ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      01 02 03 04
05 06 08 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზი

 

სექტემბერი, 2018

შინაარსი

1. შესავალი

2. საერთაშორისო ორგანიზაციები, მისიები და მათ მიერ განხორციელებული პროექტები

3. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი საქმიანობის მიმართულებები

4. დასკვნა

 

  1. შესავალი

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 300-მდე „ეგრეთწოდებული" არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქსირდება, თუმცა მოქმედი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია, რომლებიც ფინანსდებიან დონორებისაგან, ყავთ პარტნიორი ორგანიზაციები, მონაწილეობას იღებენ საგრანტო კონკურსებში და ახორციელებენ პროექტებს, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის.

წლების მანძილზე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, ძალიან აქტიურად საქმიანობდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ბევრმა მათგანმა დაასრულა მისია და დატოვა აღნიშნული ტერიტორია, დღეს ადგილობრივი არასამთავრობო  ორგანიზაციები აგრძელებენ საქმიანობას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობას. ჩვენს ანალიზში გვინდა ცალკეული მათგანის გაწეული საქმიანობის შესახებ ვისაუბროთ.

საერთაშორისო ფონდები და დონორი ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროექტებზე  მონიტორინგს  ხშირ შემთხვევაში ვერ ახორციელებენ, რადგან დონორებს არ ეძლევათ ადგილზე ჩასვლის შესაძლებლობა, ამიტომ იმ მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე ხდება პროექტის შეფასება, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაციები აწვდიან, რაც ხშირ შემთხვევაში არაზუსტია და სიმართლეს არ შეესაბამება.

  1. საერთაშორისო ორგანიზაციები, მისიები და მათ მიერ განხორციელებული პროექტები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს დაფუძნდა, 1992-93 წლებში აფხაზეთში გაჩაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუყოვნებელი ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის მიზნით. მას შემდეგ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში აქტიურად იცავს თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილების, დევნილების და მოქალაქეობის არ მქონე პირების უფლებებს და ეტაპობრივად აფართოვებს მის პროგრამას ახლად გამოვლენილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს მთავრობა იღებს მხარდაჭერას და დახმარებას,  რათა უზრუნველყოფილი იქნას ზემოთ აღნიშნულ პირთა უფლებების პატივისცემა, დაცვა და განხორციელება სათანადო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  

უმაღლესი კომისარიატის საქმიანობის მიზანია ლტოლვილთა პრობლემების ხანგრძლივი დროით მოგვარება, ნატურალიზაციისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის გზით და დევნილთა დახმარება დაბრუნების მოლოდინში ადგილობრივი ინტეგრაციის მეშვეობით. ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიდგომა ჰარმონიზებულია და ითვალისწინებს გაეროს სხვა სააგენტოების, პროგრამების და ფონდების ჰუმანიტარულ და განმავითარებელ  ძალისხმევას, რომელიც ხორციელდება გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და მიზნად ისახავს ჰუმანიტარული რეაგირებიდან უფრო ფართო განმავითარებელ რეაგირებაზე გადასვლას. აღნიშნული საქმიანობისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დევნილთა და ლტოლვილთა განვითარების დღის წესრიგში ჩართვის ადვოკატირებას.

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა მდებარეობს თბილისში, ასევე აქვს საველე ოფისები ზუგდიდში, გალსა და სოხუმში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი კვლავ რჩება ძირითად მოქმედ პირად დევნილთა დაცვის საქმეში და სრულად ასრულებს მათი დამცველის როლს, კონკრეტულად ორიენტირებულია მათი პრობლემების გრძელვადიან მოგვარებასა და დაბრუნების უფლების ჯეროვან პატივისცემაზე. აგრძელებს რა აფხაზეთში დაბრუნებული დევნილების რეინტეგრაციის ხელშემწყობ საქმიანობას, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი განაგრძობს მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერას დევნილების სრული ინტეგრაციის მიმართულებით,  რაც გულისხმობს 2012 - 2014 წლების დევნილების შესახებ სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას. მეტიც, იგი ხელს უწყობს დაცვას, კოორდინაციას, მონიტორინგსა და რეაგირებას, აკონტროლებს დაცვის ქსელს და მხარს უჭერს რეფერალური მექანიზმების შექმნას ასევე ანხორციელებს მიზნობრივ დაცვით ინტერვენციებს.  

1998 წელს გაეროში რუსეთის ფედერაციის  წარმომადგენლებმა ვეტო დაადეს აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს უმაღლესი კომისრის მისიის გაგრძელებას, რომელიც მონიტორინგს ახორციელებდა აფხაზეთსა და კოდორის ხეობაში.

ევროკავშირი: ევროკავშირი, 25 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებით, აფხაზეთში ყველაზე დიდ დონორს წარმოადგენს. ეს თანხა ძირითადად რეაბილიტაციის პროექტებსა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურს ხმარდება. გაცილებით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა პროექტებისათვის, რომლებიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის პროექტებისათვის გამოიყო ორი გრანტი. ამგვარი მიდგომა, ნაცვლად ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე ორიენტირებისა, მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობათა განმტკიცებას.  ე.წ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გაწეული წინააღმდეგობის ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი მაგალითია მის მიერ გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ფილიალის გახსნაზე უარი.

კობერმი (COBERM) - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა). COBERM-ი ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომელიც კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. COBERM-ი მხარს უჭერს სწრაფად განხორციელებად და კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.

COBERM-მა მუშაობა დაიწყო 2010 წლის მაისში. პროგრამის ორი ფაზა განხორციელდა 2010 - 2015 წლებში, მესამე ფაზა კი დაიწყო 2016 წლის იანვარში და გაგრძელდება 2018 წლის ბოლომდე. საგრანტო პროგრამის მეშვეობით COBERM-ი მხარს უჭერს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებსა და საქმიანობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრებისა და კონფლიქტით დაზარალებული თემების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.  პირველი ორი ფაზის შედეგად COBERM-მა ხელი შეუწყო 137 ადგილობრიცი ინიციატივის განხორციელებას.

COBERM-ის, როგორც ნდობის აღდგენის მექანიზმის, გამოყენება მეტად ეფექტურია კონფლიქტის მოგვარების საქმეში ინოვაციური მიდგომების დასანერგად. ამას ადასტურებს პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული პრაქტიკული ინიციატივები და ფართო თანამშრომლობა ქართულ, აფხაზურ, ოსურ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 2010-2015 წლებში განხორციელებული პირველი ორი ფაზის შედეგად COBERM-მა ხელი შეუწყო 137 ადგილობრივ ინიციატივას ნდობის აღდგენისათვის პრიორიტეტულ სფეროებში: ახალგაზრდების განათლება, სახალხო დიპლომატია, დიალოგი და კვლევა. ყველაზე მოწყვლადი თემების საცხოვრებელი პირობებისა და შემოსავლების გაუმჯობესება, კულტურული თანამშრომლობა, ეროვნული უმცირესობები, ქალთა მონაწილეობის გაძლიერება, ჰუმანიტარული დახმარება და ჯანდაცვა, სათემო მობილიზაცია, ქმედითუნარიანობის გაზრდა, ინოვაციები.

