ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევები (ივლისი- სექტემბერი, 2018)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

თემა: ოკუპირებული  აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის  უფლებების  დარღვევები

 (ივლისი- სექტემბერი, 2018)

 

შინაარსი:

1.შესავალი

2.ბორდერიზაცია, მავთულხლართების  გაყვანა და სხვ.

3. ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, დაკავებები

4.დისკრიმინაცია

5. პასპორტიზაცია

6. უძრავი ქონების საკითხი

 

1.შესავალი

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე წლიდან წლამდე  გრძელდება ადგილობრივი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის  უფლებების დარღვევისა და  მათი შევიწროების შემთხვევები.  რეგულარული ხასიათი აქვს სეპარატისტული და საოკუპაციო ძალის მიერ გამყოფ ხაზზე ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, „დოკუმენტების" უქონლობის საბაბით ადამიანთა დაკავებისა და დაჯარიმება-დაპატიმრების შემთხვევებს. ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ნიმუშია გალის  რაიონის ტერიტორიაზე ქართული სკოლების  გაუქმება და ქართველი ბავშვებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების  აკრძალვა, გალის მოსახლეობის „ბინადრობის უფლებით" ცხოვრების სტატუსზე გადაყვანა, .რაც ადგილობრივ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას საკუთარი ქონების განკარგვისა და ახლის შეძენის უფლებას ართმევს. ზემოთ აღნიშნული ნეგატიური პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს და მათ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. მიუხედავად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების_გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ასევე, აშშ-სა და სხვა პროგრესული სახელმწიფოების არაერთგზის მოწოდებისა, საოკუპაციო  და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლები ცინიკურად აცხადებენ, რომ  "აფხაზეთი ოკუპირებული არ არის და ეს მხოლოდ ქართული მხარის ილუზიებია". ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას „ამტკიცებენ", რომ აფხაზეთში მცხოვრები  ადგილობრივი, ეთნიკურად ქართული მოსახლეობის უფლებები  არაფრით არ იზღუდება, მათ შევიწროებასა და დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს, თუმცა ჩვენს მიერ ქვემოთ მოყვანილი მაგალითები სრულიად  საპირისპიროზე მიუთითებენ.

2.ბორდერიზაცია, მავთულხლართების  გაყვანა და სხვ.

მ.წ. ივლისის თვეში  საოკუპაციო ძალამ  ბორდერიზაციის  მორიგი ეტაპი დაიწყო და გამყოფ ხაზთან , ოტობაია-განმუხურის ადმინისტრაციულ საზღვართან  ახლოს, მავთულხლართების ახალი ზოლი გაავლო, რათა  მდინარე ენგურის ფონებით ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მცდელობები აღეკვეთა. ამასთან, ორსანტია-ოტობაიის ადმინისტრაციულ საზღვართან,  რუსმა სამხედროებმა  სათვალთვალო კოშკურაც ააშენეს, რომელიც ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობით არის აღჭურვილი  და მოპოვებულ ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ბაზებს  გადასცემს . (11.07.18)

მავთულხლართების გავლების პროცესი გაგრძელდა, ასევე, წყოუში-საბერიოს გამშვები პუნქტის   გასწვრივ.  თავიდან ამ მონაკვეთზე  საოკუპაციო ძალამ   მავთულხლართების ერთი ზოლი გაავლო, ამ დროისთვის  უკვე  გაყვანილია მეორე ზოლი,  მესამე კი  გავლების პროცესშია. ( 25.07.18).

3.გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანთა დაკავებები

    მ.წ. ივლისის  თვეში გამყოფ ხაზზე ადამიანთა დაკავების შემთხვევები  მედია-სივრცეში  არ გაჟღერებულა, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას,   რომ დაკავება-დაჯარიმების  ფაქტებმა იკლო. ასეთი  ფაქტები ყოველდღიურად ხდება, მაგრამ  მათგან  მხოლოდ ერთეული შემთხვევები  ხმაურდება.

ისევე როგორც წინა პერიოდში, ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ  ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე  არსებული უზარმაზარი რიგების გამო, რაც ადგილობრივების თქმით, ხელოვნურად არის შექმნილი. ამაზე   მიუთითებს ე.წ. „გადამყვანების" გააქტიურება, რომლებიც, მათი თქმით ,  რუს  მებაჟეებთან შეთანხმებულად მოქმედებენ. „გადამყვანები" რიგში დგომისგან გაწამებულ ადამიანებს გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ( 20 ლარამდე)  მებაჟეების გვერდის ავლით სთავაზობენ გამყოფ ხაზზე გადაყვანას.

