ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

ინტერვიუები

ვახტანგ ყოლბაია: “აფხაზური საზოგადოება თავად უნდა მომწიფდეს გადაწყვეტილებების მისაღებად”

 

- ბატონო ვახტანგ, წელს ოკუპირებულ აფხაზეთში .. დამოუკიდებლობის უკვე 24 წელს აღნიშნავენ. ამ ხნის განმავლობაში თბილისსა და სოხუმში თაობები იცვლება, გაუცხოება იზრდება. შესაბამისად, აფხაზური და ქართული საზოგადოებები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან. ამას ემატება რუსული პროპაგანდაც, რომლის შედეგად ახალგაზრდა აფხაზები ქართველების მიმართ უნდობლობისა და მტრობის განწყობით იზრდებიან. თავად თბილისშიც 1990-იანი წლების მოვლენები რაციონალურად და სრულყოფილად ამ დრომდე არ არის შეფასებული. ამ ვითარებაში რამდენად პერსპექტიულად გესახებათ კონფლიქტის მოგვარება?

- დღევანდელ მსოფლიოს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ქვეყნები და უმაღლესი პოლიტიკური ელიტების წარმომადგენლები კონფლიქტების პრევენციაზე გაცილებით ნაკლებ ენერგიას და დროს ხარჯავენ, ვიდრე მათ დარეგულირებაზე. ომის დაწყება იოლია, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კონფლიქტური სიტუაციის დალაგება - გაცილებით რთული, მას ათეული წლები სჭირდება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ამის ნათელი მაგალითია.

კონფლიქტების მოწესრიგებას თავისი პირობები ახლავს, რომელთა შეუსრულებლობა პროცესს აჭიანურებს. მართალს ბრძანებთ: წლები მიდის, თაობები იცვლება, გაუცხოება მატულობს, აფხაზეთის ახალგაზრდობა ჩვენს მიმართ მტრულ გარემოში იზრდება... ამავე დროს, მსოფლიოც იცვლება, ჩნდებიან ახალი პოლიტიკური მოთამაშეები, სახეზე გვაქვს საგარეო ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებლობა კონფლიქტს დადებითად ვერ გადაწყვეტს. საგარეო ფაქტორებში ვგულისხმობ არა მარტო რუსეთს, ამერიკას ან ევროპას, არამედ ჩვენს სამეზობლოსაც: სომხეთს, აზერბაიჯანს, ირანს და თურქეთს.

ავიღოთ თუნდაც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემა. გარდა იმისა, რომ მისი აღდგენა ჩვენთვის წამგებიანია პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც, მასზე სხვა საგარეო ფაქტორებიც ახდენს ზეგავლენას. ამ საკითხის ამოწევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება ბაქოსა და ერევანში: ერევანში - დადებითი, ბაქოში - უარყოფითი. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის ფაქტორიც ზემოქმედებს სომხეთზე და აზერბაიჯანზეც. თუ ავიღებთ ირანს, ისიც სწორედ აზერბაიჯანზე და სომხეთზე ახდენს გავლენას. ასე, რომ ამ კონფლიქტში ყველას თავისი ინტერესები აქვს. ზოგჯერ ეს გლობალური ხასიათისაა, ზოგს რეგიონალური დატვირთვა აქვს, ზოგიც ორმხრივი წინააღმდეგობით გამოირჩევა.