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო და დანიის ლტოლვილთა საბჭო ის ორგანიზაციებია, რომლებიც შეიძლება თქვას ძალიან წარმატებით ახორციელებდნენ პროექტებს, როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ასევე სოციალური მიმართულებითაც.

დანიის ლტოლვილთა საბჭომ გალის რაიონში 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის (ომის შედეგად დაზიანებული და დამწვარი სახლები იგულისხმება) რეაბილიტაცია მოახდინა, 200-ზე მეტი სახლი ააშენა გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონში, ასევე გასცემდა მცირე ბიზნეს გრანტებს ადგილობრივ მოსახლეობაზე, გასცემდა მიკრო გრანტებს მეფუტკრეობა-მეცხოველეობის ხელშეწყობისათვის, აღსანიშნავია დანიელების წვლილი საგანმანათლებლო მიმართულებითაც. უფასო კურსები ყველა მსურველს, ასაკის შეუზღუდავად, სადაც შეეძლოთ ინგლისური ენის შესწავლა, კომპიუტერული უნარ ჩვევების გაღრმავება,

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC) არის ის ორგანიზაცია, რომელიც 6 მიმართულებით მუშაობს, ამ მიმართულებებიდან აფხაზეთში თავშესაფრის, იურიდიული მომსახურების და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით იყო დაკავებული. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ, დანიის ლტოლვილთა საბჭოს მსგავსად, გალის რაიონის სოფლებში სკოლების რეაბილიტაცია სრულად აითვისა, ასევე 60 სახლი ააშენა გაეროს სატანდარტების გათვალისწინებით, 200-ზე მეტი სახლის გადახურვა-რეაბილიტაცია მოახდინა, 4 წლის მანძილზე. დღესდღეობით მხოლოდ ამ ორგანიზაციების შვილობილი ორგანიზაციები მოქმედებენ, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მისიამ 2012 წელს დატოვა აფხაზეთი.

 

მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF ინტერნაციონალი) არის არასამთავრობო, კერძო, აპოლიტიკური, არარელიგიური და არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა პარიზში 1979 წელს. მისი საქმიანობა მოიცავს შიმშილთან, სიღარიბესთან და სიცოცხლისთვის საშიშ იმ სიტუაციებთან ბრძოლას, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მამაკაცებზე, ისე ქალებსა და ბავშვებზე. ACF სამხრეთ კავკასიაში 1994 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავდა საგანგებო და მის შემდგომ მდგომარეობაზე მომართულ პროექტებს, რომლებიც სარეაბილიტაციო პროექტების სახელ იძენდა ცვალებადი სოციო-ეკონომიკური კონტექსტის პირობებში. ACF სამხრეთ კავკასიას, რომელიც მოიცავს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, აქვს 6 ოფისი რეგიონში მთავარი საკოორდინაციო ოფისით თბილისში. ორგანიზაცია მუშაობს თემის მობილიზებაზე, სოფლის მეურნეობაზე, მარკეტინგზე, სამართლებრივ საკითხებზე, მეცხოველეობაზე, სოციო-ეკონომიკურ საკითხებზე, მონაცემთა ბაზის მართვაზე, ინჟინერიაზე, ადმინისტრაციაზე, ლოჯისტიკაზე, მხარდაჭერასა და პროექტის მართვაზე.

აღსანიშნავია 1993 წლიდან დღემდე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის როლი და ფუნქცია აფხაზეთის რეგიონში.  იგი ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.

ორგანიზაციის წევრები ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, ცდილობენ დაღუპულთა საფლავების მოძიებას და მათ გადმოსვენებას, გარდა ამისა ციხეებში ხვდებიან დაკავებულებს და უზრუნველყოფენ მათ კონტაქტს ოჯახთან. „წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მხოლოდ ჰუმანიტარული მისია. ეს მისია გულისხმობს ომების და ქვეყნის შიდა არეულობების მსხვერპლთა სიცოცხლის და ღირსების დაცვასა და მათთვის დახმარების აღმოჩენას.

„წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტი ამჟამად წარმატებით ახორციელებს ბარათებისა და ამანათების პროგრამას.

ვორდ ვიჟენი არის ერთ ერთი უდიდესი არასამთავრობო ინტერნაციონალური ქრისტიანული შემწეობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომელიც 1950 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს „ყოველი ადამიანის კეთილდღეობა, განსაკუთრებით ბავშვების". ვორდ ვიჟენი საქმიანობას დედამიწის ექვსი კონტინენტის 97 ქვეყანაში ოთხი ძირითადი პროგრამით ახორციელებს: ბავშვები განსაკუთრებით რთულ გარემოებებში, კვების უსაფრთხოება და თემის განვითარება; ადამიანის უფლებები და მშვიდობის შენარჩუნება; მიკროსაწარმოების განვითარება. დღეის მონაცემებით ვორდვიჟენის მისია აფხაზეთში არ ეწევა საქმიანობას

დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არის არცერთი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის მისია, გარდა ზემოთ აღნიშნული წითელი ჯვრის კომიტეტისა.  საერთაშორისო ორგანიზაციებმა დატოვეს კონფლიქტის ზონა, და მათ მიერ დაწყებულ საქმიანობებს ახორციელებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტნიორი ფონდები.

მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია - პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო" (UTEU) არის საზოგადოებრივ - პროფესიული ორგანიზაცია, დაფუძნებული 2002 წელს. მისი მისია გამოიხატება შემდეგი მიმართულებებით: განათლების სფეროში დემოკრატიული პროცესების განვითარება და ხელშეწყობა; მსოფლიო კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია, ზრუნვა მოსწავლე - ახალგაზრდობის განვითარების, განათლების და დასაქმებისათვის, სამოქალაქო განათლება, ადამიანის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, მონაწილეობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობა და განვითარება. მიზნობრივი ჯგუფები კი არიან პედაგოგები, მოსწავლე ახალგაზრდობა, ქალთა ჯგუფები, იძულებით გადაადგილებული პირები. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები ემსახურება დემოკრატიული ღირებულებების, ფასეულობების დამკვიდრებას, სამოქალაქო საზოგადოების განათლებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ამ ორგანიზაციას ყავს პარტნიორები აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამარტო გალის რაიონში, არამედ ოჩამჩირესა და ტყვარჩელში. გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის სკოლაში უკვე ისწავლება სამოქალაქო განათლების წიგნი-სახელმძღვანელო, რომელიც არის გამოშვებული კობერმის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელშიც ქართველი და აფხაზი პედაგოგების ერთობლივად შემუშავებული თემატიკით არის შედგენილი. წიგნი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მომავალი წლიდან იგეგმება მისი სოხუმის სკოლებში შეტანა, ამისათვის კი იგეგმება პედაგოგებისათვის ერთობლივი ტრენინგ სემინარები.

3. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და

მათი საქმიანობის მიმართულებები

1997 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "სოხუმის ახალგაზრდობის სახლი" თავდაპირველად კონფლიქტში დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ამის შემდეგ ორგანიზაციამ განათლების მიმართულებით გააფართოვა აქტივობა და ადგილობრივებისთვის ენებისა და კომპიუტერის შესწავლის კურსები დაამატა, ასევე შესთავაზა ბენეფიციარებს ვიზუალური და თეატრალური ხელოვნების კურსები და ტრენინგები მშობლებისათვის და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.