მ.წ. 18 ივლისს გალის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები  ზ.ხ. ე.წ. საზღვარზე ადამიანების  „არალეგალურად„ გადაყვანის გამო დააკავეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ხალვაში    მეორე დღეს, საღამოს საათებში გაათავისუფლეს. ე.წ. მილიციის ხელმძღვანელობამ  ის მკაცრად გაფრთხილა, რომ მომავალში ე.წ. ენგურის საზღვარზე „მოქალაქეთა არალეგალური  გადაყვანის" შემთხვევაში მის მიმართ მკაცრი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ზომები იქნება მიღებული.  (20.07.18)

  მ.წ. 5 აგვისტოს  რუსმა „მესაზღვრეება" გულრიფშის რაიონის სოფელ საკენთან ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აფხაზეთიდან დევნილი, 52  წლის  ზ. გ.  დააკავეს.

 ზ. გ.-ს სახლი სოხუმში ომის დროს დაიწვა. სოხუმის დაცემის შემდეგ  ზ.გ.-ს ოჯახი  სამშვიდობოსკენ  საკენ-ჭუბერის გზის გავლით გაემართა. ისინი დღემდე სოფელ ჭუბერში  ცხოვრობენ. მათი ნათესავები  კი სოფელ აჟარაში დარჩნენ. სწორედ პერიოდულად მათთან ჩადიოდა დაკავებული  ზ. გ. ( 08.08.18)

  მ.წ.აგვისტოს ბოლოს საოკუპაციო ძალამ ენგურის ხიდზე მიკროავტობუსებს აფხაზურ საგუშაგომდე მისვლა აკრძალა. თუ აქამდე მიკროავტობუსებს ხალხი გამყოფ ხაზამდე  მიჰყავდა, ახლა მათ მხოლოდ ხიდის ნახევრამდე შეუძლიათ მისვლა. ამასთან,  ნახევარ წელზე მეტია ხიდზე მოძრაობა შეწყვიტეს ოთხთვალებმაც, რომლებსაც,  ადამიანები ბლოკპოსტამდე მიჰყავდა.   (DFWATCH, 28.08.18)

4. დისკრიმინაცია

გალის რაიონის მოსახლეობის მიმართ სეპარატისტული რეჟიმი დისკრიმინაციის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს. ერთ ერთი მათგანი   ხელფასიდან დაქვითულ  საშემოსავლო გადასახადს უკავშირდება.

ადგილობრივების თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში „ბინადრობის უფლების" სტატუსის მქონე პირებს ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით   30 % უკავდებათ, მაშინ, როცა  ე.წ.  აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის  საშემოსავლო  გადასახადი ხელფასის თანხის 20 პროცენტს შეადგენს.  ( 06.08.18).

სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას განიცდიან გალელი მოსწავლეებიც, რომელთაც  ქართული სკოლების გაუქმების გამო  ადგილზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების  საშუალება არა აქვთ. სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან, ასევე,  დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა  გალის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსწავლეების მიერ  ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონების სკოლებში სიარულს, მათ სერიოზულ  ბარიერებს უქმნიდნენ გამყოფ ხაზზე გადაადგილებაში ე.წ. მებაჟეები. არაერთხელ მოხდა ამ მოსწავლეების დაკავება და  მშობლებთან ერთად  გალის ე.წ.  მილიციის განყოფილებაში გადაყვანა იმის გამო, რომ ისინი მეზობელი ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონების სკოლებში სასწავლებლად დადიოდნენ.  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე,  არ აღიარებენ  ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში  აღებულ დიპლომებს,  ამიტომ ქართული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებული ახალგაზრდები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ  სამსახურს ვერ შოულობენ.  სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები გალელ ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ  სკოლის დასრულების შემდეგ  აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში  გააგრძელონ  სწავლა, რადგანაც სხვანაირად  ისინი „აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრირებას ვერ  შეძლებენ". 

მოსწავლეთა დისკრიმინაციის შემთხვევაზე წერს სააგენტო DFwatch.net, რომელიც მიუთითებს, რომ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალელ მოსწავლეებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ  ღონისძიებებზე დასწრება აუკრძალეს.

