ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

ინტერვიუები

ვახტანგ ყოლბაია: 8 წელი გავიდა! ამ ომს გამარჯვებულები არ ჰყავს

ზუსტად 8 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებლობა".

ამასთან დაკავშირებით, 25 აგვისტოს ოკუპირებილ აფხაზეთში გაიმართა „მრგვალი მაგიდა", რომელიც მიეძღვნა ხსენებული აღიარების 8 წლისთავს და რომელზეც დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიბკამ განაცხადა, რომ „ასრულდა აფხაზთა მრავალ თაობათა ოცნება".

ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ხაზგასმით დააფიქსირა თავისი აზრი:

„ჩვენ არ ვიღლებით და არც დავიღლებით მშვიდობიან გზებზე სიარულით. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებს არ სჭირდებათ, აუცილებელია ის აფხაზებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძმობისა და ნათესაობის კვალს ვერ წაშლის ვერც წლები და ვერც საუკუნეები. ომს გამარჯვებულები არა ჰყავს. ყველა მხარე დამარცხებულია. ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აფხაზების ნდობა უნდა აღვადგინოთ. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაც და საქმიანობაც, ამ ფაქტორების გასააქტიურებლადაა მიმართული. აფხაზეთის რეინტეგრირება დედასამშობლოს წიაღში კი, უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. ხელშემწყობი ფაქტორები შემდეგია: საქართველოს მთავრობის სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით", რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ეკონომიკური ურთიერთობები, სახალხო დიპლომატია, განათლება, ჯანდაცვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; 20 წელზე მეტი გავიდა იმ ტრაგედიიდან. აგრესიული რიტორიკა, რომელსაც მესამე ძალა ახორციელებს, მოქმედებს საზოგადოების განწყობაზე, მით უმეტეს, როცა აფხაზეთი პოლიტიკურ იზოლაციაშია და მოკლებულია ქართველებთან დიალოგს. თაობები აღიზარდნენ ამ სიძულვილის რიტორიკით, თუმცა ჰუმანიტარული ფაქტორები სერიოზულ როლს ასრულებს. ვფიქრობ, აფხაზები დღითიდღე რწმუნდებიან და კიდევ უფრო დარმწუნდებიან, რომ ქართველები მათი მტრები არ არიან. უბრალოდ, წნეხში არიან და ამის საჯაროდ აღიარება არ შეუძლიათ"- აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.

<< უკან