"ჩვენ იმ ბავშვებზე ვკონცენტრირდებით, ვის ოჯახებსაც შეეხო კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა დაზარალდა, აღმოსავლეთ აფხაზეთზე ვკონცენტრირდებით", - ამბობს ელენე კობახია, "სოხუმის ახალგაზრდობის სახლის" დამფუძნებელი. "ჩვენი სამომავლო მიზანია ბავშვების ჩართვა ყველა რეგიონიდან".

"ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან საზღვრის პირას ცხოვრობენ," - დასძენს იგი.

კონფლიქტის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თუმცა კონფლიქტისგან დარჩენილი ჭრილობები ისევ ღრმაა. გალი განსაკუთრებულად ზარალდება - აქ ხალხი დაუცველი და გაუცხოებულია, რასაც უნდობლობა და ენობრივი ბარიერი იწვევს. კობახიას მოადგილე აიდა ლადარია თვლის, რომ "გალის მოსახლეობის ინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მოვალეობაა". "ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აფხაზეთის შესახებ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ძალიან ბევრი ადამიანი არც კი ყოფილა სოხუმში, არადა იქამდე მხოლოდ რამდენიმე კილომეტრია," - ამბობს აიდა. "ომის შემდგომ თაობას კიდევ უფრო ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა დაემყარებინა ურთიერთობა აფხაზეთთან. ჩვენ ვმუშაობთ ამ ადამიანებს შორის ურთიერთნდობის აღდგენაზე. - აცხადებს ელენა კობახია

ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრი (CHP) ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც 1992-1993 წლის კონფლიქტის შემდეგ დაარსდა. სოხუმის ახალგაზრდობის სახლის მსგავსად, CHP-მ მუშაობა კონფლიქტის შემდგომი ფსიქო-რეაბილიტაციით დაიწყო და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომელიც ფოკუსირდება აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაზე.  

გალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის კანონმდებლობა და ბიუროკრატია ხშირად ხდება პრობლემა: პასპორტის მიღება, დოკუმენტების ვალიდურობის აღიარება, მაგ.,  დაბადების მოწმობის ასლის, ან გალის მაცხოვრებელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის ქორწინების პროცესი კოშმარს ემსგავსება. გალში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად არ არიან აფხაზეთის მოქალაქეები, ძალით გაიწვიეს აფხაზეთის არმიაში და შემდეგ არაკანონიერად გაასამართლეს და დეზერტირობა დასწამეს. CHP-ს სოხუმში, გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში იურიდიული კონსულტაციის ოფისები აქვს.

"გალში ყველაფერი პოლიტიზირებულია, რადგან აქ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ეთნიკურად ქართველია, საზღვარიც ახლოსაა", - აღნიშნავს დიანა კერსელიანი, CHP-ს პროექტის კოორდინატორი. დიანა ხაზს უსვამს, რომ გალის რეგიონი მათი პან-აფხაზური აქტივობების სპექტრის ნაწილია. "აქ ყველაფერი ფრთხილად უნდა აკეთო, რათა ადამიანებს ზანი არ მიაყენო. თუ შეცდომას დაუშვებ, ისინი კიდევ უფრო მეტად გაწვალდებიან."

კერსელიანი აღიარებს ადგილობრივი ადმინისტრაციის უნდობლობას CHP-სადმი, რისი მიზეზიც, ძირითადად, საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული დაფინანსებაა. ეს უნდობლობა აფხაზური საზოგადოების სხვა ფენებშიც ვრცელდება:

"არის წრეები, სადაც ვეზიზღებით. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გალის მოსახლეობის უფლებებს ვიცავთ და დანარჩენი აფხაზების ინტერესები არ გვადარდებს," - ამბობს დიანა. "მაგრამ ეს არ არის სიმართლე! ჩვენ მთელ აფხაზეთში ვმუშაობთ. ჩვენი იურიდიული კონსულტაციის ოფისიდან მიღებული რიცხვებით ჩანს, რომ იურიდიულ კონსულტაციას ძირითადად აფხაზებს ვუწევთ. ალბათ ინფორმაციის ნაკლებობაა, ალბათ ადამიანები პროპაგანდის მსხვერპლები არიან, აქ ხომ რთული გეოპოლიტიკური კონტექსტია."

 გალში ასევე არსებული "დემოკრატიის ინსტიტუტი" 2007 წელს დაარსდა გაეროს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) დახმარებით. ამ ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი რეგიონში ადამიანთა უფლებების დაცვაა. "ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასა და მთავრობას შორის კომუნიკაციის დამყარებაზე ვმუშაობთ," - გვიხსნის ედუარდ ტორუა, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. "აფხაზეთში ადამიანები, როგორც წესი, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიდიან, რომელიც მერე თავის მხრივ შესაბამის ორგანოებს მიმართავს. ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, ადამიანებს პირდაპირ, შუამავლების გარეშე რომ შეეძლოთ პრობლემების მოგვარება." ინსტიტუტმა დააარსა "მხარდაჭერის საჯარო ჯგუფი", სადაც აღმოსავლეთ აფხაზეთის 15 წარმომადგენელი ერთიანდება. თითოეული დელეგატი საქმის კურსში აყენებს ორგანიზაციას თავის კომუნაში ზოგადი სიტუაციისა და უსაფრთხოების რისკების შესახებ. ამ ინფორმაციაზე დაყრნობით დემოკრატიის ინსტიტუტი აწყობს შეხვედრებს ადგილობრივებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან, რათა დაეხმაროს მათ პრობლემების გადაჭრაში."

გაურკვევლობა ის სიტყვაა, რომელიც გალის რაიონში ბევრ საკითხს ესადაგება. აქ მოსახლეობის უმრავლესობა არ ითვლებიან აფხაზეთის მოქალაქეებად, ამიტომ მათზე არ ვრცელდება ბევრი ადგილობრივი კანონები და უამრავი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. "აქ ხალხმა არ იცის, უნდა ჩათვალოს თუ არა თავი აფხაზეთის მოქალაქედ თუ უბრალოდ "მაცხოვრებლად". ისინი თავს დაუცველად გრძნობენ", - ხსნის ტორუა. "აფხაზეთის მოქალაქეობის გარეშე, მათ არ აქვთ ბიზნესის კანონიერად წარმოების საშუალება, არ შეუძლიათ ავტომობილის მართვის მოწმობის მიღება. მათთვის შეზღუდულია ქონების მემკვიდრეობით მიღება ან შესყიდვა, რადგან ნოტარიუსი ამ შეთანხმებებს არ დაარეგისტრირებს. არის პრობლემები განათლებასთან, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებითაც."

დემოკრატიის ინსტიტუტის აქტივისტები ადგილობრივი მთავრობისგან განსხვავებულ რეაქციებს იღებენ. "არასამთავრობოების მუშაობისადმი უნდობლობა ახალი არ არის, არც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებია ახალი აფხაზეთისთვის. თუმცა მთავრობა იმდენად ხშირად იცვლება, რომ სიტუაცია არ სტაბილურდება. სახეზეა პროპაგანდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს "დამანგრეველ მოქმედებებს" აბრალებენ.

