ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევები (აპრილი-ივნისი,2018წ.)

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე

ადამიანის უფლებების დარღვევები

(აპრილი-ივნისი,2018.)

 

ივლისი, 2018

შინაარსი

1. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანთა დაკავებები

2. პასპორტიზაცია

3.  მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა

4. უძრავი ქონების საკითხი

5.  ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა

 

 

1. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანთა დაკავებები

გასული სამი თვის განმავლობაში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ენგურის საოკუპაციო ხაზზე ადგილი ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და გამყოფი ხაზის „უკანონოდ" გადაკვეთის ბრალდებით ადამიანთა დაკავების ფაქტებს.

როგორც ცნობილია,  გამყოფი ხაზის კვეთისას იმ ადამიანებს, რომლთაც  ე.წ. აფხაზური პასპორტი,  საბჭოთა პასპორტი (გალში მიწერით), ბინადრობის უფლება ან ფორმა-9 არ გააჩნიათ,  „მესაზღვრეები" აკავებენ და გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში  გადაჰყავთ,  ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, თუ დაკავებულებს რაიმე  სხვა სახის დანაშაული არ აღმოუჩინეს, ათავისუფლებენ და უკან აბრუნებენ, მაგრამ  ვინც ჯარიმის გადახდაზე უარს იტყვის, მის წინააღმდეგ  ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით  საქმეს აღძრავენ.

 მიმდინარე წლის 22 აპრილს,  ე.წ. მესაზღვრეებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიისა და გალის რაიონის სოფელ ოტობაიის გამყოფ ხაზზე, მდინარე ენგურის  ფონთან, „საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს  საქართველოს ორი მოქალაქე-  ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარის მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული  რ. რ.  და გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილი (ქ. ფოთში დროებით მცხოვრები), 1996 წელს დაბადებული  ზ.მ. აღნიშნული პიროვნებები ე.წ.  მესაზღვრეებმა გალის მილიციაში გადაიყვანეს. (22.04.18).

მაისის თვეში რუსმა "მესაზღვრეებმა" გალის რაიონში დააკავეს ქუთაისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ა.ნ. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრომ გაავრცელა. ა.ნ.  ე.წ. სამართალდამცავებმა  წინასწარი დაკავების  იზოლატორში გადაიყვანეს და მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. (19.05.18)

მსგავსი შემთხვევები ყოველდღიურად ხდება, თუმცა  იმის გამო, რომ მათი აღრიცხვა არ მიმდინარეობს,  ადამიანის უფლებათა დარღვევის ბევრი  მსგავსი შემთხვევა დაუფიქსირებელი რჩება.

გამყოფ ხაზზე ადამიანთა გადაადგილებას, ასევე, აფერხებს  ე.წ. გამშვებ პუნქტზე შექმნილი დიდი  რიგები, რაც ადგილობრივებს  „მესაზღვრეების" მიერ  ხელოვნურად შექმნილად მიაჩნიათ,

აფხაზური მხარე ხშირად აღნიშნავს, რომ ადამიანთა მიერ „საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევებმა იკლო, თუმცა ექსპერტების აზრით, შემთხვევების  შემცირება  არ ნიშნავს პრობლემის არარსებობას. ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი თავს არიდებს  გამყოფი ხაზის  გადაკვეთას და თავიანთ  სახლებში მისვლას, რადგანაც  ისინი ჯარიმების გადახდას, ან გადაუხდელობის შემთხვევაში, დაპატიმრებას ერიდებიან.

 

2. პასპორტიზაცია

მ.წ. 19 ივნისს აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს უფროსმა ედუარდ მანარგიამ განაცხადა, რომ ახალი ნიმუშის აფხაზური პასპორტი 70 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე აიღო.  მან ასევე აღნიშნა, რომ პასპორტიზაციის პროცესი 2018 წლის ბოლოსათვის ვერ დასრულდება და  ის  მომავალ წელსაც გაგრძელდება. მისი თქმით, გალის რაიონში ახალი ნიმუშის აფხაზური პასპორტი 198 ადამიანმა აიღო. ცხადია, რომ რაიონისთვის, სადაც ყველაზე ნაკლები. 30 ათასი ადამიანი მაინც ცხოვრობს, დასახელებული რიცხვი მიზერულია და აშკარად მიუთითებს ეთნიკური ქართველების  დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე.

