ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
         
03 04 06 07 08 09
10 12 13 15 16
18 19 22 23
25 26 27 28 29 30

 

კომენტარები

ვახტანგ ყოლბაია ასლან კობახიას განცხადებას ეხმაურება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრის, ასლან კობახიას ანტიქართულ განცხადებებს ეხმაურება. ყოლბაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„რისი შიში აქვს ასლან კობახიას?

რატომ ვერ გრძნობს რუსეთის კალთაშიც კი ქართველებისგან თავს დაცულად და უსაფრთხოდ აფხაზეთის დე-ფაქტო დეპუტატი?

აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების გაკვირვება რაიმეთი, დაგვეთანხმებით, არც ისე იოლი საქმეა. მაგრამ ქართველების მისამართით ამას წინათ გამოთქმულმა წარმოუდგენლად მტრულმა გამონთქვამებმა, საზოგადოება შოკში ჩააგდო. საოცარი კი ის გახლავთ, რომ ეს სიტყვები ერთ-ერთ აფხაზურ თოქ-შოუში მოწვეულ დე- ფაქტო დეპუტატს ასლან კობახიას ეკუთვნის: „ვისაც როგორც უნდა ისე შემაფასოს, მაგრამ ქართველებს როცა ვიჭერთ და მათ დეპორტაციას ვახდენთ არასწორია. ქართველებს, როგორც უკანასკნელ ძაღლებს ისე უნდა ვხვრეტდეთ. " - ამბობს კობახია თავის გამოსვლაში.

როგორც იტყვიან კომენტარები ზედმეტია. ღრმა და დაკვირვებულ მსჯელობას კობახიას გამონათქვამები ნამდვილად არ იმსახურებს, მაგრამ გულგრილად ასეთი "ქათინაურების" მოსმენა ქართველების მისამართით არ იქნებოდა მთლად მართებული.

რა აწუხებს ბატონ კობახიას, რისი შიში აქვს ისეთი, რომ რუსეთის კალთაშიც კი თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

ამ კითხვაზე პასუხს თავად კობახია გვაძლევს შემდეგ აბზაცში:

„როგორც კი გეოპოლიტიკა შეიცვლება, როგორც კი ჩვენი მოკავშირის პოზიციები დასუსტდება, მაშინვე მოსალოდნელია საომარი მოქმედებების დაწყება... ჩვენთან ძალიან ბევრი მოხალისე მოდიოდა ძალიან ბევრი ქვეყნიდან და ადგილიდან, მაგრამ მე ერთი გალელი არ მინახავს ჩვენს რიგებში მოხალისე ყოფილიყო. ის, რომ ისინი ჩვენს წინააღმეგ იბრძოდნენ ფაქტია. მაგრამ, მოდი, ყოველთვის არ გვინდა ამაზე ყურადღების გამახვილება. არსებობენ სპეცსამსახურები, რომლებიც ამით არიან დაკავებულები და ისინი გაარკვევენ ვინ დამნაშავეა და ვინ არა".

საპასუხოდ, ისღა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარადიული არაფერია ამქვეყნად. ყველაფერი იცვლება. დროის მდინარება ძალიან სწრაფია. განა ბატონ კობახიას ეეჭვება, რომ ერთ მშვენიერ დღეს აფხაზები და ქართველები, მშვიდობიან გარემოში ერთად იცხოვრებენ ერთიანი საქართველოს ფარგლებში? ჩვენ ამაში ეჭვი არასოდეს შეგვპარვია.

დროა ომის მახვილი მიწაში დაფლან კობახიას მსგავსად მოაზროვნეებმა. შიშით შეპყრობილებმა უნდა გაბედონ და გარეთ გაიხედონ, სადაც საყოველთაო მშვიდობა თუ არა, მისკენ კაცობრიობის სწრაფვა მაინც არსებობს. მისწრაფება და მოწოდება არა ომის, ტერიტორიების წაგლეჯის და ხოცვა -ჟლეტისკენ, არამედ მშვიდობის, თანაარსებობის, ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ. ეს ცხოვრებისეული ლოგიკაა, რომელსაც ვერავინ ვერსად გაექცევა, მათ შორის აფხაზებიც". -  ნათქვამია განცხადებაში.

<< უკან