გალის ე.წ.  ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ამ ცოტა ხნის წინ  რაიონის ქართულ სკოლებს სტუმრობდა. როგორც სააგენტო DFwatch-ისთვის გახდა ცნობილი, შეხვედრების ფარგლებში, ის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და დირექტორებს მოუწოდა, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებზე ბავშვები არ გააგზავნონ.

საქმე ეხება ვენაში გამართულ ღონისძიებას_ „მე ვხატავ აფხაზეთს", რომელშიც, სხვა ბავშვებთან ერთად, გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

ნაირა ამალიამ უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მოსწავლეთა ნამუშევრებში აფხაზეთი ოკუპირებულად აღიქმება.

ღონისძიება, რომელსაც გალის ე.წ.  ადმინისტრაციაში უკმაყოფილება მოჰყვა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც აფხაზეთში მცხოვრები ბავშვები, ასევე, ქუთაისის, ზესტაფონის და ჭიათურის სკოლების მოსწავლეები. გამოფენა, სახელწოდებით, „მე ვხატავ აფხაზეთს", 24 აგვისტოს  გაიმართა. DFwatch,21.09.18

5. პასპორტიზაცია

 ოკუპირებულ აფხაზეთში ინტენსიურად მიმდინარეობს  ახალი ნიმუშის აფხაზური პასპორტების გაცემის პროცესი. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ  გალის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს, რომლებმაც  ახალი ნიმუშის აფხაზური პასპორტები აიღეს, დოკუმენტის შესაბამის გრაფაში „აფხაზეთის მოქალაქეობა" არ უწერიათ.   ე.წ. საპასპორტო განყოფილების მუშაკები ამ ადამიანებისგან ქართულ პირადობის მოწმობებს  ითხოვენ იმის დასადასტურებლად, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

 როგორც გამოირკვა,  გალის მცხოვრებლებზე გაცემულ  აფხაზურ პასპორტებს  ერთწლიანი მოქმედების ვადა აქვთ, როცა  სხვა რაიონების  მცხოვრებლებზე  გაცემული აფხაზური პასპორტის მოქმედების ვადა  ხუთ წელს შეადგენს.

 ადგილობრივების თქმით, გალის რაიონის მცხოვრებლებზე გაცემული აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადის შემცირება კორუფციას უკავშირდება, რათა   ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ე.წ. საპასპორტო მაგიდების თანამშრომლებს პასპორტების მოქმედების ვადის გაგრძელების სანაცვლოდ ქრთამის აღების საშუალება  მიეცეთ.  ზოგიერთი კი ამ ფაქტს  გალის რაიონის  ეთნიკურად ქართული მოსახლეობის  წინააღმდეგ  მიმართული დისკრიმინაციული  პოლიტიკას გამოვლინებად მიიჩნევს. ( 25.07.18) ამასთან, მოსახლეობაში მუსირებს  ხმები იმის თაობაზე, რომ გალის მცხოვრებლებს, რომელთაც  ახლახან  აიღეს აფხაზური პასპორტები, ეს  დოკუმენტი მალე გააუუქმდებათ და ისინიც დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად    ბინადრობის უფლებით ცხოვრებაზე  იქნებიან გადაყვანილი

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პასპორტიზაციის დროს აფხაზები ითხოვენ  ცნობას იმის შესახებ, რომ 1992-1993 წლებში  ესა თუ ის  ადამიანი აფხაზეთში  ცხოვრობდა. ამ საბუთის წარდგენა კი ადგილობრივი ეთნიკურად ქართული მოსახლეობის უმეტესობას გაუძნელდება, რადგანაც ისინი ომის პერიოდში და შემდგომ წლებში აფხაზეთიდან  იძულებით მიგრირებდნენ.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ პასპორტის აღების პროცესში მსგავსი გართულებები ხელოვნურადაა შექმნილი, რათა ეთნიკურად ქართულმა მოსახლეობამ „დოკუმენტის"  აღება ვერ შეძლოს და ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვოს" დასჯერდეს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ „საზღვრის" გადაკვეთის უფლებას აძლევს.