აფხაზურმა ე.წ. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მაქსიმუმი რისი შეთავაზებაც  მას  გალის მოსახლეობისთვის შეუძლია, არის ე.წ. „ბინადრობის უფლება", რადგანაც გალის რაიონის მოსახლეობის თითქმის 98 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა. აფხაზური  „კანონების" თანახმად კი  ორმაგი მოქალაქეობა  აფხაზეთს  მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან აქვს, ამიტომ ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მხოლოდ  ე.წ. „ბინადრობის უფლების" აღების შანსი ეძლევათ.

მ.წ. ივნისის დასაწყისში  აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის  აპარატის ხელმძღვანელმა დავით სანგულიამ აღნიშნა, რომ პასპორტის ასაღებად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის ახალ რედაქციაში მითითებული იქნება, რომ საქართველოსთან „საზღვრის" გადაკვეთა ამიერიდან შესაძლებელია არა მხოლოდ აფხაზური პასპორტით, არამედ „ბინადრობის მოწმობითაც".

25 ივნისის მონაცემებით გალში „ბინადრობის მოწმობის" აღებაზე  7784 განცხადება  იყო შეტანილი, ე.წ.  აფხაზური პასპორტი კი მხოლოდ  500  ადამიანს გააჩნდა.

 გალის რაიონის მოსახლეობა „ბინადრობის უფლებას" ეჭვის თვალით უყურებს,  რადგანაც საზოგადოებაში ვრცელდება  ხმები იმის თაობაზე,  რომ ამ დოკუმენტის მფლობელს არ შეეძლება  უძრავი ქონების შეძენა ან განკარგვა, ეზღუდება საარჩევნო უფლებები- აქედან გამომდინარეობს ის, რომ  ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, რომელიც  საქართველოს  მოქალაქეობაზე უარს არ იტყვის, მდგმურის სტატუსით იცხოვრებს საკუთარ სახლში. ამასთან, საკუთარ ქონებას მემკვიდრეობით ვერ გადასცემს თავის  შთამომავლობას, შვილებს, შვილიშვილებს, რადგანაც ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი დიდი უმეტესობა ენგურს აქეთ ცხოვრობს.  მათ მხოლოდ სტუმრის და „უცხო ქვეყნის" მოქალაქის სტატუსით შეეძლებათ აფხაზეთში ე.წ. ვიზით ჩასვლა, ისიც    მკაცრად განსაზღვრული პერიოდით- 10 დღით, 1 თვით, რაც ფულად თანხებთან არის დაკავშირებული. ქონების განკარგვაზე  ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გალის მოსახლეობა  მიიჩნევს, რომ აფხაზეთის მკვიდრი  ეთნიკური ქართველების  „ბინადრობის უფლებაზე" გადაყვანით ე.წ. აფხაზური ხელისუფლება კიდევ უფრო აღრმავებს გალის მოსახლეობის დისკრიმინაციას და მათ „უცხო ქვეყნის" მოქალაქეებად აღიარებს.

 ე.წ. აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლები  გალელებს პასპორტიზაციაში შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობენ და თავიანთი „წარმომავლობისა და ფესვების გახსენებისკენ" მოუწოდებენ, რის შემდეგაც  მათ შესაძლებლობა ექნებათ აფხაზური პასპორტები მიიღონ. 

 ამ პროპაგანდის გავლენით, შარშან გალის დაარსების 85 წლისთავის  საზეიმოდ აღნიშვნის დღეს „ სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს"  ხელმძღვნელობამ  განაცხადა, რომ გალში უკვე რამდენიმე ათეულმა  ადამიანმა  გაიხსენა თავისი   წარმომავლობა და აფხაზად ჩაეწერა.