აი, ჩვენ „ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერაზე გამუდმებით გველაპარაკებიან, გვიკიჟინებენ სოხუმიდან და მოსკოვიდან, რომ ქართული მხარე შეგნებულად არ აწერს ხელს ამ დოკუმენტს. კითხვებსაც ხშირად გვისვამენ უცხოეთშიც და შინაც, რატომ არ ვაწერთ ხელს... ცეცხლის განუახლებლობის შესახებ არაერთხელ გაკეთებულა განცხადება ჟენევის ფორმატშიც. სპეციალურად იყვნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სახელმწიფოს დონეზე გაკეთებული განცხადება, რომლის ავტორია ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარე, პარლამენტი, შეუვალია და საერთაშორისო სამართლის პრინციპის თვალსაზრისით, იმის გარანტიაა, რომ ქვეყანა იღებს ვალდებულებას ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე. ასეთი მიდგომა არ მოსწონს არც სოხუმს, არც ცხინვალს და არც მოსკოვს. რატომ? - ქართული ხელმოწერა მათთვის სხვა კუთხით არის უფრო მნიშვნელოვანი. აფხაზეთი და ოსეთი ქართული ტერიტორიებია, რომელსაც საქართველო მხოლოდ დროებით ვერ აკონტროლებს. პროგრესული მსოფლიო მხარში გვიდგას და ამ ტერიტორიებს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში აღიარებს. წარმოიდგინეთ, საკუთარ ტერიტორიაზე აფხაზურ, გნებავთ, ოსურ მხარესთან საქართველომ რომ საკუთარი საზღვრების ფარგლებში დადოს ხელშეკრულება ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე... ეს ხომ ნონსენსია! გამოდის, რომ ჩვენვე უნდა ვაღიაროთ საქართველოს ეს ძირძველი ტერიტორიები დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტებად.

არსებობს კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა დანარჩენი. ბალკანეთის ომს მოჰყვა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს აღიარება, ანუ მოხდა გაეროს მიერ აღიარებული და ხელშეუხებელი საზღვრების გადახედვა, რამაც გამოაღვიძა მიძინებული სეპარატიზმი და იგი მსოფლიოს სერიოზულ თავისტკივილად უქცია. რაც მთავარია, სეპარატიზმის პირველი შედეგები, მოსკოვის დიდი მეცადინეობით, იწვნია საქართველომ, რომელიც საკუთარი ტერიტორიების 20 პროცენტს დროებით ვეღარ აკონტროლებს. საქართველო, მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ მის პრინციპულობასა და მოთმინებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ განსაზღვრა ისიც, რომ ჩვენ მუსლიმური ქვეყნების მეზობლად ვცხოვრობთ, რომელიც არაერთგვაროვანია თავისი დადებითი და უარყოფითი გამოვლინებებით. ამიტომ და კიდევ მრავალ მიზეზთა გამო საქართველო ვერ გახდება სეპარატიზმის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველგანაა დადარაჯებული - შუაგულ ევროპაში, ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, აფრიკასა და თვით ამერიკაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე.

"ბრექსითის" სკანდალმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დიდი საფრთხის შემცველია მსოფლიოსთვის პოლიტიკური შეცდომები, რომელმაც გლობალური მსოფლიოს არსებობას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას და სეპარატიზმის აყვავებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას. სეპარატიზმის წახალისება არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ტერიტორიული თავდასხმები, ომები და მოუგვარებელი კონფლიქტები, რომელსაც მიუსაფარ ადამიანთა მასობრივი ტალღა ახლავს. სამწუხაროდ, ასეთი საფრთხეები დღეს მოჭარბებული დოზით გვაქვს.

აფხაზეთის თემას და ჟენევის მოლაპარაკებებს რომ დავუბრუნდეთ, სოხუმში და რუსეთში აპელირებენ იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი იმიტომ იყო შექმნილი, მხარეებს რომ ცეცხლის განუახლებლობაზე ხელი მოეწერათო. რა თქმა უნდა, ეს არ არის მართალი. ჟენევის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი და მოთხოვნა იყო დევნილთა პრობლემის მოგვარება და აფხაზეთის სტატუსის დადგენა საქართველოს შემადგენლობაში. დევნილთა დაბრუნების საკითხზე აფხაზებს გაგონებაც არ უნდათ, არც აფხაზეთის სტატუსის დადგენა სურთ საქართველოს შემადგენლობაში. ამ საკითხებს შეგნებულად და პრინციპულად გვერდს უვლიან. ეს კი მოლაპარაკებებს პრობლემებს უქმნის. ვფიქრობ, ჟენევაში დევნილთა დაბრუნების საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც, მართალია, ძალიან პრობლემატურია, მაგრამ მასზე აფხაზების მხრიდან ტაბუს დადება არაფერს მოგვცემს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ყველა ეს თემა და გადაწყვეტილების გზები გამოვნახოთ. გორდიას კვანძი უნდა გაიხსნას - უნდა ეს მოსკოვს თუ არა, აწყობს მას ეს თუ არა. მაშინ კონფლიქტის მოგვარების გზებიც მკაფიოდ გამოჩნდება. ეს კი კონფლიქტის გადაწყვეტის პერსპექტივაა.