ამასთან, ე.წ. ბინადრობის უფლების აღება ფინანსებთანა დაკავშირებული, ეს „ დოკუმენტი"  მინიმუმ 500 ლარამდე ჯდება. თუ წარდგენილ  საბუთებში რაიმე სახის  ხარვეზი აღმოჩნდა,  ეს თანხა კიდევ უფრო იზრდება.DFwatch, 10.07.18

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაცია მოსახლეობაში აქტიურად ეწევა აფხაზური პასპორტის აღების სანაცვლოდ  გვარების აფხაზურად გადაკეთებისა და აფხაზად ჩაწერის პროპაგანდას, ამას ადასტურებს ის, რომ  წელს ქ. გალის დაარსების 86 წლისთავზე, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გალის რამდენიმე მცხოვრებს, რომლებიც, როგორც ჩანს,  აფხაზად ჩაეწერნენ, „ აფხაზეთის მოქალაქის პასპორტები  საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

ივლისის თვეში აფხაზურმა მხარემ უმოქმედოდ გამოაცხადა საბჭოთა პასპორტები, რომელთაც ვადა 2019 წლამდე ჰქონდათ გაგრძელებული.  ეჭვგარეშეა, რომ ეს იმიტომ გაკეთდა, რათა გალის მოსახლეობა სასწრაფო წესით გადაეყვანათ „ბინადრობის უფლებაზე". აღნიშნულ პროცესში აფხაზური ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული ე.წ. მესაზღვრეები, რომლებიც  გამყოფ ხაზზე გადამსვლელებს  ბინადრობის უფლების  აღებისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აფხაზეთში ვერ იცხოვრებენ. 

 იმის გამო, რომ ბლოკპოსტზე საბუთების შემოწმებასთან ერთად მოქალაქეების გამოკითხვა ხდება „ბინადრობის უფლების" აღებისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ ე.წ. გამშვებ პუნქტზე მუდმივად რიგებია, რაც ადამიანების უკმაყოფილებას იწვევს. (14.08.18)

 აფხაზური რეჟიმის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახალი ნიმუშის აფხაზური  პასპორტი გალის რაიონში უკვე აიღო 300-მა ადამიანმა. ბინადრობის ნებართვა კი  3 500-მა .

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო-სავიზო სამმართველოს მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში  უკვე გაცემულია 88 ათასამდე აფხაზური პასპორტი, კიდევ 7 ათასი განაცხადი კი განხილვის სტადიაშია. წლის ბოლომდე  დაახლოებით 140 ათასი ე.წ. პასპორტის გამოცვლა იგეგმება .

პერიოდულად მედიასა და სოციალურ ქსელებში ჩნდება პუბლიკაციები იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ადამიანები  პასპორტიზაციის  კუთხით  აწყდებიან.

„მოქალაქეობის შესახებ" ე.წ. აფხაზური  კანონის თანახმად, ადამიანებს უწევთ იმის მტკიცება, რომ 1994-დან 1999 წლის ჩათვლით „რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და, ამასთანავე, არ არიან „უცხო ქვეყნის მოქალაქეები". გამონაკლისს ამ მხრივ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა შეადგენს, რომლის მიღებაც ორმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე, აფხაზეთის მოქალაქეებს ნებადართული აქვთ. ვისაც ე.წ. მოქალაქეობა ჩამორთმეული ჰქონდა, (ბევრმა ამის შესახებ არც იცოდა) ე.წ.  პრეზიდენტთან არსებულ სპეციალურ კომისიაში მისი  აღდგენის  პროცედურის გავლა უწევს.

მას შემდეგ, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აფხაზური ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები განსაკუთრებით მომრავლდა, მ.წ. წლის მარტში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ შესაბამის უწყებებს "მოქალაქეობის შესახებ" კანონში ცვლილებების  განხორციელების პროექტის მომზადება დაავალა.

აფხაზური პარლამენტის მიერ 26 ივლისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად დამატებით განისაზღვრა პირთა წრე, რომლებსაც "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის" მიღება ყოველგვარი პირობების გარეშე შეეძლებათ (დღემდე ეს მხოლოდ აფხაზური ეროვნების მოქალაქეებს შეეძლოთ). ესენია: აფხაზეთში დაბადებული არასრულწლოვანები; 1992-93 წლების ომის მონაწილეები; პირები, რომლებიც აფხაზეთიდან სასწავლებლად ან სამკურნალოდ იყვნენ გასული, მაგრამ წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით; პირები, რომლებიც ამ პერიოდში  რუსეთის ფედერაციაში იყვნენ  წასული რუსული პენსიის მისაღებად საჭირო დოკუმენტების მოსაძიებლად .