 აღსანიშნავია, რომ ეს  პროცესი ახლა არ დაწყებულა.ამის შესახებ ჯერ კიდევ 2011 წლის  2 ნოემბერს აფხაზურ საინფორმაციო სააგენტო "აპსნიპრესზე"  გამოქვეყნდა სტატია „Жители Галского района должныинтегрироваться в абхазское общество, - считают старейшины республики", სადაც ნათქვამია, რომ აფხაზურ ე.წ.  პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური რესურსების" ინციატივით შეხვედრა მოეწყო აფხაზეთის რაიონების უხუცესებთან. არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენელმა  მათ, გალის რაიონის მოსახლეობისათვის „თავიანთი ჭეშმარიტი წარმომავლობისა და ფესვების შეხსენებაში  აქტიური მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა".

 

3.მშობლიურ ენაზე  განათლების მიღების შეზღუდვა

გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის 99 % ქართულენოვანია, დღეისათვის  ფაქტობრივად  აკრძალულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, აქ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს  ქართული სკოლების გაუქმებისა  და  ქართული ენის საათების შემცირების პროცესი.

 როგორც ცნობილია, ომამდე გალის რაიონში არსებული 58  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან მხოლოდ ორი იყო რუსული, დანარჩენ სკოლებში სწავლება ქართულად მიმდინარეობდა. გასული წლის დასაწყისში გალის რაიონში  31  სკოლა იყო დარჩენილი, აქედან 20 ქართული სკოლა რუსულად სწავლებაზე გადაიყვანეს, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან დანარჩენი 11 სკოლაც ეტაპობრივად გადაჰყავდათ რუსულენოვან სწავლებაზე მილევადი პროგრამით..

გალის რაიონში სკოლების შემცირების პროცესი გრძელდება. გასული წლის ბოლოს  აქ  კიდევ ერთი სკოლა - თაგილონის საბაზისო სკოლა დაიხურა. ამჟამად გალში 30 სკოლა მოქმედებს, თუმცა    გავრცელებული ინფორმაციის  თანახმად, აფხაზური რეჟიმი კიდევ 7 სკოლის გასაუქმებლად  ემზადება, სააგენტო DFwatch.net-ს ინფორმაციით,  ამის თაობაზე ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ  გასული წლის მიწურულს თაგილონის სკოლის დახურვის პრეცენდენტს,  აფხაზური  მხარის მიერ ასეთი ნაბიჯების გადადგმა გამორიცხული არ არის. ეს ფაქტობრივად ისედაც დაცლილი სოფლების სულ მთლად  დაცლას ნიშნავს," - უთხრა  DFWatch-ს  გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა.

დღეისათვის მთლიანობაში გალის რაიონის ტერიტორიაზე 30 სკოლაა, სადაც 4315 მოსწავლე სწავლობს.

გალის რაიონში მოქმედ სკოლებში ქართული ენის სწავლების  არეალის შეზღუდვის პროცესი  გრძელდება და ამას მოწმობს  მ.წ. მაისის დასასრულს სასწავლო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით  გალის სკოლებში გამართული საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ რუსულ ენაზე ჩატარდა  და ქართველ ბავშვებს  საშუალება არ ჰქონდათ ქართულ ენაზე ლექსი წაეკითხათ ან ემღერათ. Livepress, 25.05.18

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ადგილობრივი სკოლის  დირექტორებისგან მოითხოვს მასთან შეათანხმონ ყველა ის პროექტი, რომელსაც ისინი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებენ, - ამის შესახებ მან გამოცემა „აფხაზია-ინფორმს" განუცხადა.

„გალის რაიონის სკოლის დირექტორებთან თათბირზე ვისაუბრე, რომ სკოლაში მიმდინარე პროექტებზე ინფორმირებული უნდა იყოს არა მხოლოდ განათლების სამინისტრო, არამედ ადმინისტრაციაც. ცოტა ხნის წინ, ტყვარჩელის ერთ-ერთ სკოლაში იმყოფებოდნენ მოსწავლეები გალიდან, მათ მეგრულ ენაზე იმღერეს, რამაც სკანდალი გამოიწვია. მომხდარის შესახებ არცერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ აიღო პასუხისმგებლობა და ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდა", - აღნიშნა ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა. მან გამოცემას, ასევე  განუცხადა, რომ უარი უთხრა დანიის ლტოლვილთა საბჭოს საბავშვო ბანაკების მოწყობაზე.

