ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 02 03 05 06
08 09 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 

ანალიტიკა

სააგენტო „აქცენტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავზე და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რეალობა

აფხაზეთის ომის დასრულებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით სააგენტო „აქცენტმა" გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ჩართული იყვნენ როგორც აფხაზეთიდან დევნილები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი.

„აქცენტმა" გადაწყვიტა, რიგითი მოქალაქეებისთვის მიეცა შესაძლებლობა, გაეხსენებინათ ის ავბედითი ომი და გამოეთქვათ საკუთარი აზრი 25 წლის შემდეგ, დღეის გადმოსახედიდან, ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას, იყო თუ არა შესაძლებელი სისხლისღვრის თავიდან აცილება და როგორია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  აღდგენის პერსპექტივა. ამ მიზნით მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ".- წერს სააგენტო.

გამოკითხვის შედეგები  მიგვანიშნებს, რომ  აფხაზეთის ომიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგ ამ ომზე, მის ინსპირატორებზე, დაშვებულ შეცდომებსა და კონფლიქტის გაჩაღებაზე პასუხისმგებელ პირებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე-  ადამიანებს საკმაოდ განსხვავებული წარმოდგენები აქვთ.

კითხვაზე-"შესაძლებელი იყო თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება?" პასუხის გაცემისას გამოკითხვის მონაწილენი  ორ ნაწილად იყოფიან: ერთნი მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქართველები და აფხაზები პროვოკაციას არ აჰყვებოდნენ და  ერთად დადგებოდნენ . მეორენი კი მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რადაგანაც  აქ  რუსეთის ინტერესები იკვეთებოდა,  რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა  კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

კითხვაზე „ვინ არის  ამ ტრაგიკულ მოვლენებზე პასუხისმგებელი?" პასუხის გაცემისას რესპოდენტების უმეტესობამ რუსული მხარე დაადანაშაულა, თუმცა  აღნიშნა, რომ  ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმაც შეცდომები დაუშვეს,   რაც მათ პასუხისმგებლობისგან  არ ანთავისუფლებს.

ამასთან, რესპოდენტების უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზა უალტერნატივოა.

სოხუმელი ჟურნალისტი ვიტალი შარია მიიჩნევს, რომ ომში ყველა მონაწილე მხარე ზარალდება: „ერთ-ერთი მოსკოველი ჟურნალისტი აფხაზების მიმართ აშკარად გამოხატული სიმპათიით დაწერილ სტატიაში „ქართველების სისასტიკეზე" მოგვითხრობდა, მოჰყავდა ძალადობის უამრავი მაგალითი და წერდა: „მინდა, ვიკითხო: აფხაზეთის ქართული მოსახლეობიდან თუ დაზარალდა ვინმე? რომელიმე უდანაშაულო ქართველი თუ ცემეს, თუ წაართვეს სახლი? პასუხი: არც ერთსო!"... ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი კომენტარი შემიძლია, გავაკეთო: ეს სრული სისულელეა და აფხაზ ხალხს ამდენად სულელური და ამავდროულად ცრუ საფუძველზე აგებული დაცვა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არაფერში სჭირდება. პლანეტაზე არ არსებობს ხალხი, რომელიც მხოლოდ ანგელოზებისგან, ან მხოლოდ ეშმაკებისგან შედგება და ნებისმიერ ომში, მართალია, სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ ყველა მონაწილე მხარე ზარალდება, განსაკუთრებით -  თუ ომი აფხაზეთის მსგავს - ეთნიკურად ესოდენ ჭრელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ორივე მხრიდან ნამდვილ ტყვიებს ისროდნენ..."-აცხადებს შარია . ის ამაში  მართალია, თუმცა   თავისი  სტატიის ბოლოს მაინც ცდილობს აფხაზები  წარმოაჩინოს, როგორც აფხაზეთის თავისუფლებისთვის მებრძოლები და მათ 300 სპარტელს ადარებს, ხოლო ქართველებს,  რომის იმპერიისა და ოქროს ურდოს მეომრებს:

"თუმცა მთავარი აქ ერთი რამ არის:  აფხაზი ხალხი ამ ომში, მართალია, თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზ მებრძოლებს კრძალავდნენ, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულებს, ხოლო ქართველებს - როგორც დაღუპულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის თავის დროზე  300 სპარტელი დაიღუპა, ხოლო ტერიტორიული მთლიანობისთვის - რომის იმპერიისა და ოქროს ურდოს მეომრები „,- აღნიშნავს შარია.

