ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02 03
05 06 07 08 09 10
13 16 17
23 24
26 27 28 29 30  

 

ახალი ამბები

ვახტანგ ყოლბაია მე-14 საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" დაესწრო.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ტარდება ყოველწლიურად და ამ ფორუმის ჩატარება შემთხვევითი არ არის ქ. ბათუმში, რამეთუ აჭარა არის საქართველის ის ნაწილი, რომელიც ავტონომიას წარმოადგენს და ეს ნიშანია იმისა, რომ სოხუმსაც შეეძლო ამდაგვარი სტატუსით მიეღო მონაწილეობა ყველა იმ ღონისძიებებში და პრაქტიკულ პროექტებში, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს საქართველოში.

მოხარული ვარ, რომ ეს ფორუმი არის ძალიან წარმომადგენლობითი. ბევრი მნიშვნელოვანი პერსონაა წარმოდგენილი ევროკავშირიდან, ადამიანები, რომლებიც წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს. ხალხი, რომელსაც აქვს გაცნობიერებული ის პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მრავალი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. ეს საინტერესოა ჩემთვის, როგორც აფხაზეთის წარმომადგენლისათვის.

სწორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზებს ჩვენ ვუწვდით ხელს, ღია არის მათთვის ევროპის კარი და მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელიც ევროპას გააჩნია და რომელსაც იღებს საქართველო.

სამწუხაროდ ამ ეტაპზე ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას არ შეუძლია ისარგებლოს იმ სიკეთით, რომელსაც ევროკავშირი იძლევა. დარწმუნებული ვარ ეს დრო მალე დადგება, რადგან ყოველივე რაც კეთდება, კეთდება იმისათვის, რომ ხალხმა იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, იყოს დაცული ყველა სახის საფრთხისაგან, რომელსაც მოიცავს ის ჩაკეტილობა, რომელშიც დღეს ჩემი აფხაზეთი იმყოფება," - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

<< უკან