„ეს პროექტი ითვალისწინებდა, ასევე, ფილმის გადაღებას ბავშვების უფლებებზე, ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ მათ დამოკიდებულებაზე, მიმაჩნია, რომ თუ პროექტი იდეოლოგიურ ნაწილს შეიცავს, ის აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ჩვენთან, თორემ გალელი ბავშვების მონაწილეობით ფილმი სადმე რომ გავიდეს,  ამის შესახებ ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ", - თქვა ადმინისტრაციის უფროსმა. Livepress, 20.06.18

 ზემოთ მოყვანილი ფაქტები  მიუთითებს, რომ  რაიონის გალის სკოლებში და, ზოგადად,  აფხაზეთში, ირღვევა ადამიანის უფლებები მშობლიურ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით, რაზეც ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა არაერთხელ გაამახვილეს  ყურადღება და  აფხაზურ  მხარეს მოუწოდეს შექმნილი  მდგომარეობის გამოსწორებისაკენ.  

 

4. უძრავი  ქონების საკითხი

ოკუპირებულ აფხაზეთში  პერიოდულად  ცხარე დებატები მიმდინარეობს  უძრავი ქონების საკითხზე. რუსეთი მოითხოვს აფხაზურმა ე.წ. ხელისუფლებამ დააჩქაროს კანონის მიღება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის უფლებას მისცემს.

აფხაზური ე.წ. ხელისუფლებისა და საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ  ამ კანონის დაჩქარებული მიღება აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანს, პირიქით,  კანონის  მიღება გამოიწვევს აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის შეცვლას-გაღატაკებული მოსახლეობა ყველაფერს გაყიდის  უცხოელებზე და საბოლოოდ აფხაზებს მთებში გახიზვნა მოუწევთ, მათ ადგილს კი  სხვები დაიკავებენ. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ უძრავი ქონების გაყიდვა  არარეგალურად მაინც ხდება, ამიტომ  საჭიროა მისი კანონის ფარგლებში  მოქცევა, რათა  სახელმწიფო ბიუჯეტში ამ ქონების გაყიდვიდან ფული შევიდეს.

 სწორედ მეორე ნაწილს მიეკუთვნება ქ. სოხუმის ე.წ. საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე ფილია, რომელმაც  მ.წ. 26 აპრილს საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ, მან  რადიო „ სპუტნიკის" ეთერში განაცხადა,  რომ ის მხარს უჭერს  აფხაზეთის დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვას, რადგან ეს ეკონომიკის გამოცოცხლებას  ხელს შეუწყობს.

„ჩემი  და რიგი ჩემი კოლეგების ინიციატივა იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა  საცხოვრებელი ბინების ბრუნვაში მონაწილეობდეს. ეს კარგი პერსპექტივაა. კარგი იქნება საცხოვრებელი ბინები აშენდეს იმ რაიონებში, რომლებიც  განვითარებული არ არის. მაგალითად ჭანბას ქუჩაზე,  შუქურას რაიონში არსებობს მიწის ნაკვეთები.   მთავარია, მშენებლობის ნებართვა იყოს."- აღნიშნა ფილიამ.

 ცხადია,  სოხუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე   ბინების გაყიდვის  იდეა მხოლოდ ერთი კაცის ნააზრევი არ არის. ამ წინადადების უკან იგულისხმება ის ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია საცხოვრებელი ბინების აშენებითა და სარფიანად გაყიდვით,  ამასთან,  ე.წ. საკრებულოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ბინები უნდა გაიყიდოს მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებმაც „ აფხაზეთის დამოუკიდებლობა" აღიარეს.

   ამ პროექტის განხორციელება, საეჭვოა მალე მოხდეს, მაგრამ თუ საცხოვრებელი ბინები შუქურას რაიონსა და ჭანბას ქუჩაზე მართლაც აშენდა  და  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეძენის უფლება მიეცათ, ბუნებრივია, რუსეთიმათ შორის  ყველაზე აქტიური მყიდველი იქნება.