როცა ბატონ ტორუას ვკითხეთ, რა არის მისი აქტივობის მიზანი, მან გვიპასუხა, რომ მშვიდობის მიღწევა სურს. (ტორუა ქართველებთან ერთად მშვიდობისმშენებლობის ფოკუს ჯგუფში მონაწილეობას 2002 წლიდან ღებულობს)

"მინდა, რომ გალის მოსახლეობას აღუდგეს ღირსება და იგრძნონ, რომ მათ შეუძლიათ ყველა იმ უფლებით სარგებლობა, რომლითაც დასავლეთ აფხაზეთის მოსახლეობა სარგებლობს. ისინი აქ ოცი ან ორმოცი წლის წინ არ ჩამოსულან საცხოვრებლად. ეს აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობაა და სრული უფლება აქვთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. მე მინდა თანასწორობა და ეროვნული უმცირესობების დაცვა. ეს მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას მოიტანს. ჩვენ ერთად შევძლებთ წინ წავიდეთ."

ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოდან დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალების შეტანა აეკრძალათ. „ლაივპრესის" სოხუმელი კორესპონდენტის ამრა ადლეიბას ცნობით, აკრძალვა შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთში საომარი მოქმედებების შემდეგ ინფრასტრუქტურის აღდგენის მიმართულებით მუშაობენ. აფხაზეთის საბაჟო სამსახურის მიერ წარმოებული აღრიცხვის შედეგად გაირკვა, რომ დიდი რაოდენობით ცემენტი, ქვა და სხვა სახის სამშენებლო მასალები, სწორედ, რომ საქართველოდან შედის და მისი გადამტანი აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. ამრა ადლეიბას ინფორმაციით, აკრძალვა არ შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი ოჯახის საჭიროებისთვის, ურიკებით, ან სამარშუტო ტაქსებით მიაქვთ მცირე რაოდენობის სამშენებლო მასალა.

ასევე გალის რაიონში სხვა მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ფუნქციონირებენ და განარგძობენ ახალგაზრდებთან მუშაობას. ჩამოთვლილი ორგანიზაციები ძირითადად თანამშრომლობენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროექტებს საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებენ.

ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების გარდა, ნაკლები აქტივობით, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს  გალის რაიონში ადგილობრივი არასმთავრობო ორგანიზაციები. მათ შორისაა:

ასოციაციაავანგარდი", გალი, აღმასრულებელი დირექტორი ანჟელა ტორუა. ორგანიზაცია მუშაობს ძირითადად საგანმანათლებლო პროექტებზე მოსწავლეებთან და ქალბატონებთან. ასევე აქვს პერიოდული აქციები სამედიცინო გამოკვლევაზე. შვედურმა ორგანიზაცია „კვინა ტილ კვინამ" (ქალები ქალებისათვის) საჩუქრად ჩამოიტანა პორტატული ექოსკოპიის აპარატი და ოფისში ადგილობრივი ექიმების დახმარებითა და ხელშეწყობით გაიხსნა რეპროდუქციული კაბინეტი, რომლითაც ძალიან ბევრი სარგებლობს რაიონის მასშტაბით. მთავარი რაც ამ კაბინეტის წარმატებას უწყობს ხელს - გამოკვლევა არის უფასო, - აცხადებს  ასოციაციის დირექტორი. ასევე არის ინგლისური ენის და კომპიუტერის კურსები, ტრენინგები სასიცოცხლო უნარებზე და ხელობის კურსები. ასოციაცია 2000 წლიდან ფუნქციონირებს, ორიენტირებულია მშვიდობისმშენებლობაზე. (ორგანიზაციის დონორები: „კვინა ტილ კვინა", ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა და ქალთა ორგანიზაციები, „სეივ დე ჩილდრენ");

არასამთავრობო ორგანიზაციასამურზაყანო", ხელმძღვანელი ქეთევან გოგოხია. იგი მუშაობს ძირითადად საგანმანათლებლო პრექტებზე ქალებთან და ბავშვებთან, აქვთ ხელსაქმის, ინგლისური და კომპიუტერის შემსწავლელიკურსები, ასევე ბოლო რამოდენიმე წელია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას: მეფუტკრეობა-მეთევზეობის განხრით. მჭიდრო კონტაქტები აქვთ საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ასოციაციააფხაზეთი" (აპსნი) (ხელმძღვანელი გია კვეკვესკირი);

"ინვალიდთა ასოციაცია" (ხელმძღვანელი ირმა იზორია);

სარეაბილიტაციო ცენტრი ინვალიდ და უნარშეზღუდული ბავშვებისათვის. ამ ცენტრისთვის სავარჯიშო დარბაზი, მასაჟის კაბინეტი და გასართობი სივრცე გაკეთდა დანიის ლტოლვილთ საბჭოს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს და გაეროს უმაღლესი კომისარიატის ხელშწყობით;

ასოციაცია სპექტრი (ხელმძღვანელი ქეთინო გოგოხია);

"სახალხო დიპლომატია" (პრეზიდენტი თინა ქეცბაია);

"გალის ბავშვთა და ახალგაზრდობის სახლი" (ნინო ჯგერენაია);

"აფხაზ თავადაზნაურთა კავშრი" (თენგიზ ინალ-იფა);

"გალის ქალთა კაშირი" (ხელმძღვანელი ნარგიზა კვეკვესკირი);

"შშმ პირების კავშირი" (ხელმძღვანელი მაია კვეკვესკირი).

აფხაზეთში მიუხედავად ე.წ. მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის სინერგიული თანამშრომლობის მცდელობისა, არიან საკმაოდ ნეგატიურად განწყობილი ადგილობრივი „კავშირები" და „საძმოები", რომლებიც აფხაზეთის სოციალურ ქსელებში ისევ მოღალატეებს ეძებენ - და ამ როლში, როგორც წესი, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აღმოჩნდნენ.

სკანდალი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მავანმა ანონიმმა გამოაქვეყნა პოსტი სათაურით ბიზნესი თუ აფსნისადმი ღალატი?". ამ პოსტს დართული ჰქონდა 2016 წლის დასაწყისიდან რეალიზებული პროექტის მასალები, სახელწოდებით „აფხაზური ენის შენარჩუნება აფხაზებისა და ქართველების მიერ" - თანაც ის მასალები, რომლებიც, უკვე დიდი ხანია, თავისუფლად ხელმისაწვდომია ინტერნეტით. ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთში პროექტის მონაწილეთა გვარებია ჩამოთვლილი, რომელთა შორის ცნობილი აფხაზი მწერლები და ლინგვისტებიც არიან, მათი აზრით: „პროექტ PALAG-ის მთავარ ამოცანას წარმოადგენს აფხაზური საზოგადოების საქართველოსთან ურთიერთობაში ჩათრევა, და ქართველებისთვის და მათი ოკეანის გაღმელი ბატონების მიერ იმ აფხაზ ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენა, რომლებმაც პერსპექტივაში ჩვენი და თქვენი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვრონ!".