- როგორც ვიცი, თქვენც გაგაჩნიათ კავშირები აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან. დე ფაქტო ხელისუფლება ტრადიციულად, ნეგატიურად აფასებს ოფიციალური თბილისის ნებისმიერ ინიციატივას. თუმცა ერთია საჯაროდ დაფიქსირებული პოზიცია, მეორე - რეალურად არსებული მოსაზრება, რომელსაც საჯაროდ გასაგები მიზეზების გამო ვერ აფიქსირებ. ამასთანავე, აფხაზური ხელისუფლების განწყობები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აფხაზური საზოგადოებისას ხშირად არ ემთხვევა (ეს, მაგალითად, ახლახანს რუსეთსა და აფხაზეთს შორის .. შს ერთობლივი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დაარსების ისტორიამაც გამოავლინა). რას ფიქრობენ საქართველოსთან, ქართველებთან და ერთობლივ მომავალთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეები და აფხაზური ხელისუფლებისის წარმომადგენლები, რომლებთანაც კონტაქტი გაქვთ?

- ამდენი ხნის დაკვირვებამ და გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ის შეხედულებები, რომელიც დაუფარავად მინდა, გაგიზიაროთ. ვფიქრობ, უფრო ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შევაფასოთ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები. ჩვენი მხრიდან არც დადებითი შეფასება, არც მით უფრო ნეგატიურ მოვლენებზე რეაგირება ნამდვილად არ უწყობს ხელს არც ნდობის აღდგენას, არც კონფლიქტის მოგვარებას. სოხუმმა თბილისთან უნდობლობის კედელი აღმართა და ჩვენს ნებისმიერ გამონათქვამს საფრთხედ აღიქვამს: „ აი, თბილისი კვლავ ერევა ჩვენს საქმეებში და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებებზეო". ვფიქრობ, აფხაზური საზოგადოება თავად უნდა მომწიფდეს გადაწყვეტილებების მისაღებად.

თქვენ ახსენეთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. შს ერთობლივი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დაარსების საკითხი. ევროპამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენ გავაკეთეთ შეფასებები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, აფხაზური საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც დაგმო რუსეთის ქმედება, ამ დასკვნამდე თავისით მივიდა.ერთი ხელის მოწერით ხაზი გადაესვა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე ოცნებას. აფხაზები ამას კარგად ხვდებიან, მაგრამ უკან დასახევი გზაც აღარ აქვთ. ქართველების მოსაზრებები კი ამ საკითხზე მათ გაღიზიანებას იწვევს. მიზეზი რა არის? - უნდობლობა, გაუცხოება, კონტაქტების იგნორირება.

თქვენ მეკითხებით, რას ფიქრობენ აფხაზები ერთობლივ მომავალთან დაკავშირებითო? მხოლოდ პირად საუბრებში შეიძლება, გაიჟღეროს სინანულმა, რომ ქართველებთან ერთად ცხოვრება უფრო მისაღები იყო მათთვის. ოფიციალურ დონეზე კი ამ განწყობებზე ხმის ამოღება, თქვენც კარგად იცით, რომ კატეგორიულად გამორიცხულია. როდესაც სოხუმში ვიზიტისას ლავროვს ჰკითხეს, „როდის გავხდებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრებიო", უპასუხა: „რად გინდათ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, როცა ჩვენი ჯარებით, ნებისმიერ საფრთხის გაჩენის შემთხვევაში დავიცავთ თქვენ ინტერესებსო?!". ვფიქრობ, კომენტარები ზედმეტია.