აფხაზეთის მცხოვრებთა გარკვეულ კატეგორიას ამ ცვლილებამ პრობლემა მართლაც მოუხსნა, თუმცა პროცესი მაინც ჭიანურდება - ახლა უკვე სხვა მიზეზით.

„პროცესი ჭიანურდება იმის გამო, რომ ტარდება საპასპორტო მაგიდების შემოწმებები, მათ შორის - უშიშროების ხაზითაც. დასამუშავებელი მასალა ბევრია და თანამშრომლები ფიზიკურად ვერ ასწრებენ", - განაცხადა ე.წ.  შსს-ს საპასპორტო სამმართველოს ხელმძღვანელმა ედუარდ მენარგიამ.  

სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები გალის რაიონში მიმდინარე  ნეგატიურ პროცესებს  ადამიანის უფლებათა დარღვევებად და დისკრიმინაციად არ მიიჩნევენ .

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აცხადებს, რომ გალის რაიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები არ იზღუდება.

„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ გალის რაიონის მცხოვრებლები მოკლებულნი არიან ამა თუ უფლებებს. ეს ასე არ არის. უკვე მიღებულია და ძალაში შევიდა კანონები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ სტატუსზე - „აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და გამოსვლის შესახებ". არჩევნებში მონაწილეობისა და ასევე, უძრავი ქონების შეძენის  (რადგან, ამ უფლებებით მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს შეუძლიათ სარგებლობა) გარდა, გალის მცხოვრებლები, რომლებიც ბინადრობის ნებართვით სარგებლობენ, ინარჩუნებენ ყველა სხვა უფლებას. თუ თქვენ გულისხმობთ ე. წ. პასპორტიზაციის საკითხს, უნდა გვახსოვდეს, რომ აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრებლებზე 2014 წლამდე გაცემული პასპორტები, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონი ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ ერთ სახელმწიფოსთან - რუსეთთან. რაც შეეხება გალის რაიონის მცხოვრებლებზე დოკუმენტების გაცემას, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პასპორტები, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე მიიღო რაიონის 300-მა მცხოვრებმა. ბინადრობის ნებართვა კი 3 500-მა ადამიანმა გააფორმა. ეს საკითხი გეგმაზომიერად წყდება, და აქ მე შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ.- განუცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ლაივპრესს".

მისი თქმით, თუ საუბარი პასპორტიზაციას შეეხება, აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრებლებზე 2014 წლამდე გაცემული პასპორტები, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა. „აფხაზეთის რესპუბლიკის კანონი" კი, ე.წ. მინისტრის განმარტებით,  ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ ერთ სახელმწიფოსთან - რუსეთთან ითვალისწინებს. რაც შეეხება გალის რაიონის მცხოვრებლებზე დოკუმენტების გაცემას, მისი ინფორმაციით, ახალი პასპორტები უკვე მიიღო გალის რაიონში მცხოვრებმა 300-მა ადამიანმა, ხოლო  ბინადრობის ნებართვა 3 500-მა ადამიანმა  გააფორმა.

„ეს საკითხი გეგმაზომიერად წყდება, და აქ მე შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ", - განაცხადა დაურ კოვემ. Livepress, 16.08.18

6. უძრავი ქონების საკითხი

გავრცელებული ინფორმაციით,  ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა  „მოუვლელი  და მიტოვებული" სახლების „აღმოჩენით"  არის დაკავებული. აფხაზური სააგენტოს „აიააირას" ცნობით, "ქალაქის ე.წ.  ადმინისტრაცია შეწუხებულია „ოჩამჩირის ცენტრში   უკარფანჯრო და უსახურავო სახლების არსებობით, რომლებიც ქალაქის   იერსახეს აფუჭებენ".  

როგორც სააგენტო იუწყება, ოჩამჩირის ცენტრში 2 ათასამდე ასეთი სახლია, რომელთა უმრავლესობა ახალ მესაკუთრეებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ გადაუფორმეს.