სოციალურ ქსელებში ამ შეხვედრის მონაწილეთა მიმართ მათი ეროვნული ინტერესების ღალატში დადანაშაულების ტალღა აგორდა. შემდეგ კი ბრალდებულთა წრე გაფართოვდა და მასში სრულიად ყველა აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია მოხვდა. ბრალმდებელთა შორის ძირითადად ანონიმები ჭარბობენ. თუმცა, ზოგიერთი ამას ღიადაც აკეთებს. კერძოდ, აფხაზეთის ეგრეთწოდებული არმიის გადამდგარმა გენერალმა ზაკან ნანბამ დაწერა: „გაოგნებული ვარ იმით, თუ რამდენად ღრმად გაიდგეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფესვები ჩვენს საზოგადოებაში... და დღეს მთელ ჩვენს საზოგადოებას იმას უმტკიცებენ, რომ რაღაც კორპუსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულით, აფხაზური ენის განვითარებით არის დაკავებული და ვინ არის ამით დაკავებული? საქართველო და ამ კორპუსის მეთაური იულია გუმბა". ენის აღორძინების პროექტში მონაწილე ლინგვისტების მოხსენიებისას ნანბამ საზოგადოებას მათი გვარების ბრჭყალებში ჩასმა შესთავაზა და განაცხადა, რომ აუცილებელია „ამ არასამთავრობო ორგანიზაციების კმაყოფაზე მყოფ ხალხს ამომწურავი შეფასება მიეცეს".

ონლაინ-დისკუსიების სხვა მონაწილეები აქტიურად მოუწოდებენ ე.წ. აფხაზურ სპეცსამსახურებს სასწრაფოდ დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით. კომენტარებში ასევე მხარს უჭერენ, რუსეთის ფედერაციაში დღეს მოქმედი ანალოგის მიხედვით, აფხაზეთში „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის" მიღების აუცილებლობის იდეას. თუმცა, სოციალურ ქსელებში გამართულ დისკუსიაში მოწინააღმდეგე „პარტიაც" ჩაერთო - ისინი, ვინც დარწმუნებულები არიან, რომ „პრესის" ქვეშ მოქცეული მწერლები, ლინგვისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთისთვის ბევრად მეტს აკეთებენ, ვიდრე მათთვის ღალატის დამბრალებლები.„თუ კიდევ ერთ-ორ წელიწადს ყურს დავუგდებთ ამ ჩვენს ულტრა-„პატრიოტებს" - ჩვენი მდიდარი აფხაზური ენა უკვე ვეღარ შეასრულებს ურთიერთობის თანამედროვე საშუალების ფუნქციას", - ამბობს პროექტის „აფხაზური ენის შენარჩუნება აფხაზებისა და ქართველების მიერ" ერთ-ერთი ხელმძღვანელი აფხაზური მხრიდან, „აფხაზეთის ბავშვთა ფონდის" თავმჯდომარე ასიდა ლომია: "ასე რომ, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ არ ეწინააღმდეგებიან აფხაზი ექსპერტების ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებთან წვდომას - არამედ ამ მნიშვნელოვან ინიციატივებს მხარსაც უჭერენ. მათი მხარდაჭერის გარეშე, საერთაშორისო ფონდები არასდროს არ დააფინანსებდნენ აფხაზურ ენაზე მუშაობას. სევდიანი რეალობაა, მაგრამ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ". იმ კრიტიკოსებს კი, რომლებსაც პროექტის აშშ-დან დაფინანსება აღაშფოთებთ, ასიდა ლომაიამ ურჩია, იმას მიაქციონ ყურაღება, რომ თავიანთ ბრალდებებისთვის ისინი სწორედ ამერიკულ რესურსს, Facebook-ს იყენებენ. აფხაზეთში შინაური მტრების ძიება - ეს სრულიად დაგეგმილი და კარგად მართული აქციაა, - მიაჩნია ლიანა კვარჩელიას, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის" ექსპერტს. ლიანა კვარჩელია საზოგადოებას სთავაზობს დაფიქრდეს და პასუხი გასცეს ასეთ კითხვებს:

რატომაა, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პრაქტიკულად მტრებად გამოცხადებულები"?

ვის არ აძლევს ყველაზე მეტად ხელს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობით თანმიმდევრულად გამოდიან აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის?

ვის არ მოსწონს, რომ არასამთავრობოები აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის დაძლევას და გარე სამყაროსთან მისი კონტაქტების გაფართოებას ცდილობენ - სხვათა შორის, აფხაზეთისოკუპაციის" თეზისის დამსხვრევით.

ვის არ მოსწონს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზი სტუდენტებისთვის ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის გახსნას ცდილობენ?"

მწერლების, ლინგვისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტევას ისინი ახორციელებენ, ვინც იმ იდეას იზიარებს, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ იარსებებს, - მიაჩნია კვარჩელიას.„ანონიმები და მათი მსახურები აფხაზეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ღიად გალაშქრების უფლებას თავს ყოველთვის ვერ აძლევენ, და ვინაიდან საგარეო კონტაქტების გაფართოების გამო, არასამთავრობოების გაკრიტიკება, ტაქტიკური მოსაზრებებით, არც ისე გონივრულია, ამიტომ არასამთავრობოების მიმართ მთავარ „იარაღად" ქართველების მონაწილეობით ჩატარებული შეხვედრები გამოიყენება", - წერს ლიანა კვარჩელია. „აფხაზეთისთვის აუცილებელია ყველა რესურსის და შესაძლებლობის გამოყენება, რომ საერთაშორისო სივრცეში გავიდეს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან უშუალო კონტაქტების დამყარების მცდელობა. და როდესაც ამას პირდაპირ აკეთებ, ყოველთვის არ გამოდის, ამიტომ, საჭიროა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ირგვლივ შექმნილი სივრცეების გამოყენება, რომელთა წყალობითაც, სხვათა შორის, ის კარები იღება, რომლებიც სხვა ვითარებებში მიუღწეველია." გარდა ამისა, თუკი გვინდა, რომ მომავალში ომის განმეორება გამოვრიცხოთ, და თუ ამ დინამიკურად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყარი მშვიდობისკენ მივისწრაფვით - დღესვე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი საიმისოდ, რომ ძალის გამოყენება აზრადაც არავის მოუვიდეს. ამისთვის კი საქართველოს საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვაა საჭირო", - მიაჩნია ლიანა კვარჩელიას.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას მითითებით, საბავშვო და ახალგაზრდული პროექტები, რომელსაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, ე.წ. ადმინისტრაციასთან უნდა შეთანხმდეს - ინფორმაციას ამის შესახებ „აფსნი რუ" ავრცელებს. გამოცემა იტყობინება, რომ ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების დირექტორებთან ამ თემაზე თათბირი ნადარაიამ უკვე ჩაატარა და პროექტების შეთანხმების მიზეზი ოკუპირებული ტყვარჩელის ერთ-ერთ სკოლაში გამართულ კონცერტზე გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების წაყვანა გახდა. მაშინ კონცერტზე ნადარაიას განმარტებით, მეგრული სიმღერა შეასრულეს ბავშვებმა, რასაც სკანდალი მოყვა. ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მან ერთი პროექტი უკვე აკრძალა. „დევნილ ბავშვთა საბჭოს წარმომადგენლებს უარი ვუთხარი ბანაკის გახსნაზე. პროექტი ითვალისწინებდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას - ბავშვის თვალით დანახულ მშვიდობის აღდგენასა და შერიგებაზე. მე ვთვლი, რომ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში იდეოლოგიური კომპონენტიც არსებობს, მათი წარმომადგენლები ვალდებულები არიან ასეთი პროექტები ჩვენთან შეათანხმონ. თორემ ისე გამოვა, რომ ხვალ ფილმი ჩვენი გალელი ბავშვების მონაწილეობით სადმე გავა და ჩვენ ინფორმაცია არ გვექნება ამის შესახებ", - განმარტავს ნადარაია.