ასე, რომ ყველასთვის გასაგებია, რატომ არის რთული აფხაზებთან ერთობლივი მომავლის შესახებ საუბარი. მაგრამ უიმედობა არ არის გამოსავალი, ამიტომაც კონტაქტების გაძლიერება აუცილებელია, წასახალისებელია და ამაზე ზრუნვას ხელს არ დავაკლებთ. ამ კონტაქტების შინაარსზე ახლა საქვეყნოდ რომ ვისაუბრო და მათი არსი გაგიზიაროთ, აფხაზების მხრიდან ისევ გაღიზინების ტალღას მივიღებთ, რაც არასასურველია.

- ხშირად ვხვდებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომპერსპექტივაში ქართული პოლიტიკური ელიტა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობის დასკვნამდე მივა და შემდეგ ყველაფერი შეიცვლება". როგორ ფიქრობთ, სოხუმს ეს მართლაც სწამს, თუ ეს შიდა აუდიტორიაზე ზემოქმედების, ანუ მზარდი სოციალური უკმაყოფილების ფონზე აფხაზეთის მოსახლეობაში «ნათელი მომავლის» განცდის შექმნის ერთგვარი მცდელობაა ძალაუფლების შესანარჩუნებლად?

- სოხუმმა ძალიან კარგად იცის, რომ ე.წ. „დამოუკიდებლობის" აღიარებას არ უნდა ელოდოს თბილისისგან. ისიც ფაქტია, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი რუსეთს არ სჭირდება, თუ რატომ - ამაზე აღარ შევჩერდებით. გასაგებია ისიც, ამ თემის შემოგდება სოხუმს რომ შიდა აუდიტორიის დასაშოშმინებლად სჭირდება. დიახ, ეს სჭირდება აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკურ ელიტას, როგორც თქვენ ბრძანეთ, მზარდი სოციალური უკმაყოფილების ფონზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მზად ვართ შერიგებისთვის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.

- მიუხედავად არსებული ბარიერებისა, რიგი ჯგუფები ქართული და აფხაზური საზოგადოებებიდან ერთმანეთს ხვდებიან და სამომავლოდაც გამოთქვამენ კონტაქტის ინტერესს. რას ელით ამ აქტივობისგან პირადად თქვენ? რამდენად ქმედითი შეიძლება, იყოს მსგავსი კონტაქტები და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ მათ კონფლიქტის მოგვარების საქმეში?

- ყოველი კონტაქტი მნიშვნელოვანია და ყოველ მათგანს თავისი დატვირთვა აქვს. რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს ეს კონტაქტები და უიმედო დღეს, ყოველ მათგანს აქვს თავისი დანიშნულება. ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყველა ჯგუფს, უფრო ხშირად იარონ ერთმანეთთან. შეიძლება, ამან ამ წუთს არ გამოიღოს შედეგი, მაგრამ ხვალ და ზეგ ნაყოფს გამოიღებს.

მახსენდება ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში აფხაზი მიმომხილველის „გოდება" იმაზე, "პატარა ღელეზე რომ გადასავლელი დაიკეტა და ამას მთელი ევროპა და მსოფლიო ყურადღებას აქცევს, ასეთი რა მოხდაო?!". ვიღაცისთვის ეს ღელეა, ადგილობრივთათვის კი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადასასვლელი, საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენის საშუალება. ამ პატარა გადასასვლელზე ადამიანები მშვიდად გადადიოდნენ, აკრძალვამ კი მკვეთრად შეცვალა მათი გუნება-განწყობა, ეკონომიკური სიტუაცია. ადგილობრივ მოსახლეობას კაპიკი არ უჯდებოდა ეს მიმოსვლა, ახლა ეს სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აფხაზები იმასაც ხვდებიან, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ადრე თუ გვიან, ჩვენი კონტაქტები უფრო ხელშესახები გახდება, ადამიანები უფრო თავისუფლად დაელაპარაკებიან ერთმანეთს. ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ყველაფრის ამოძირკვა, რაც საერთო წარსულთან გვაკავშირებს - მაგალითად, ქართული ტოპონიმების ამოძირკვის მცდელობა. მესმის, რომ "ლესელიძეს" გადაარქვა სახელი ან რომელიმე სოფელს, რომელიც საბჭოთა პერიოდში გაჩნდა, მაგრამ სახელებს, რომელიც ოდითგანვე ცნობილია, არქმევდე უსახურ, არაფრისმთქმელ სახელს და ამით თავს იწონებდე? - გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, მათ არ იციან, რომ ისტორიული მეხსიერების წაშლა შეუძლებელია.