ე.წ. რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიტოვებული კარ-მიდამოების მეპატრონეებს მოუწოდებენ,  უძრავი ქონება მოაწესრიგონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი საქმეები სასამართლოს გადაეცემა და მესაკუთრეებს კერძო საკუთრება ჩამოერთმევათ. Pia.ge, 13.07.18

  ე.წ. მიტოვებული სახლების     კანონიერი მფლობელები-ეთნიკურად ქართული მოსახლეობის უმრავლესობა  ომის შემდეგ აფხაზეთიდან გაძევებულ იქნა. მოგვიანებით, ეს სახლები  ეთნიკურად აფხაზებმა გადაიფორმეს, თუმცა მათი შერემონტებით თავი არ შეუწუხებიათ.  ახალი მეპატრონეების უმეტესობა სოხუმში ცხოვრებას არჩევს. ისინი  ხელსაყრელ დროს ელოდებიან ამ სახლების გასაყიდად. ეს ხელსაყრელი დრო კი მაშინ დადგება, როცა  აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი  ოფიციალურად  მიიღებს კანონს  რუსეთის მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების მიყიდვის შესახებ, თუმცა  საკითხის ამგვარ გადაწყვეტას  ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„უპატრონო" სახლების აღრიცხვის პარალელურად ე.წ. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის , ანუ  გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს.

მ.წ. ივლისის  ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა    პრივატიზაციას დაქვემდებარებული  ობიექტების დამატებითი სია დაამტკიცეს, რომლებიც კონკურსის წესით გაიყიდება.

ჩამონათვალში შეტანილია  ყოფილი  სახელმწიფო საწარმოოს „  სოხუმის ქიმიური ქარხნის" კომპლექსი ( სოხუმი, გუმისთის ქ.7). ნაგებობის  ფართობთან  ერთად ( 12 2018,96 კვ.მ) ;  საწყისი ფასი 15 მლნ რუბლია.

 ქ. გუდაუთაში მდებარე რესპუბლიკური უნიტარული საწარმოო : „ავტოსარემონტო  ქარხანა". ნაგებობის ფართობი 5 962 კვ.მ;  საწყისი  ფასი- 10 მლნ რუბლი.

 საპრივატიზაციოდ  გატანილია, ასევე, სანატორიუმ „გაგრიფშის" კომპლექსის ზედა ნაწილი. ნაგებობის ფართობი 7 164, 38 კვ.მ;  საწყისი ფასი 17 მლნ რუბლი. Abkhazia inform, 27.07.18

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გალის რაიონის სოფლების გაგიდისა და რეფის ტერიტორიაზე   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ ხე-ტყისა და ბუჩქნარის ამოძირკვა,  არხების გაყვანა. სავარაუდოდ, შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე 3,5 ათას ჰექტარზე ჩატარდება. წინასწარი  ინფორმაციით, გაგიდისა და გუდავის ტერიტორიაზე მოეწყობა საკურორტო-დასასვენებელი კომპლექსი. ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს  რუსეთიდან ჩამოსული ბიზნესმენები ხელმძღვანელობენ.

მოსახლეობაში, ასევე, აქტიურად მუსირებს ხმები იმის შესახებ, რომ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები  აღნიშნულ ზონაში მდებარეობს, ამ ტერიტორიიდან აყრა მოუწევთ. მათ  ქალაქ ოჩამჩირესა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში მიტოვებულ სახლებს  შესთავაზებენ.  (20.07.18) 

 ზემოთმოყვანილი ფაქტები ნათლად მიუთითებს , რომ   ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვისა და მათი შევიწროების ტენდენციები  დღითი დღე იზრდება და განზოგადოებულ ხასიათს იღებს. საოკუპაციო და სეპარატისტული რეჟიმები  ყოველმხრივ ცდილობენ, რომ    ისინი  მუდმივი შიშისა და  წნეხის ქვეშ იყოლიონ, ხოლო იმ ადამიანებს,  ვინც მათ  რეჟიმს   ვერ შეეგუება  და თამაშის წესებს არ მიიღებს , ტერიტორიისა და  სახლების დატოვებისკენ უბიძგონ.

 

გამოყენებული  წყაროები:

1.Apsnypress.info

2. Abkhazia inform

3.sputnik Abkhazia

4.apsny.ru

5 Abaza-TV

6.Apsua.tv.ru

7. Abkhaz-auto.ru

8.Ekhokavkaza.com

9.kavkaz- uzel.eu

10.Aiaaira.com

11. Apsny life.ru

12.Нужная газета

13. Ria.ru

14  lenta .ru

15. kavpolit.ru

16. tass. ru.

17.Ipn.ge

18. Ghn.ge

19. Pia.ge

20. Axali ambebi.ge

21.Radiotavisufleba.ge

22. Presa.ge

23. News.ge

24. Newposts.ge

25.Accent.com.ge

26.  Livepress.ge

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

<< უკან