ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            01
02 03 07
12 13 15
17 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 

ახალი ამბები

67 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი გარდაიცვალა

სრულიად საქართველომ, ქართულმა თეატრმა, საზოგადოებამ, ჯაიანების ოჯახმა, გვარმა, მრავალრიცხოვანმა ნათესაობამ და სამეგობრომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - 67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქ. სენაკის საპატიო მოქალაქე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ათეული წლების განმავლობაში, 1999-2004 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი.

დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ სენაკში, თავადური წარმოშობის ოჯახში. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდან დაჰყვა და, საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მთელი ცხოვრება ხელოვანის ნარეკლიანი გზებით იარა, ყველასგან გამორჩეული პიროვნული და პროფესიონალური ნიშნით.

თეატრის უპირველესი დანიშნულება ხომ ისაა, დაგაინტერესოს, ჩაგითრიოს, შეგძრას, ზოგადს, ცხოვრებისეულს და პიროვნულსაც შეეხოს. დიმა ჯაიანის მრავალრიცხოვანი როლები, შესანიშნავი სცენური თუ ეკრანული სახეები სწორედ რომ გაინტერესებდა, ჩაგითრევდა, შეგძრავდა...

,,როცა მის ნამუშევრებს ვუყურებ, არ შეიძლება, მან არ აგაღელვოს, გულგრილი დაგტოვოს...ის გამორჩეული მსახიობია! არიან ისეთებიც, რომელნიც მას ჭარბ ემოციურობას, თავდაუზოგავ ენერგეტიკას, თამაშის ზეაწეულ, რომანტიკულ მანერას ნაკლადაც უთვლიან! მე მათ რიცხვს არ განვეკუთვნები, პირიქით, მე სწორედ ეს თვისებები მხიბლავს, მას ყველაზე დიდ სიამოვნებას სცენური თავდავიწყება სძენს.“
ასე აფასებენ ამ მართლაც გამორჩეული ინდივიდუალობის, თვითმყოფადობის და განსხვავებული პროფესიული ხასიათის მქონე მსახიობის შემოქმედებას მისი უპირველესი შემფასებლები, ქართული თეატრის კორიფეები, პირველი მასწავლებლები, ისინი, ვისთანაც გაიზარდა, ჩამოყალიბდა, შედგა!

დიმა ჯაიანს თითქოს თან დაჰყვა მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერის თვისებები... - არა პირველობის, არამედ ლიდერობის. იგი იყო მზრუნველი, ყურადღებიანი, შემოქმედებითი დისციპლინის, წესრიგის და სამართლიანი ურთიერთობების მკაცრი მცველი და ქომაგი... უამრავი საქმიანი შეხვედრის თუ მეგობრული თავშეყრის ორგანიზატორი, შეუცვლელი თამადა ყველას იუბილეზე, თავკაცი ჭირსა თუ ლხინში....
მას უპრეცენდენტოდ ახალგაზრდულ ასაკში, 38 წლისას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის , კიდევ უფრო ადრე სოხუმის კოლორიტის, ცოტა მოგვიანებით კი ,,ადამიანი-სიმბოლოს” წოდება. არ შეიძლება არ დავეთნხმოთ ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტოროს, პროფესორ მერაბ გეგიას შეფასებას: ,,დიმა ჯაიანი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი, იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მთლიანად გაიზიარა დიდი ტრაგედიების მქონე მებრძოლი დევნილი თეატრის ბედი და თავადაც იქცა ამ თეატრის მომავლის არქიტექტორად. მხოლოდ პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუპოვრობა, საკუთარი საქმისადმი უსაზღვრო სიყვარული რომ არა, რა გადაარჩენდა შენობის გარეშე დარჩენილ თეატრს, უსახლკაროდ დარჩენილ სოხუმელთა დასს. ქვეყანაში შექმნილ ისედაც გაუსაძლის პირობებში, სიცივესა და სიბნელეში. ასეთი თეატრის ხელძღვანელობა ხომ ტვირთია. თუმცა კი წმინდათა-წინდა, მაგრამ მაინც ტვირთი.“

ეს სიმძიმე დიმამ საკუთარი მხრებით ზიდა.

დიმა ჯაიანის ცხოვრება მისი წარმატებული შემოქმედებით, არაერთგვაროვანი და ზოგჯერ მოულოდნელი პარალელებით ისეთივეა, როგორც მისი სათაყვანებელი ქვეყანა და მშობლიური თეატრი - ტრაგიკული მოვლენებით, სევდით, გულისტკივილით, თავბრუდამხვევი წარმატებითა და მოულოდნელი სიხარულით.

ბოლო წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა დიმა ჯაიანის, როგორც ლიდერის, ხელმძღანელის ორგანიზატორულმა თვისებებმა, საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ, მოგვევლინა შესანიშნავი ტელეწამყვანის როლშიც, როგორც გონიერი, ფართო დიაპაზონის მსახიობი, შესანიშნავი მთხრობელი, ორატორი, პოეზიით გატაცებული და საინტერესო დეკლამატორი, წარსულის აწმყოსთან შემაკავშირებელი, განსაკუთრებული სიყვარულის და პატივისცემის წარმომჩენი საკუთარი ქვეყნის, ხალხის, მისი სათაყვანებელი აფხაზეთის მიმართ.
,,შენ რომ ვინმემ გული ამოგგლიჯოს და ხატის წინ დადოს, მასზე დიდი ასოებით იქნება ამოტვიფრული ერთადერთი სიტყვა ,,აფხაზეთი“ ... ,,მახსოვს, პირველივე ლექციაზე ყველა სტუდენტს გამოვკითხე, ვინ სად აპირებდა სამუშაოდ წასვლას, შენ თქვი - სოხუმშიო, იმ მხარის კაცი ვარო...“

სტუდენტობის დროს აღიარებულ ამ პიროვნულ ჭეშმარიტებას დღეს უკვე ზეციურ საქართველოში გადასული ჩვენი დიმა თითქოს ,,მთვარის მოტაცების” ერთ-ერთი გმირის სიტყვებით ეხმიანება: ,,უთქვამი სიტყვის ბატონი ვარ და მბრძანებელი, ხოლო ნათქვამის - სიკვდილადე მონა-მორჩილი”.


ასე სწამდა, ასე იცხოვრა, ასე წავიდა!

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

<< უკან