  ამავე პერიოდში აფხაზურმა სააგენტოებმა  ინფორმაცია გაავრცელეს იმის თაობაზე, რომ  გალის, ოჩამჩირის და გაგრის რაიონებში თურქეთიდან,  იორდანიიდან და  სირიიდან ჩასული რეპატრიანტების ჩასახლება იგეგმება.რადგან „საზღვრისპირა" ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი არ უნდა ცხოვრობდნენ, არამედ აფხაზები. ამის შესახებ აფხაზურ მედიას  ოკუპირებული აფხაზეთის   ე.წ. რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა განუცხადა.

მისი თქმით, იორდანიაში  აფხაზური დიასპორის 130 წარმომადგენელს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურს. „ისინი დაახლოებით 35-დან 50-მდე წლისანი  არიან, მათი მშობლები კი იქ რჩებიან ასაკის გამო. ადამიანები, რომალთაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება სურთ, რეპატრიაციის ფონდიდან დახმარებას არ ითხოვენ",-ხაზი გაუსვა  დბარმა.

ე.წ. რეპატრიაციის მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთში დაბრუნებული  რეპატრიანტების განსახლება მოხდება გაგრის, გალის და ოჩამჩირის რაიონებში და ამ პროცესში „სამინისტროც"  აქტიურად ჩაერთვება.

„გალი და გაგრა - ეს ჩვენი რესპუბლიკის "კარიბჭეა". როგორც საზღვრისპირა გაგრის რაიონში,  გალშიც ძირითადად სხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ. იქ კი ეთნიკურად აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ, რომლებიც რესპუბლიკაში მოსულ ადამიანებს ეტყვიან "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - განაცხადა დბარმა.

ე.წ. რეპატრიაციის მინისტრი გალშიც ჩავიდა და რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იორდანიელი, თურქი და სირიელი რეპატრიანტების ჩასახლების საკითხზე ისაუბრა. მართალია, კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა, თუმცა მოგვიანებით დბარმა რუსულ გამოცემასთან საუბარში თქვა, რომ უკვე ზაფხულის ბოლომდე გადაწყდება იორდანიიდან ჩამოსული დიასპორის წარმომადგენლების  საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი.

რეპატრიაციის ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ერკან კუტარბა კი აღნიშნავს, რომ მათი მონაცემებით, უცხოეთში მცხოვრებმა 11 ათასამდე თანამემამულემ აფხაზეთის მოქალაქეობა უკვე მიიღო, 4 500-ზე მეტი რეპატრიანტი კი აფხაზეთში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნდა.

„სამშობლოში დაბრუნებულ რეპატრიანტთა რაოდენობა ოჩამჩირეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაზე მეტია.   აფხაზეთში საცხოვრებლად უკვე 4,5 ათასზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.  რეპატრიანტებში შობადობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივ აფხაზებში. მათ ოჯახებში სამიდან ხუთამდე ბავშვია, "- ამბობს რეპატრიაციის ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. DFeatch, 14.06.18

 ამავე პერიოდში აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ოჩამჩირის  რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილეს  „უცხოეთში მცხოვრები  თანამემამულეების" დაბრუნების პერსპექტივები.

რაიონის ე.წ.  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხრიპს ჯოპუამ ხაზი გაუსვა,   რომ „ოჩამჩირის რაიონის მოსახლეობა ყოველმხრივ  უჭერს  მხარს  თანამემამულეთა სამშობლოში დაბრუნებას. ჩვენ მზად  ვართ აქტიურად შევუწყოთ ხელი რეპატრიაციის სამინისტროს ყველა  ინიციატივას".- თქვა   ჯოპუამ.

ე.წ. რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა ხაზი გაუსვა, რომ რეპატრიაცია  წარმოადგენს   ყველაზე  რთული საკითხის,  დემოგრაფიული სიტუაციის გადაწყვეტის ერთ ერთ გზას. „ ბოლო ხანებში თურქეთში მცხოვრებ ჩვენს დიასპორაში დიდი ინტერესი გაჩნდა აფხაზეთში დაბრუნების მიმართ. სამინისტროშიშემოვიდა დიდი რაოდენობის განაცხადებები, სადაც ადამიანები აფხაზეთში მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნების მზადყოფნას გამოხატავენ".- განაცხადა მან.

