ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 03 05 06
07 09 11 12 13
16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 

ანალიტიკა

"ის მატარებელი არსად წასულა, მას მხოლოდ მოძრაობის ილუზია შეუქმნეს“

ქართულმა სააგენტო „ლაივპრესმა" მ.წ. 11 აპრილს გამოაქვეყნა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატის, პარტია „ერთიანი აფხაზეთის" თავმჯდომარის, წარსულში პარტია „აიდგილარას" ერთ ერთი ლიდერის სერგეი შამბას ინტერვიუ, სადაც ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია, თუ რა მოსაზრებები გააჩნია ბატონ სერგეის საქართველოს ფედერაციული მოწყობის შემთხვევაში, აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსზე, დევნილთა დაბრუნებაზე, აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამოქმედებაზედა სხვ.

ბუნებრივია, ბატონ სერგეი შამბას, თავისი ინტერპრეტაცია აქვს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რის შესახებაც ის თავის ინტერვიუში საუბრობს. კარგად გვესმის, რომ მისი პოზიცია და საგნებისა და მოვლენებისადმი დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ ის წლების განმავლობაში აფხაზურ ხელისუფლებაში სხვადასხვა წამყვან პოსტს იკავებდა, იყო ჩინოვნიკი და სხვაგვარად რომ ეფიქრა და  ესაუბრა,  თანამდებობას ვერ შეინარჩუნებდა. ეს მისი არჩევანია. თუმცა -შეგნებული თუ შეუგნებელი, ეს უკვე სხვა საქმეა.

და მაინც, რბილად, რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს ზერელედ გვეჩვენება მისი დამოკიდებულება ზოგიერთ საკითხისადმი, რაც აშკარად მოულოდნელია მისგან, როგორც ინფორმირებული პიროვნებისაგან. მაგალითად, თუნდაც მისი დამოკიდებულება საქართველოს ფედერაციული თუ სხვა სახის მოწყობის შემთხვევაში, აფხაზეთის ფართო უფლებებით შესვლის თაობაზე:

„აფხაზური მხარის რეაქცია  შეიძლება იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი -ფართო ავტონომიის, ერთობლივი სახელმწიფოს, ფედერაციისა და კონფედერაციის შესახებ შეთანხმებები  მხოლოდ შესაძლებელი იყო და ეს განიხილებოდა კიდეც ომამდე და მისი დასრულებისთანავე. ქართული მხარე უარს ამბობდა ნებისმიერი კომპრომისული წინადადების განხილვაზე. ახლა კი, როგორც იტყვიან, მატარებელი წასულია", -აცხადებას ს. შამბა და იქვე მიუთითებს, რომ 2008 წლის  8 აგვისტოს  საომარი მოქმედებების დაწყებით, საქართველო ფაქტიურად ცალმხრივად გავიდა ყველა მოლაპარაკებიდან, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარების შესახებ".

ფორმულირება  „ყველა მოლაპარაკებიდან საქართველოს ცალმხრივად გამოსვლის შესახებ" ჩვენთვის გაუგებარია, რადგან, როგორც ცნობილია, 2008 წელს საქართველო აფხაზეთს თავს არ დასხმია, პირიქით აფხაზეთმა დაარღვია 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ", რაზეც ე. წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შესახებ ჰაიდი ტალიავინის ანგარიშში პირდაპირაა მითითებული:

„.... 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება"ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ", რომელსაც აფხაზურმა მხარემაც მოაწერა ხელი ითვალისწინებდა, რომ "მხარეები ვალდებულნი არიან ზედმიწევნით დაიცვან ცეცხლის შეწყვეტა ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეში და თავი შეიკავონ ყველა სახის სამხედრო ქმედებისაგან ერთმანეთის წინააღმდეგ". მოსკოვის შეთანხმების პირობების მიხედვით, კოდორის ხეობის ზედა ნაწილი არ წარმოადგენდა აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ამდენად, აფხაზური ქვედანაყოფების მიერ რუსული სამხედრო ძალების მხარდაჭერით იერიშის მიტანა [კოდორის ხეობის ზედა ნაწილზე] წარმოადგენს ძალის უკანონო გამოყენებას, რაც იკრძალება ხელშეკრულებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაეროს წესდების მე-2 (4) მუხლით; და საქართველოზე თავდასხმას გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, გამართლებულია საქართველოს მიერ თავდასხმაზე საპასუხოდ ძალის გამოყენება კანონიერი თავდაცვის მიზნით. სამხედრო ოპერაციის გამართლების მცდელობისას, აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი იყო ოთხი განსხვავებული განმარტება. აფხაზეთის მხარე ამტკიცებდა, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო "კოდორის ხეობის გასათავისუფლებლად" და რომ მისი განხორციელება აუცილებელი იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად. შემდეგ ის ამტკიცებდა, რომ აფხაზეთის მხრიდან ოპერაციის განხორციელება აუცილებელი იყო საქართველოს მხრიდან აფხაზეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის წინასწარ აღსაკვეთად; და ბოლოს, აფხაზეთი მოვალედ თვლიდა თავს გაეხსნა "მეორე ფრონტი" 2005 წლის 19 დეკემბერს სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული "მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების" მიხედვით. თუმცა, წარმოდგენილი განმარტებებიდან ვერცერთი ჩაითვლება ფაქტებით განმტკიცებულად ან სამართლებრივად დასაბუთებულად. ამდენად, აფხაზეთის მიერ ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართლით მიხედვით გაუმართლებელია."-ნათქვამია ტალიავინის მოხსენებაში. (ხაზგასმა ჩვენია, რედ.)

