ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

ანალიტიკა

აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატები-მსგავსებანი და განსხვავებები

როგორც ცნობილია, მ.წ. 24 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 4 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას-რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაიფშბა და მერაბ ქიშმარია.(ბესლან ეშბა აფხაზურ ცეესკოსთან არსებულმა ლინგვისტურმა კომისიამ, აფხაზური ენის არასაკმარისად ფლობის გამო, დაიწუნა დa საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა).

გარდა იმისა, რომ დანარჩენ 4 კანდიდატს აფხაზურ ენაზე გამართულად მეტყველება, წერა და აზროვნება შეუძლიათ, კიდევ ის აქვთ საერთო, რომ ოთხივეს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია- ასლან ბჟანიას, რომელიც პროფესიით ინჟინერ მშენებელია, ამავე დროს სსრ კავშირის პერიოდში „კაგებეს" უმაღლესი კურსები აქვს დამთავრებული ოპერატიული მუშაკის კვალიფიკაციით, 1992-93 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ე.წ.  უშიშროების სამსახურში, 2010 წლიდან დღემდე კი აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს უფროსია.

ლეონიდ ძიაფშბას ბიოგრაფიაც სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ომსკის მილიციის სკოლას უკავშირდება.პროფესიით იურისტია, ბოლო წლებში კი აფხაზეთის შიანაგან საქმეთა  მინისტრად მუშაობდა.

მესამე კანდიდატი მერაბ ქიშმარიაც არანაკლბ „სამხედროა" და ალმა ატის  კონევის სახელობის უმაღლესი სამხედრო-სამეთაურო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. ის ავღანეთის ომის მონაწილეა, მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებზე, აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ  შტაბის უფროსი, მოგვიანებით კი აღმოსავლეთ ფრონტის (ოჩამჩირის რაიონი) სარდალია. ბოლო ხუთი წელი ის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს. მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ ქიშმარიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წელს კოდორის ხეობის „განთავისუფლებაში".

რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერს და აფხაზეთში მაისის თვეში განვითარებული მოვლენების დირიჟორს რაულ ხაჯიმბას, ის არც მალავს, რომ მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი სსრ კავშირის უშიშროების სამსახურის სტრუქტურებს უკავშირდება. ხაჯიმბა 1985-86 წლებში მინსკის   კაგებეს სკოლაში სწავლობდა. 1986-92 წლებში კაგებეს ტყვარჩელის საქალაქო განყოფილების თანამშრომელია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სეპარატისტული ხელისუფლების უშიშროების სამსახურის უფროსად, ე.წ. სახელმწიფო -საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდასთან ბრძოლის განყოფილების გამგედ, თავმჯდომარის მოადგილედ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარედ, პირველ ვიცე-პრემიერად, პრემიერად, თავდაცვის მინისტრად, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტად. ორჯერ იბრძოდა ე. წ. აფხაზეთის პრეზიდენტობისთვის.

ოთხივე კანდიდატი აფხაზეთის ომის მონაწილეა. ასლან ბჟანია ომის დროს აფხაზეთის უშიშროების სამსახურში მუშაობდა, ლეონიდ ძიაფშბა  ვლ. არძინბას დაცვის ოფიცერი იყო, მერაბ ქიშმარია აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ შტაბის უფროსი, მოგვიანებით კი აღმოსავლეთ ფრონტის (ოჩამჩირის რაიონი) სარდალია. ის „აფხაზეთის გმირი" და ლეონის ორდენის კავალერია.

ომის მონაწილეა რაულ ხაჯიმბაც, რომელიც იმ პერიოდში უშიშროების სტრუქტურებში მუშაობდა.კერძოდ, აფხაზეთის ომის დროს ხაჯიმბა სეპარატისტული ხელისუფლების სამხედრო დაზვერვისა და აღმოსავლეთ ფრონტის კონტრდაზვერვის უფროსი იყო.  დაჯილდოებულია ლეონის ორდენით.

რაც შეეხება დაბადების ადგილს და წარმომავლობას, ასლან ბჟანია და მერაბ ქიშმარია ოჩამჩირის რაონიდან არიან. ასლან ბჟანია ტამიშში არის დაბადებული, ქიშმარია-მოქვში, ლ.ძიაფშბა- გუდაუთის რაიონის სოფელ  ბარმიშში, ხოლო რაულ ხაჯიმბა ტყვარჩელში. ასლან ბჟანია და რაულ ხაჯიმბა  აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, მერაბ ქიშმარია და ლეონიდ ძიაფშბა კი მხოლოდ აფხაზეთის.