 ბესლან დბარი დაინტერესდა ოჩამჩირის რაიონში რეპატრიანტების განსახლების  შესაძლებლობით. „ჩვენი მიზანია უფასო საცხოვრებელი ადგილის მოძიება რეპატრიანტებისთვის. როგორც ცნობილია, რაიონის სოფლებში ბევრი ცარიელი სახლი და გამოუყენებელი მიწის ნაკვეთია, სადაც შეიძლება აფხაზეთში დაბრუნებული ჩევნი თანამემამულეების განსახლება. ამ პროცესის განვითარება ხელს შეუწყობს   დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს",- ხაზი გაუსვა  დბარმა.

თავისი მხრივ, ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა ხრიპს ჯოპუამ აღნიშნა, რომ „ოჩამჩირის რაიონში 14 დაცარიელებული სოფელია,  ადრე იქ ქართველები ცხოვრობდნენ. ქალაქ ოჩამჩირეში, მე-6 რაიონში 2 მრავალსართულიანი  სახლია. ერთ ერთ მათგანში  საცხოვრებლად გამოსადეგი 20 ბინაა, მეორე სახლში კი-78. ჩვენ მზად ვართ ეს სახლები რეპატრიაციის სამინისტროს ბალანსზე გადავიტანოთ".  მისი თქმით, რეპატრიანტების ჩასახლება შესაძლებელია ოჩამჩირის რაიონის სოფელ  აჩიგვარაშიც (ადრე გალის რაიონის სოფელი). „საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით იქ  სკოლები შენდება, სადაც შეიძლება  170-მა ბავშვმა ისწავლოს. ხოლო ყოფილი საბჭოთა მეურნეობის გამგეობის შენობაში, რემონტის ჩატარების შემდეგ,  100 ოჯახის  ჩასახლებაარის შესაძლებელი",- აღნიშნა ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა.

 ოჩამჩირის რაიონის ე.წ. უხუცესთა საბჭოს თამჯდომარემ აპოლონ დუმავამ რეპატრაინტების დაბრუნებას „აფხაზი ხალხის ხსნა" უწოდა . მან აღნიშნა, რომ დემოგრაფიის გასაუმჯობესებლად საჭიროა ერთ ოჯახში 2-ზე მეტი ბავშვი დაიბადოს.  მაგრამ აფხაზეთში ბევრია   დაუქორწინებელი ადამიანი, რაც ცუდად აისახება  „ქვეყნის" დემოგრაფიულ სიტუაციაზე. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ  ჩვენი თანამემაულეების აფხაზეთში დასაბრუნებლად და  დასამკვიდრებლად",- განაცხადა  ე.წ. უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ.Apsnyprtess, 22.06.18

ზემოთმოყვანილი ფაქტები მიუთითებს, რომ  აფხაზურ ე.წ. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს აღმოსავლეთ აფხაზეთის „დეპრესიული" რაიონების „გამოცოცხლება"იძულებით განდევნილი ქართული მოსახლეობის  სახლებში რეპატრიანტების ჩასახლების ხარჯზე.  ამით, როგორც აღნიშნეს, მიღწეული იქნება  ერთი მხრივ,  ცარიელი სახლებისთვის„კანონიერი" და მისაღები მფლობელების გაჩენა  და მეორე მხრივ კი,  რეპატრიანტების ჩამოსახლებით დემოგრაფიული სიტუაციის   გაჯანსაღება.

 

 

5.კულტურული  მემკვიდრეობა

ბოლო ხანებში  ოკუპირებულ აფხაზეთში აქტუალური გახდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი, იმდენად რამდენადაც სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ  კულტურული მემკვიდრეობა არის ის სფერო, რომლის მეშვეობითაც აფხაზ  ხალხს საკუთარი იდენტობის დადასტურება და ცნობადობის ამაღლება შეუძლია.