სამწუხაროდ, ჟურნალისტს  „ავიწყდება", რომ აფხაზეთი ოდითგანვე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, საბჭოთა პერიოდში კი მისი ერთ ერთი  ავტონომიური რესპუბლიკა, რომლის ფარგლებშიც აფხაზ ხალხს  ყოველგვარი შესაძლებლობა  ჰქონდა აფხაზური ენისა და ლიტერატურის,  კულტურის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების  დაცვისა და განვითრებისათვის ეზრუნა. აფხაზეთში იყო უმაღლესი სასწავლებლები-უნივერსიტეტი,  ინსტიტუტები, ტელევიზია,  აფხაზურენოვანი გაზეთები, ჟურნალები, წიგნის გამომცემლობები და სხვ. არაფერს ვამბობთ სკოლებსა და ბიბლიოთეკებზე.

მაგრამ  რუსეთს ჯერ კიდევ ცარიზმის დროიდან ეჭირა თვალი საქართველოზე, როგორც რეგიონის გზა-გასაყარზე მყოფ სახელმწიფოზე, და მის ერთ ერთ საზღვრისპირა რეგიონზე აფხაზეთზე, რომელიც მიმზიდველი იყო  ზღვაზე გასვლის შესაძლებლობით. სეპარატისტულმა ელიტამ მოსკოვის წაქეზებით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოიჩინა თავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობით. სეპარატისტული დაჯგუფების წევრები, რომელთაც  მჭიდრო კავშირი ჰქონდათ კრემლის მესვეურებთან, ყოველ ათ წელიწადში ერთხელ მოითხოვდნენ რუსეთთან, კერძოდ, კრასნოდარის მხარესთან შეერთებას, რადგან თვლიდნენ, რომ  „ჭაობში დახრჩობას  ზღვაში დახრჩობა ჯობია". „ჭაობში" ისინი საქართველოს გულისხმობდნენ, „ზღვაში" კი რუსეთს. 90-იან წლებში კი, როცა  საქართველო დამოუკიდებლობის გზას დაადგა, კრემლთან დაახლოებულმა  სეპარატისტულმა ძალებმა, ფაქტობრივად  დაუმორჩილებლობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას და რეგიონში არეულობისა და ქაოსის ვითარება შექმნა, რასაც მოჰყვა  კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება და ბანდიტური დაჯგუფებების თარეში, განუკითხაობის გამოძახილი იყო  მატარებლებზე თავდასხმა და ძარცვა, რამაც საქართველოს მეზობელ რესპუბლიკებთან, კერძოდ, სომხეთთან დაძაბული სიტუაცია შეუქმნა. .ამ  დროს საქართველოს იურისდიქცია, ფაქტობრივად, შესუსტებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის ვერ ახერხებდა არძინბასა და მისი თანამზრახველების გაკონტროლებას და წესრიგის დამყარებას რეგიონში.  სწორედ ამას მოჰყვა აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მიზნით ჯარის შეყვანა, რასაც სეპარატისტებმა წინააღმდეგობის გაწევით უპასუხეს. მაგრამ ბოლომდე გულწრფელი არ ვიქნებით, რომ  მხოლოდ ამ ფაქტორით აგვეხსნა იმ ტრაგიკული მოვლენების ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. ასეა თუ ისეა, დაიწყო ომი, რომელიც ,ცხადია, რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული, რადგანაც სწორედ ის აქეზებდა სეპარატისტებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ დამორჩილებოდნენ. ეს ომი ყველაზე მეტად რუსეთს აწყობდა, რათა  ამღვრეულ წყალში თევზი დაეჭირა და  თავისი შორსმიმავალი  მიზნებისთვის ჩაეყარა საფუძველი. ასეთია , სინამდვილეში მოკლე  ისტორია ამ ამბისა, რომელიც  ვიტალი შარიას  არ სურს დაინახოს. 