გამოცემა „ეხო კავკაზას" ინფორმაციით კი, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გამოსცა ე.წ. განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ჩინოვნიკებს ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამართულ იმ შეხვედრებზე გამგზავრება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ.

ამრიგად, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი უნდობლობა დიდი ხანია აფხაზურ ე.წ სამთავრობო სტრუქტურებს „აწუხებთ", რბილად რომ ვთქვათ, ნებისმიერი პროექტი, სადაც დონორი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც სათაო ოფისი საქართველოში აქვს ან კარგი დამოკიდებულება ქართულ მხარესთან (ჩვენდა საბედნიეროდ ეს ორგანიზაციები მრავლად არიან) ავტომატურად აფხაზური ე.წ. სამთავრობო თუ კრიმინალური ორგანიზაციების სამიზნე ხდებიან. ე.წ. სამთავრობო სტრუქტურები დეტალურად ითხოვენ ინფორმაციას პროექტის მდგრადობაზე, ბენეფიციარებზე, მიზნობრივ ჯგუფზე თუ მოწყვლად კატეგორიებზე, ასევე ყურადღების ობიექტი გრანტის ოდენობა და პროექტის ხანგრძლივობაცაა, ხოლო კრიმინალურ დაჯგუფებებს მხოლოდ გრანტის ოდენობა „აფიქრებთ", რომ მათთან ადაპტირებული "რეკეტის" ფორმით მსუყე ნაჭერი მიითვისონ. სამწუხაროდ, ხშირ შემთვევაში „ძალა აღმართს ხნავს" და ისინი წილს იღებენ თითოეული პროექტიდან, "უსაფრთხოების" სანაცვლოდ.

განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია (გაეროს მისიის გასვლის შემდეგ) არასამთავრობო ორგანიზაციამ ძალა დაკარგა და მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქცია შეითავსა (უცხო ენის, ხელსაქმის, კომპიუტერის კურსები) აფხაზური მხარის „ძალისხმევით" ალბათ სულ მალე არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ იქნება გალში. ქ. სოხუმში კი, თითქმის ყველა ორგანიზაცია დაიხურა, სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ეს „სხვადასხვა" მიზეზი მათთვის კარგად ნაცნობი მეთოდის შედეგია, რასაც აქტიურად იყენებენ რუსეთის ფედერაციაში  არასამთავრობოების მიმართ.

რუსეთში მოქმედი ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მ/წლის 23 მაისს მოსკოვის ერთ-ერთ სასამართლოში გაასაჩივრებს პროკურატურის მოთხოვნას - მათი „უცხოეთის აგენტებად" რეგისტრაციის შესახებ. უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი", ასოციაცია „გოლოსი" და ორგანიზაცია „იურიკსი" უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია ცდილობენ მიაღწიონ თავიანთი საჩივრების განხილვას. მათ საქმეებზე რამდენჯერმე შეიცვალა მოსამართლე და არ მოხერხდა სრულფასოვანი სასამართლო სხდომის ჩატარება. ფონდი „საზოგადოებრივი ვერდიქტი" კი გასული წლის მაისიდან არის ჩართული მსგავს პროცესში. ყველა ეს ორგანიზაცია არ ეთანხმება პროკურატურის დავალებას „უცხოეთის აგენტად" რეგისტრაციის შესახებ. ეს მოთხოვნა მათ წაუყენეს გასული წლის მარტში დაწყებული - არასამთავრობოების მასობრივი შემოწმების შედეგად. 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის თანახმად, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, ვალდებულია დარეგისტრირდეს „უცხოეთის აგენტად". რუსეთში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთხელ განუმარტავთ, რომ მათ საქმიანობაში არ არის პოლიტიკური შემადგენელი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესულია რუსეთის 11 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის" ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან შესაბამისობის საკითხზე.

ეს საკითხი აფხაზური სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სოხუმში გამართულ «სამოქალაქო ფორუმზეც» დააყენეს, რომელიც მათი მუშაობის შედეგების შეჯამებასა და სამომავლო გეგმების შეჯერებას ეძღვნებოდა. ფორუმს დე ფაქტო ხელისუფლების, აფხაზური საზოგადოებრიობის და რუსეთის ე.წ. საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"აფხაზეთის ქალთა ასოციაციისა" და "აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის" წარმომადგენელმა ნათელა აკაბამ ერთ-ერთ შეხვედრაზე საკუთარი მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ზემოთ ხსენებულ  თემას მიუძღვნა:

„ბოლო წლებში ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში უმთავრესად ანონომი ავტორების მიერ წარმოებს აქტიური კამპანია აფხაზეთის სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. მისი ორგანიზატორები ცდილობენ, ჩვენი აქტივისტები მოღალატეებად წარმოაჩინონ, რომლებიც "მზად არიან, დასავლური გრანტების სანაცვლოდ დაუფიქრებლად უღალატონ აფხაზეთის ინტერესებს". რიგი რუსი ავტორების მტკიცებით, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. მეხუთე კოლონაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რესპუბლიკაში ანტირუსული პოზიციის ჩამოყალიბებაში და პარალელურად აფინანსებს ე.წ. ფერადი გადატრიალების მზადებას მოქმედი ხელისუფლების დასამხობად. უბრალოდ ღირსების შემლახველად მიმაჩნია, დავიწყო მსგავსი უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და ბინძური თავდასხმების გამო თავის მართლება. ერთადერთი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მსგავსი პუბლიკაციების სჯერა, ძალზე მცირეა, მოქმედი ხელისუფლება კი, პრინციპში, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, სამოქალაქო სექტორის საქმიანობას მთლიანობაში დადებითად აფასებს. თუმცა ეს საქმეს არ შველის, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები კონკრეტული ნაბიჯებით უნდა მტკიცდებოდეს, რომელიც მასსა და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთქმედების ეფექტური ფორმატების შექმნაზე იქნება მიმართული", - აღნიშნა აკაბამ.

ბოლო დროს ხშირად ისმის კრიტიკა ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ბოლოდროინდელ კვლევებსა და გამოკითხვებშიც გამოჩნდა საზოგადოების უნდობლობა მათ მიმართ. ამ უნდობლობას სამი რამ ასაზრდოებს: პოლიტიკის ცუდი იმიჯი, არასამთავრობოების როლის არცოდნა და ანტი-დემოკრატიული პროპაგანდა.