ქართულმა მხარემ აფხაზური ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ შესთავაზა  დახმარება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების- ეკლესიებისა და  ტაძრების  რესტავრაციაში, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ამასთან დაკავშირებით უარი განაცხადა. აფხაზური ე.წ. კულტურის სამინისტრო ძეგლების რესტავრაციას მხოლოდ რუსეთიდან  ჩამოყვანილ სპეციალისტებს ანდობს, სწორედ მათ, რომელთა „დახმარებითაც" წაიშალა   ფრესკები და ლაპიდარული წარწერები არაერთ ტაძარზე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადაკეთება-გადმოკეთებისა და მათი კედლებიდან ქართული კვალის წაშლის პროცესი  დღემდე გრძელდება,  რაც ამ ძეგლების ავთენტურობის დაკარგვას იწვევს.

    ამ ბოლო ხანებში ასეთი საფრთხე დაემუქრა ანაკოფიის უძველეს ციხეს, რომლის  შერემონტება-რესტავრაციას აფხაზური მხარე რუსი სპეციალისტების  დახმარებით  აპირებს.

   მ.წ. აპრილის თვეში აფხაზეთის ე.წ. კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სამინისტროს სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს გაფართოებულ  სხდომაზე ანაკოფიის ციხის   კარიბჭის რესტავრაციის  ესკიზური პროექტი  განიხილეს.

აქვე  ე.წ. მინისტრის მოადგილემ ბატალ კობახიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს რესტავრაციის საბოლოო პროექტი არ არის.

„ამიტომაც მე მინდა, რომ თქვენ უფრო მეტად  შეჩერდეთ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის შენარჩუნების  საკითხზე- რესტავრაცია თუ კონსერვაცია?  მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ. ეს დიდი პროექტია, უნიკალური თავისი გლობალურობით და ის პრეცენდენტი იქნება რესპუბლიკის კულტურული მეკვიდრეობის სხვა ძეგლებისთვის",-აღნიშნა კობახიამ.

  ნაკრძალის დირექტორმა,  რესტავრაციის ინიციატორმა  ალხას არგუნმა განაცხადა, რომ მთავარ ამოცანას შეადგენს ობიექტის შენარჩუნება  და პირველივე შესაძლებლობისთანავე  მისი აღდგენა და რესტავრაცია.

 „ჯერ კიდევ 2002 წელს განხორცილდა ციტადელის აღმოსავლეთის კოშკის- ანაკოფიის ციხის მთავარი ობიექტის,  რესტავრაცია. ახალი ათონის მღვიმემ საკუთარ თავზე აიღო საჭირო დანახარჯების ნაწილი და კოშკი  აღადგინეს. ეს ჩემთვის რესტავრაციის პირველი გამოცდილება იყო, ხოლო 2014 წელს არქეოლოგიური კომისიის მხარდაჭერით დაიწყო ციხე-სიმაგრის კარიბჭის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრები. ამჟამად ციხე ჩვენს თვალწინ ინგრევა. ჩვენ იძულებული ვართ ვიბრძოლოთ ანაკოფიის ციხის მთავარი ობიექტების გადასარჩენად, რადგანაც  ყველაფრის მოწესრიგების ძალა  არ შეგვწევს. ჩვენი აზრით, ანაკოფიის ციხის  შესასვლელი და მისი მრგვალი  კოშკი წარმოადგენს უნიკალურ საფორტიფიკაციო ნაგებობას არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ  მსოფლიო არქიტექტურისათვის",-ხაზი გაუსვა არგუნმა.

   მისი თქმით,  ციხე-სიმაგრის რესტავრაციის პროექტის ავტორია, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი, დონის  სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი, სამხრეთ სამეცნიერო სარესტავრაციო ცენტრის დირექტორი ვიქტორია პიშულინა, რომელმაც აღნიშნა, რომ რესტავრაციის პროექტში შედის 4 ობიექტი-კედელი, რომელიც მიემართება მეორე კოშკისკენ,  კარიბჭის კოშკი, შესასვლელი კვანძი და შიდა ეზოს კედელი.

მისი თქმით დასავლეთ ევროპაში საფორტიფიკაციო ნაგებობების რესტავრაციის წინ იყენებენ გამჭოლი რესტავრაციის მეთოდს. ტურიზმის განვითარებისათვის გაცილებით  საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ იქნა აღდგენილი ობიექტი, ვიდრე მისი კონსერვაცია, რაც არ  იძლევა ობიექტის დიდი ხნით შენარჩუნების საშუალებას.