თუმცა,  შარიას ვეთანხმებით იმაში, რომ ამ ომში ყველაზე მეტად  აფხაზები და ქართველები დაზარალდნენ, მაგრამ  სამწუხაროდ, ჟურნალისტი „ვერ ხედავს" ამ ომის ჭეშმარიტ შედეგს - რომ აფხაზეთის ტერიტორიას ფაქტობრივად რუსეთი აკონტროლებს. რუსეთმა ყველაფერი წინდაწინ გათვალა, ყველაფერი თავისი გეგმისამებრ წარმართა და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში არა მხოლოდ სეპარატისტები, არამედ კონფედერაციული ძალებიც  ჩააბა, დაქირავებული მებრძოლებიც მიაშველა და თავის მიზანს მიაღწია- ეთნიკური წმენდა მოუწყო და საკუთარი სახლ-კარიდან  გამოაძევა ქართველების თითქმის 90% და  ამით, ფაქტობრივად, ხელოვნურად შეცვალა დემოგრაფიული სიტუაცია . „აფხაზი ხალხის დაცვის" საბაბით ენგურზე საზღვარი გადაკეტა  და წლების განმავლობაში ომის გამჩაღებელმა და ინსპირატორმა  მედიატორის ფუნქცია მოირგო.  სწორედ რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2002 წლიდან, რათა, როცა  მოუნდება, ისევ არიოს სიტუაცია და „რუსეთის მოქალაქეების  დაცვის"  საბაბით საბოლოოდ  მოახდინოს აფხაზეთის ანექსირება. რუსეთი მოგონილი მიზეზებით ბლოკავს საკუთარ სახლებში დევნილთა  მშვიდობიანი და უპირობო დაბრუნების საკითხს. სამაგიეროდ, ჟენევის  დისკუსიების  ყოველ რაუნდზე ქართული მხარისგან  დაჟინებით  მოითხოვს „ძალის არ გამოყენების შესახებ" დოკუმენტზე ხელის მოწერას, რათა ამით ხაზი გაუსვას, რომ კონფლიქტის მხარეები საქართველო და აფხაზეთი არიან, რუსეთი კი  „მედიატორი" და „მშვიდობის მტრედი", მაშინ, როცა ქართული მხარე რუსეთის ფედერაციას სამართლიანად მიიჩნევს კონფლიქტის მხარედ  და მზად არის, სწორედ მასთან გააფორმოს შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ.

სამწუხაროდ,  აფხაზეთში დღეს ბოლომდე არა აქვთ გაცნობიერებული ის  მყიფე და ძალიან საშიში სიტუაცია, რომელშიც ისინი იმყოფებიან.  სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები  თავიანთ ხალხს არწმუნებენ, რომ აფხაზეთი „როგორც სახელმწიფო შედგა" და  ის „ დამოუკიდებელი და თავისუფალია". აფხაზური საზოგადოებიდან კი  მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ იმის თქმას, თანაც მოგუდულად, რომ მათი „ სახელმწიფოებრიობა" ილუზორულია და, ფაქტობრივად, აფხაზეთი თავის „მოკავშირესა და  სტრატეგიულ პარტნიორს" აქვს ოკუპირებული. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს, რომ დღეისათვის რუსეთი აკონტროლებს  არა მხოლოდ აფხაზეთის საზღვრებს და გადასასვლელებს, არამედ  ძალოვან უწყებებს, პოლიტიკას, ეკონომიკას, საზოგადოებრივ ცხოვრებას,  ჯანდაცვის  და საგანმანათლებლო სფეროებს. ამ ცოტა ხნის წინ  ერთ ერთ ინტერვიუში  აფხაზმა პოლიტიკოსმა და ომის პარტიის „ აიდგილარას" დამფუძნებელმა, ე.წ. ყოფილმა ექს-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ  რუსულ ტელევიზიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართულ მხარესთან ომის შემდეგ გამართული ჩვენი მოლაპარაკებები მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა იყოო.  ეს ტაქტიკა კი, სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფოს ვერაგული გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რათა საქართველოსგან იზოლირებულ აფხაზეთში „გამარჯვების" ეიფორიით გონებადაბინდული, რუსული ფინანსური დახმარებით მოთაფლული საზოგადოების დიდ ნაწილს  ვერ ეგრძნო, თუ რა საშიშ ხაფანგში გააყოფინეს თავი.