ყოველდღიურ ენაზე ეს იმ კრიტიკით გამოიხატება, რომ თითქოს ამ ორგანიზაციებს პოლიტიკური მიზნები აქვთ (და რომ ეს ცუდია); რომ ეს ორგანიზაციები "გრანტი-ჭამიებია" და რომ ისინი საერთაშორისო შეთქმულების მონაწილენი არიან აფხაზეთის  წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციები დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზება და მათი ინტერესების რეალიზება არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების ან მით უმეტეს, ცალკეული ლიდერების საქმე. არასამთავრობო ორგანიზაციებს ვერ ექნებათ და არც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი მთელი საზოგადოების სახელით საუბრობენ ან რომ მათ უფრო მაღალი ლეგიტიმურობა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე, მაგალითად, თუნდაც არაპოპულარულ, მაგრამ მაინც არჩეულ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, დემოკრატიულ ქვეყნებში არასამთავრობოებს უნიკალური და მნიშვნელოვანი მისია აქვთ: ისინი ახდენენ საერთო ხედვების მქონე ადამიანების გაერთიანებას და მათი მსოფლმხედველობის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ორგანიზებულ, კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში რეალიზაციას. ფართო გაგებით პოლიტიკური პარტიები და რელიგიური ორგანიზაციებიც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არიან, ისინიც არასამთავრობო ორგანიზაციებია.  ჩვენს სინამდვილეში პრობლემა ის კი არ არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკასთან ახლოს არიან, არამედ ის, რომ ისინი პოლიტიკასთან საკმარისად ახლოს არ არიან. იმისთვის, რომ, მაგალითად, განსხვავებული, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანთა ინტერესები დაცული იყოს, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მიღება. ამისათვის კი პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან მჭიდრო კავშირი და მათზე გავლენა აუცილებელია. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველაფერი პოლიტიკურია და არასწორია არასამთავრობოებს ბოლომდე აპოლიტიკურობა მოვთხოვოთ.

არასამთავრობო ორგანიზაციების „ისტერიული" გამრავლება გალის რაიონში იქ მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაპირობეს, რომლებმაც ძალიან ბევრი ადგილობრივი დაასაქმა, ძალიან ბევრ ოჯახს გაუჩინა შემოსავლის წყარო (ტექნიკური პერსონალის ხელფასი და უძრავი ქონების იჯარით მიღებული შემოსავალი). ასევე გადამზადებული მოქალაქეები, რომლებმაც ისწავლეს პროექტების წერა და საჭიროების შესაბამისობას მოარგეს, ასევე იპოვეს დონორები და დაფინანსების შემთხვევაში დაიწყეს პროექტების დაფინანსება.

დღეის მდგომარეობით გალის რაიონში მოქმედი ყველა ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობს. ეს არ არის შემთხვევითი. სკოლები სადაც აკრძალულია ქართული ენა, სადაც მოსწავლეებს კატეგორიულად ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე საუბარი და ხშირად აკონტროლებენ მათ გადაადგილებას ენგურს გაღმა (ცნობილი ფაქტები ეროვნული გამოცდების დროს „ტექნიკური  პრობლემები" სასაზღვრო პუნქტთან, ცუდი დამთხვევები გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით და ა.შ და ა.შ.) ხოლო ორგანიზაციებში, სადაც ეს ახალგაზრდები ეუფლებიან ინგლისურ ენას, კომპიუტერს და ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს, აქვთ შესაძლებლობა (ქართულ ენაზე ჩატარებულ ტრენინგებს ვგულისხმობ) ისაუბრონ ქართულად, მიიღონ საქართველოში სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა, ჰქონდეთ შეხება და მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია ენგურსგამოღმა თანატოლებთან.

თუმცა უკვე ეს კომუნიკაცია ძალიან სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს და სავარაუდოდ ჩვენ მივიღებთ იგივე სურათს, რაც არის სოხუმში და რაც არის რუსეთის ფედერაციაში.

სოხუმში არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი დაიხურა, მიზეზი კი პროექტების დასრულება იყო, რაც ცოტა არ იყოს არასერიოზულია და ცუდად დაემთხვა მეზობელი ქვეყნის მიერ „ენჯეო" სექტორზე თავდასხმას. და ორგანიზაციები, რომლებიც (ადგილობრივს ვგულისხმობ) დარჩნენ აბსოლუტურად პოლიტიზირებული და არც კი გამოირჩევა დე-ფაქტო მთავრობისაგან (მაგალითისთვის გავიხსენებ ქალბატონ ნათელა აკაბას და მის ცნობილ გამოსვლებს). არასამთავრობო ორგანიზაციის და დონორი პარტნიორის პირდაპირი მოთხოვნა არის მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარება, უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა მშვიდობის მშენებლობის პროცესში და სამოქალაქო საზოგადობის განვითარება, რასაც ძალიან აცდენილია დღევანდელი „სოხუმური ენჯეო„ სექტორი. და სამწუხაროდ ეს არ არის შემთხვევითი და მხოლოდ თითოეული მენეჯერის თუ პროექტის კოორდინატორის ხედვა და აზრი. მათ შესაბამისი ორგანოებიდან აქვთ მიღებული კონკრეტული დავალება, თუ რა სახის პროექტები დაწერონ, ვისზე მორგებული უნდა იყოს პროექტი და რას უნდა ემსახუროს, რაც კატეგორულ წინააღმდეგობაში მოდის არასამთავრობო სექტორთან.

2008 წლამდე საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა ქონდათ  ქართულ და აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობოებს, მასწავლებლების გადამზადება, საზაფხულო სკოლები თუ ბანაკები, გაცვლითი პროგრამები, სოფლის მეურნეობის განვითარების მატერიალური მხარდაჭერის პროგრამაც კი ხორციელდებოდა, რაც ითვალისწინებდა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში (მხარეს რომელსაც ყველაზე მეტი ზიანი მიადგა ცნობილი მოვლენების გამო) ბენეფიციარებისათვის მსხვილფეხა საქონლის ყიდვას და გამრავლებას (პროექტს ახორციელებდა ასოციაცია „თანხმობა", გერმანული ლუთერანული ეკლესიის ფინანსური მხარდაჭერით), ასევე სოფელ ნაბაკევში ადგილობრივ პოლიკნინიკას პორტატული ექოსკოპიის აპარატები, მედიკამენტები (სისტემატიურად მიეწოდებოდათ) და მანქანა გადაეცა, რითაც ძალიან კმაყოფილი იყო მიმდებარე სოფლის მოსახლეობა. სამწუხაროდ დღეს ეს პროექტი ვერ ხორცილდება და ფიზიკურად იქ მაცხოვრებელ ადამიანებთანაც შეუძლებელი გახდა კომუნიკაცია.

  ძალიან ბევრი ღირებული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდებოდა გალის რაიონში, პროექტები რომელიც სოციალური თვალსაზრისით იყო ძალიან ძვირფასი იქ მაცხოვრებელი ადამიანებისათვის, რომლებსაც არც შემოსავლის წყარო და არც სამუშაო ადგილები გააჩნდათ, თუმცა 2008 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა, ვინაიდან გაეროს სადამკვირვებლო მისია იქნა გაწვეული ოკუპირებული ტერიტორიიდან, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა არამარტო პროექტების განხორციელებას არამედ, მეტნაკლებად მშვიდობიან გადაადგილებას ადგილობრივებისათვის.