 ბატალ კობახია დაინტერესდა, მსგავსი მასშტაბური რესტავრაციის შემდეგ ობიექტისთვის რამდენად შესაძლებელია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მოხვედრა.

„ხომ არ დაირღვევა რესტავრაციის პროცესში   ობიექტის  ისტორიული, არქიტექტურული ავთენტურობა, რაც იუნესკოს კულტურილი მემკვიდრეობის სიაში ამ თუ იმ ობიექტის  მოხვედრის ერთ ერთი პირობაა? ანაკოფიის ციხე ერთ-ერთია აფხაზეთში არსებული  იმ ხუთი-ექვსი ობიექტიდან, რომელსაც შეუძლია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჩართვის პრეტენდენტი იყოს. ლიხნის ტაძარი, სამწუხაროდ,  იუნესკოს ექსპერტთა დასკვნით, უკვე ვერ მოხვდება ამ სიაში, რადგანაც  ტაძრის შიგნით ააშენეს ნაგებობები, რომლებმაც მთლიანად დაარღვიეს მისი ავთენტურობა. ვენეციის ქარტიაში აღნიშნულია, რომ ყველგან, სადაც  რესტავრაცია იწყება, მთავრდება ობიექტის ავთენტურობა",-აღნიშნა კობახიამ.

  სხდომის  მონაწილე სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს 14 წევრიდან 9-მ, ხმა მისცა ანაკოფიის ციხე-სიმაგრის რესტავრაციის ესკიზურ პროექტს და მხარი დაუჭირა სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. ორმა - ე.წ. კულტურის მინისტრმა ელვირა არსალიამ და მისმა მოადგილემ ბატალ კობახიამ პროექტის წინააღმდეგ მისცეს  ხმა.

   როგორც ალხას არგუნმა  განმარტა, ციხე-სიმაგრის რესტავრაცია წინასწარი გათვლებით  50 მლნ რუბლი დაჯდება. ანაკოფიის ციხის ნაკრძალის დირექტორის რწმენით, ობიექტის ახლანდელ მდგომარეობაში დატოვება არ შეიძლება, რადგანაც ისტორიული ძეგლი დღითი-დღე ნადგურდება. (Sputnik Abkhazia, 30.03.18)

როგორც ზემოთ ვნახეთ, აფხაზები თავად აღიარებენ, რომ  წინა წლებში  ჩატარებული რესტავრაციის შედეგად  ლიხნის ციხემ ავთენტურობა დაკარგა და აქედან გამომდინარე, ის შეტანილი ვერ იქნება  იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.  რაც შეეხება  ანაკოფიის ციხეს, თუ აფხაზური კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები რესტავრაციის იმ მეთოდებს დაეთანხმებიან, რასაც   მათ  რუსი არქიტექტორი  სთავაზობს, ამ ძეგლსაც ისეთივე ბედი ეწევა, როგორიც ლიხნის, ილორის და სხვა ტაძრებს, რადგანაც  არქიტექტორი  მიიჩნევს, რომ უმთავრესია არა ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნება, არამედ მისი ტურისტული მიმზიდველობის წარმოჩენა, რაც  საბოლოო ჯამში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

 

გამოყენებული წყაროები

1.Apsnypress.info

2. Abkhazia inform

3.sputnik Abkhazia

4.apsny.ru

5. Abaza-TV

6.Apsua.tb.ru

7. Abkhaz-auto.ru

8.Ekhokavkaza.com

9.kavkaz- uzel.eu

10. Aiaaira.com

11.Rosbalt.ru

12. Ria.ru

13. Apsny life.ru

14. Gazeta.ru

15. lenta .ru

16. kavpolit.ru

17. tass. ru.

23.Ipn.ge

24. Ghn.ge

25. Pia.ge

26. Medianews.ge

27. Axali ambebi.ge

28.Radiotavisufleba.ge

32.Accent.com.ge

33. Civill.ge

34. Livepress.ge

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

<< უკან