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ვხედავთ,  საქართველო აფხაზეთთან მიმართებაში კი არ გასულა მოლაპარაკებების სივრციდან, არამედ აფხაზური მხარე, რომლის   უკანონო ქმედებებს 2008 წლის აგვისტოში, ქართველი მოსახლეობისგან ხეობის დაცლა და ფაქტიურად, „ხავერდოვანი" ეთნიკური წმენდის განხორციელება მოჰყვა.

მეორეც,  აშკარაა, რომ 2008 წლის შემდეგ, სოხუმს რუსეთთთან  კავშირ-ურთიერთობის  დამყარების ახალი არეალი გადაეშალა. ამასთან თუ როგორი იქნება  ოკუპირებული აფხაზეთის ხვალინდელი დღე და მომავალი  ამას, სამწუხაროდ აფხაზები ვერ წყვეტენ. რუსეთის ფედერაციასთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" დადებული ხელშეკრულებით და სხვა რეგულაციებით ხელ-ფეხ-შეკრულ აფხაზეთს ფაქტიურად  წართმეული აქვს უფლება საკუთარი თავის პატრონი თავად იყოს. ამიტომ, ჩვენში ღრმა სინანულს იწვევს  საკმაოდ გამჭრიახი პოლიტიკოსისა და ისტორიკოსის ბატონ სერგეი შამბას რეალობას მოკლებული წარმოდგენები აფხაზეთის დამოუკიდებლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით, რომ არაფერი ვთქვათ პარალელების გავლებაზე კოსოვოსთან, რომლის აღიარებაც დასავლეთმა  სერბების მიერ ალბანელების მიმართ  განხორციელებული  ეთნოწმენდისა და გენოციდის გამო ჩათვალა შესაძლებლად, რასაც წინ უძღოდა ალბანელების დისკრიმინაცია და შევიწროება.

ამასთან, კოსოვოსგან განსხვავებით, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას,  რეალურად აფხაზთა გენოციდი და ეთნოწმენდა ან მათი დისკრიმინაცია და შევიწროება კი არ ედო საფუძვლად, არამედ   რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები.  აქ კი  გვინდა გავიხსენოთ ის ფაქტი,  რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამეუთომ,რუსეთისმონაწილეობით უმაღლეს დონეზე აღიარა და „გამოხატა ღრმა შეშფოთება უმეტესწილად ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდასა და  საცხოვრებელი ადგილიდან  მათ მასობრივ გამოძევებასთან, ასევე უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი რაოდენობით დაღუპვასთან დაკავშირებით". (OშჩE.ორგ /რუ/მც/ 39558ბუდაპეშტი, 1994წლის 6 დეკემბერი), ასევე, 1996წ. 3 დეკემბრისლისაბონისდა 1999 წლის 17-18 ნოემბრისსტამბოლის სამიტები), რაც შემდგომ გაეროს რეზოლუციებშიც აისახა. აღარაფერს ვამბობთ 1995, 1998 წლებში ანალოგიურ და სხვა ფაქტებზე რომელსაც, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  და ეს ხდებოდა არა ომის დროს, არამედ ომის შემდგომ ე.ი საუბარია მშვიდობიან, დაუცველ მოსახლეობაზე.

ზემოთაღნიშნულის ფონზე, არაკორექტულად გვეჩვენება ს. შამბას მოთხოვნა  ქართული მხარის მიერ აფხაზებისათვის ბოდიშის მოხდის თაობაზე: „ქართველებს უნდა ესმოდეთ, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ნორმალიზება შეუძლებელია აფხაზეთში ჩადენილი დანაშულობებისთვის, ქართული მხარის მიერ ბოდიშის მოხდის გარეშე. და, აქ ქართულ მხარეს შეუძლია მაგალითი ევროპისგან აიღოს, რომლისკენაც ის ასე ისწრაფვის. გავიხსენოთ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ვილი ბრანდტმა ვარშავის გეტოს მსხვერპლთა ძეგლის წინ მუხლი მოიყარა. თუმცა, ცნობილია, რომ ბრანდტს იოტისოდენა პასუხისმგებლობაც კი არ ეკისრებოდა ნაცისტური რეიხის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. პირიქით, ჰიტლერული რეჟიმის წლებში ის ემიგრაციაში იმყოფებოდა და წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. საქართველოს კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ ერთხელ გამოიჩინა სიმამაცე და აფახაზ ხალხს ბოდიში მოუხადა სტალინისა და ბერიას მიერ მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისთვის. იპოვის თუ არა თავის თავში ძალებს დემოკრატიული საქართველოს ხელმძღვანელობა?".- აცხადებს ს. შამბა.