დღევანდელი სურათი კი ძალიან სავალალო და საგანგაშოა. ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი შეიძლება გვქონდეს, მაღალი ტრიბუნიდან უნდა იქნეს გაჟღერებული  და ყველა სათანადო რესურსი გამოყენებული იმისათვის, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც რუსეთში და რაც მეორდება სოხუმში.

4.      დასკვნა

აფხაზეთში  კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება საქართველოს კვლავაც ერთადერთი არჩევანია. აფხაზური მხარე კატეგორიულად აცხადებს უარს საქართველოს შემადგენლობაში მისი პოლიტიკური სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის განხილვაზე. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს ფაქტობრივად უარყოფს იმ მრავალწლიან მუშაობას, რომელშიც გაერომ და მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა ამდენი დრო და ენერგია ჩააქსოვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ, რომ სამშვიდობო პროცესების წარმატება კონფლიქტურ რეგიონებში შესაბამისი კარდინალური ცვლილებების გატარების გარეშე სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას.  საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სეპარატისტული ერთეულების სკეპტიციზმის მიზეზს უდავოდ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ისინი ქართული მხარის აგენტებად მიიჩნევენ . გარდა ამისა, ხშირად მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სანაცვლოდ რაიმე ხელშესახებს ვერ შესთავაზებენ. აფხაზეთის ე.წ ხელმძღვანელობას კარგად ესმით ის რისკები, რასაც მათ ლიბერალური და პლურალისტული საზოგადოება უქმნის. ორივე ერთეულში ოკუპირებული აფხაზეთის მმართველი ელიტა არასანდოდ და კორუმპირებულად მოიაზრება, თუმცა აქ არის გარკვეული ერთობა, რაც საერთო სახელმწიფოს შექმნის რწმენიდან და საქართველოს მხრიდან ომის განახლების შიშის შედეგია, რის გამოც მოსახლეობა გაჩუმებას ამჯობინებს. დღეისათვის აფხაზეთი, დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების ხელშეწყობით, შესაძლოა რისკის ქვეშ აყენებდნენ ამ ერთობას, თანაც სანაცვლოდ არაფერს ღებულობენ.

აფხაზურენოვან  მოსახლეობაში, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ სანამ მათი ტერიტორია ,,საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის" ქვეშ იმყოფება, დასაშვებია გარკვეული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. ამრიგად, ამ ტერიტორიებზე, დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოებას ,,ტროას ცხენის" როლის შესასრულებლად შეზღუდული საშუალებები გააჩნია.

მართებული არ არის ხშირად გაჟღერებული მოსაზრება თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციები ,,არაფერს" აკეთებენ. სინამდვილეში ისინი საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ მონიტორინგისა და შესაძლებლობათა განმტკიცების სფეროში, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

აფხაზური არასამთავრობო სექტორი "სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსის დაკარგვის" საფრთხეზე საუბრობს. ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი რიგი არაკომერციული ორგანიზაციები NGO-ებზე ბოლოდროინდელ შეტევას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ, რომელშიც "აფხაზეთში დეკლარირებულ დემოკრატიასა და რეალობას შორის უფსკრულის ზრდაზე" ამახვილებენ ყურადღებას.

«მწვავედ დგება დღის წესრიგში საკითხი, რამდენად არის წარმოდგენილი აფხაზურ საზოგადოებაში ერთიანი აღქმა იმისა, თუ რა გზებით უნდა განვითარდეს ჩვენი რესპუბლიკა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. თუ შემაშფოთებელ ნიშნებს სათანადო ყურადღება არ მიექცევა, შესაძლოა, გამოგვრჩეს, როგორ დაგვიმყარდება აფხაზეთში ავტორიტარიზმი, ვოლუნტარიზმი, ეთნოკრატია და თავისუფლებების შეზღუდვა. ამ ყველაფერმა შესაძლოა, აფხაზური საზოგადოების ერთიანობა საბოლოოდ მოარყიოს და მკვეთრად შეამციროს ჩვენი შანსები, ავაშენოთ ქმედითუნარიანი სახელმწიფო, განვიმტკიცოთ რესპუბლიკის სუვერენიტეტი და გავაფართოვოთ მისი საერთაშორისო აღიარება. ამ ვითარებაში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ყველა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალის გულახდილი და ღრმა დიალოგი», - ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელიც სააგენტო «Абхазия-Информ»-მა გამოაქვეყნა. ავტორები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ "ამჟამინდელ რთულ საერთაშორისო კონტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციების თემა უსაფრთხო და ხელსაყრელ სამიზნედ შეირჩა და მათი «მხილებით» საზოგადოების ყურადღების მტკივნეული და აქტუალური პრობლემებიდან გადატანას ცდილობენ».

ცნობისთვის: აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისების ინსპექტირებაა დაწყებული. დე ფაქტო სახელმწიფო უწყებებს დაევალათ, "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ მინისტრთა კაბინეტს მოახსენონ".

ამასთან, აფხაზ ჩინოსნებს არასამთავრობო სექტორის მიერ უცხოეთში ორგანიზებულ ნებისმიერ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობა აუკრძალეს. ეს აკრძალვა ერთ-ერთია აფხაზეთში სამოქალაქო აქტივობასთან დაკავშირებულ იმ 100 ახალ რეგულაციას შორის, რომელთა ჩამონათვალი დე ფაქტო მთავრობამ განსაზღვრა და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული მსგავსი შეზღუდვები ოკუპირებულ რეგიონში პირველად წესდება.

უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში ამ გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კომენტატორთა ნაწილი მასში თვითიზოლაციის საფრთხეს ხედავს და იმასაც აღნიშნავს, რომ "არაღიარების პირობებში საერთაშორისო პლატფორმები აფხაზეთისთვის ფაქტობრივად, ერთადერთი საშუალებაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდომად".

საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ დე ფაქტო ხელისუფლების სკეპტიციზმის ძირითად მიზეზს ის გარემოება წარმოადგენს, რომ ისინი ქართული მხარის "აგენტებად" მიიჩნევიან. გარდა ამისა, ხშირად მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ რეგიონებს "ხელშესახებს" ვერაფერს სთავაზობენ. დე ფაქტო ხელმძღვანელობას კარგად ესმის ის რისკები, რომელსაც მას ლიბერალური და პლურალისტული საზოგადოება უქმნის: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გაფართოება მყიფე დე ფაქტო დამოუკიდებლობის მუქარად აღიქმება.   ამრიგად ჩვენი ანალიზის ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოითხოვს სერიოზულ სრულყოფას,დახვეწას.ვიმედოვნებთ, რომ საერთოშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, პირველ რიგში გაეროსა და ეუთოს დახმარებით, სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით, შესაძლებელი გახდება კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება, მხარეთა შორის ნდობის განმტკიცება, დევნილთა და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგება.

გამოყენებული წყაროები

  1. http://www.un.org/
  2. https://www.nrc.gov/info-finder/region-state/georgia.html
  3. https://www.redcross.org/
  4. https://drc.ngo/where-we-work/europe/georgia
  5. ttps://www.savethechildren.org
  6. http://www.apsnypress.info/
  7. http://abkhazeti.info/
  8. http://www.unhcr.org/
  9. https://europa.eu/european-union/index_en
  10. https://www.actionagainsthunger.org/about/international-network
  11. https://www.wvi.org/georgia

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

<< უკან