ავიღოთ თუნდაც მეგრული ენის სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. მეგრული ენა არასოდეს დაიკარგება სამეგრელოს მოსახლეობის ცნობიერებაში, ყოფაში და ყოველდღიურობაში. მეგრულ ენას აფხაზების და, მით უმეტეს, რუსების მხარდაჭერა არ სჭირდება - იმ რუსებისა, რომლებიც ამას იყენებენ როგორც ქართული ენის ალტერნატივას. ამიტომ ეს არის ამაოდ დახარჯული ენერგია, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. განა არ იციან, რომ მეგრული ენა ვერასოდეს ჩაენაცვლება ქართულ სალიტერატუროს და მისდამი ყოველი ჩვენგანის სიყვარულს, მაგრამ ნირს არ იცვლიან.

ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, თავს ვერ მოვიწონებთ აქტიური კონტაქტებით, მაგრამ ისინი არსებობს და ეს ერთ-ერთი ჩვენი დასაყრდენია.

- ქართველი ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგია გადასახედია და ეს, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკასაც ეხება. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ჩემთვის აფხაზეთში დაბრუნება არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აფხაზეთში დაბრუნება ჩემთვის შინ დაბრუნებაა. ასეა ყველასთვის, ვინც აფხაზეთიდანაა გამოდევნილი.

რა თქმა უნდა, კონფლიქტის მოგვარების ტექნოლოგიები გადასახედია, შესაცვლელია და დასახვეწი. ამ მხრივ ძალიან დიდი მუშაობა გვმართებს ყველასთან, ვისაც ეს ხელეწიფება. 24 წლის მანძილზე იყო პერიოდები, როდესაც აფხაზეთის თემა საქართველოშიც კი კანტი-კუნტად გაისმოდა. ახლა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გააქტიურებულია არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. ჩვენი მეგობრების ძალისხმევა ჩვენთვის სტიმულია, რომ სამომავლოდ შევძლოთ ძალიან საფუძვლიანი ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. არაღიარების პოლიტიკა, ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება, ამერიკელი და ევროპელი სენატორების მოსაზრებები აფხაზეთის საკითხზე, რუსეთის ქმედებათა საჯაროდ დაგმობა, ამერიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი აფხაზეთთან დაკავშირებით სანქციების დადგენის თაობაზე... - ეს ცოტა არ არის. კონფლიქტის მოგვარების ტექნოლოგიებზე აქ საჯაროდ ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ, მერწმუნეთ, გულხელდაკრეფილი არ ვსხედვართ, ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ამას აფხაზებიც აკვირდებიან და გარკვეულ დასკვნებსაც აკეთებენ. მით უმეტეს, საქვეყნოდ ცნობილი და დეკლარირებულია ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა. მთავარი გეზი და გზავნილი აფხაზური მოსახლეობისადმი არის ის, რომ ჩვენ მართლაც არ ვემზადებით რევანშისათვის. ჩვენ მხოლოდ ერთიან საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრება გვსურს.

ბოლოს არ შემიძლია, ჩვენს დევნილებზე ორიოდე სიტყვა არ ვთქვა. ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან შეგნებული ნაწილი, რომლის მოთმინების უნარიც საარაკოა. რა არ გამოსცადეს მათ: საკუთარი ფუძიდან აყრა, დევნილობა, დამცირება, გაჭირვება, უსახლკარობა... და მაინც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს, შვილებს ღირსეულად ზრდიან, მათი ბავშვებისთვის აფხაზეთი ისეთივე ძვირფასია, როგორც ყოველი ჩვენგანისთვის. დევნილი საზოგადოებისათვის დაყვავებას, გვერდში ამოდგომას, სტიმულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, ჩვენმა დევნილებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნონ. გულგრილობა მათ მიმართ მიუტევებელი და დაუშვებელია.

ახალი ამბების სააგენტოაქცენტი"

<< უკან