზას. ერთად ვილოცოთ, შეცდომები მოვინანიოთ და ერთმანეთს მივუტევოთ. ამას გვასწავლიდნენ დიდი წინაპრებიც, რომელთაც ჩვენი საერთო სამშობლო აქამდე მოგვიტანეს და მომავალ თაობებს ჩაგვაბარეს.

ისტორიული კანონზომიერება და დარღვეული წონასწორობა უნდა აღვადგინოთ. მადლიან ქართულ მიწა-წყალზე ქართველები, ოსები, აფხაზები, სომხები და სხვა ერის წარმომადგენლები საუკუნეები ერთად ცხოვრობდნენ და დარწმუნებული ვართ, ასე გაგრძელდება მუდამ. უფალი იყოს ჩვენი შემწე და მეგზური ერთიან ქართულ სახელმწოფოში ქართველების, აფხაზებისა და ოსების გაერთიანების გზაზე!

ელგუჯა (გია) გვაზავა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

<< უკან