ასლან ბჟანია აფხაზეთში 2008 წლიდან ცხოვრობს მუდმივად, ლ.ძიაფშბა - 1991 წლიდან, მერაბ ქიშმარია-1990 წლიდან, რაულ ხაჯიმბა კი დაბადებიდან აფხაზეთის ბინადარია.

ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ასაკით ყველაზე უფროსი რაულ ხაჯიმბაა, ის 1958 წელს არის დაბადებული, მას მოსდევს 1960 წელს დაბადებული ლეონიდ ძიაფშბა და 1961 წელს დაბადებული მერაბ ქიშმარია. ასაკით ყველაზე უმცროსია 1963 წელს დაბადებული ასლან ბჟანია.

თავისი მეტოქეებისგან განსხვავებით  რაულ  ჯუმკოვიჩს პრეზიდენტობისთვის ბრძოლის საკმაო გამოცდილება გააჩნია. ის ჯერ ბაღაფშის მეტოქე იყო, შემდეგ კი ანქვაბის, თუმცა ორივეჯერ ფიასკო განიცადა.  გალის რაიონის მოსახლეობამ, რომელიც  პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ყოველთვის ღირებული ელექტორატი იყო, რაულ ხაჯიმბას არც ერთხელ არ დაუჭირა მხარი.

ხაჯიმბამ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ გალის მოსახლეობა გაენეიტრალებინა და მისთვის ელექტორატის ფუნქცია შეეზღუდა, რადგან  არსებობდა საფრთხე, რომ გალელებს ამჯერადაც  მოეხდინათ ხაჯიმბას იგნორირება და თავიანთი ხმები სხვა კანდიდატისთვის მიეცათ. გავრცელებული ინფორმაციით, გალელები მერაბ ქიშმარიაზე აკეთებდნენ აქცენტს, რომლის ძმაც რუსლან ქიშმარიაც  წლების მანძილზე გალის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა. გალში უკვე თითქმის 50 წელია ცხოვრობს ქიშმარიების და, ზ. ქიშმარია, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხაჯიმბასთვის მერაბ ქიშმარია საშიშ მეტოქეს წარმოადენდა, თუმცა გალის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობის აფხაზური პასპორტების ანულირებულად გამოცხადებამ ეს საფრთხე  მოხსნა.

აფხაზურმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააგენტო „აპსნიპრესზე" გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად ყველაზე შეძლებულად ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია გამოიყურება. მის მფლობელობაშია ბინები მოსკოვში, სოჭში, მის ვაჟიშვილს გააჩნია ასევე  ბინა მოსკოვში, კანდიდატის მეუღლეს ა. ახიბას - ცალკე ბინა მოსკოვსა და სოხუმში, ქალიშვილს ა. ბჟანიას -ბინა სოხუმში. ასლან ბჟანიას ასევე გააჩნია 700 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი სოჭში, კრასნაია პალიანაზე, 2640 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი სოფელ პოკროვსკოეში (მოსკოვის ოლქი), 2500 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, 5700 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ქ. სოხუმში. გარდა ამისა,  ბჟანიას მფლობელობაშია ავტომობილი MERCEDEC ML, BMW 535, Toyota Land Cruiser 200, ООО «Юг - Инвест - Банк»-ის ფასიანი ქაღალდები. ბჟანიას ყოველთვიური შემოსავალი აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეადგენს 23800 რუბლს, ხოლო მისი მეუღლის ა. ახიბასი, რომელიც რუსეთის ფედერაციის  კონტროლის  განყოფილების გამგეა-105 ათას რუბლს შეადგენს.

შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება რაულ ხაჯიმბას ქონებრივი დოსიე, რომელიც  242 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობს სოხუმში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრომორსკოეში კი 0,2 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს, რაულ ხაჯიმბას საკუთრებაა  ავტომობილი Suzuki Grand Vitaraმისი ხელფასი კი დეპუტატის პოზიციაზე 14 800 რუბლს შეადგენს.


გულიადა ჭკადუა

<< უკან