ჩვენ  დღეისათვის გვაქვს  ძალზე სამწუხარო  სტატუს-კვო აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც, რომლის დაძლევაც  საკუთარი ძალებით არ შეგვიძლია. ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალის  რაიონში  ქართველთა რაოდენობა დღითი დღე მცირდება. მათ საოკუპაციო და სეპარატისტული ძალები  აიძულებენ „ ბინადრობის უფლებით" ცხოვრებაზე გადავიდნენ, რაც  საკუთარ სახლში მდგმურის სტატუსით ცხოვრებას ნიშნავს, უფრო მეტიც, მდგმურს საკუთრების შეძენის უფლება მაინც აქვს,  ბინადრობის უფლებით მცხოვრებთ კი წართმეული აქვთ საკუთრების შეძენის  და განკარგვის უფლება.  არაფერს ვამბობთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, ქართული სკოლების დახურვის, ეთნიკური ნიშნით სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის ფაქტებზე, რომელიც ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას  დამამცირებელ და  უუფლებო მდგომარეობაში ამყოფებს.

ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ  საოკუპაციო ძალამ და სეპარატისტებმა კარგად იციან, რომ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის  დიდი ნაწილი ხანშიშესულია და როცა ისინი ამქვეყნად აღარ იქნებიან, მათი  ეზო კარი, მიწის ნაკვეთი და სხვ. სეპარატისტებს დარჩებათ, რადგან ამ ადამიანების შვილებს და შვილიშვილებს  არც აფხაზური  პასპორტი აქვთ და არც „ბინადრობის უფლება", ამდენად, ისინი აფხაზეთში შემოტანილი „კანონებით" მშობლების კანონიერი მემკვიდრენი ვერ იქნებიან. ათიოდე წლის შემდეგ გალის მოსახლეობა განახევრებული იქნება. დემოგრაფიული სურათი კიდევ უფრო შეიცვლება. იქ მცხოვრები  ახალი თაობა კი იძულებული იქნება მშობლიური ენა დაივიწყოს  და იქ არსებულ თამაშის წესებს  დაემორჩილოს, ენგურს აქეთ დევნილის სტატუსით მცხოვრები ადამიანები კი, რომელთაც სეპარატისტული რეჟიმი საკუთარ სახლებში მისვლის  უფლებას  არ აძლევს, ასევე, იძულებული იქნებიან ბედს  შეეგუონ,  ნაკლებად იფიქრონ საზღვრის „არალეგალურად" გადაკვეთაზე, რადგან ეს მათ მხოლოდ  დაკავება დაპატიმრებასა და  ჯარიმების გადახდას მოუტანს

 აი, ასეთი სამწუხარო რეალობაა დღეისათვის  ოკუპირებულ აფხაზეთში.  რაც შეეხება კითხვას- შეიძლებოდა თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება, ამაზე  მინდა კითხვითვე ვუპასუხო- შეიძლებოდა თუ არა რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური გეოპოლიტიკური ინტერესებისა და სურვილების ალაგმვა. რასაკვირველია, იმ დროისთვის არა.  და მერეც, როგორც ეს მოვლენათა განვითარებამ ცხადყო,  რაც არ უნდა გვეჩლიქა ენა  რუსეთისთვის, ის თავის გეოპოლიტიკურ მიზნებზე უარს  არასდროს არ იტყოდა და სწორედ ამის დადასტურებას  წარმოადგენს  ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, სადაც მისი ნებართვის გარეშე დღეს ჩიტიც ვერ გადაფრინდება, ამის მკაფიო მაგალითებია, ასევე  რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია  და სირიაში განვითარებული მოვლენები, და ღმერთმა უწყის, რა იქნება  შემდგომშიც, თუ დროულად არ მოეთხოვა პასუხი ჩვენს დიდ  მეზობელს და მის  არალეგიტიმურ  ქმედებებს წერტილი არ დაესვა.

 

მ. მხეიძე

<< უკან