ვფიქრობთ, რომ ს. შამბას რიტორიკა და მის მიერ მოხმობილი ისტორიული მაგალითები  შეუსაბამოა. რადგან სხვადასხვა დროს გერმანიის კანცლერებმა ვილი ბრანდტმა   და  ვილჰელმ კოლმა გეტოს მსხვერპლთა წინაშე   გერმანული ფაშიზმისა და მის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გერმანელი ერის სახელით მოიხადეს ბოდიში, რაც  აბსოლუტურად ჯდებოდა მოვლენებისა და ფაქტების კონტექსტში, ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში კი ეს უადგილოდ გვეჩვენება, რადგან მიუხედავად შეიარაღებული კონფლიქტისა, ქართველებს აფხაზების ეთნიკური წმენდა და გენოციდი არ მოუხდენიათ.

აფხაზეთში კონფლიქტის დასაწყისში საფუძველი იმისა, რომ აფხაზური მოსახლეობა შეზღუდვებსა და აშკარა დისკრიმინაციას განიცდიდა, რაც შეიძლება სეცესიის საფუძველი გამხდარიყო, არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში ადგილი ჰქონდა არა უფლებრივი დისკრიმინაციის საფუძველზე ობიექტურად წარმოშობილ სეცესიონისტურ მოძრაობას, არამედ პოლიტიკური მოტივებით გაღვივებულ ამ მოძრაობის აგრესიულ ნაირსახებას, რომელიც მნიშვნელოვნად საგარეო იმპულსებით იყო ნაკარნახევი.

აფხაზური მხარე არათუ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, არამედ თავის რიცხოვნებასთან შედარებით დომინირებული ადგილიც კი ეკავა. ასევე უზრუნველყოფილი იყო აფხაზური ენის განვითარება სახელმწიფო, ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, დაცული იყო აფხაზური კულტურა, არსებობდა სამართლებრივი ბაზა, რომელიც აღიარებდა მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს. განსაზღვრავდა სამართლებრივ მექანიზმებს, რომელიც გამორიცხავდა უმცირესობათა, მათ შორის უპირველესად აფხაზური მოსახლეობის ძირითად უფლებათა დარღვევას და სისტემურ დისკრიმინაციას მათ მიმართ.

ეს რა თქმა უნდა მწვავე თემაა, და რომ არა ბატონი სერგეის კატეგორიული განცხადებები ერთობლივი თანაცხოვრების უარყოფასა და მომხდარში ცალმხრივად ქართული მხარის დადანაშაულებასთან  დაკავშირებით, ამ თემებს არ შევეხებოდით, მაგრამ რადგან ეს საკითხი თავისდაუნებურად წამოიჭრა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ იმისათვის, რათა წინ ვიაროთ, რეალურად ვიფიქროთ მომავალზე, რეალისტურად შევაფასოთ საგნები და მოვლენები და, აქედან გამოდინარე, გამოვნახოთ უკეთესი გზა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

მიუხედვად წარსულში მომხდარი ასეთი სამწუხარო ფაქტებისა და რეალობისა, საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ თავის თავში იპოვა ძალა, რომ კონფლიქტის დარეგულირების ძალისმიერ გზაზე უარი ეთქვა და ერთმნიშვნელოვნად სამშვიდობო კურსი აეღო  ოკუპირებული ტერიტორიების , მათ შორის აფხაზეთის მიმართ. გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენს ქვეყანას გაცნობიერებული აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა  ოკუპირებული აფხაზეთისა და იქ მცხოვრები  ადამიანების მიმართ და თვლის  რომ, რაც ომმა დაანგრია და გაანადგურა, ის  ამ ადამიანებისადმი სიყვარულით და ზრუნვით უნდა იქნას გამოსწორებული. თუმცა, იმ კონფლიქტზე, რომელიც აფხაზეთში უცხო ძალების ჩარევით მოხდა, პასუხისმგებლობა  ყველა მხარემ უნდა აიღოს- მათ შორის, აფხაზურმაც და საჭიროა ერთმანეთის მიტევება  და საკუთარი შეცდომების აღიარება. ამის გარეშე წინ ვერ წავალთ.

ბატონი ს. შამბა სვამს კითხვას, შეუძლია თუ არა დევნილ მოსახლეობას დაბრუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება იმ ადამიანებთან, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს იმის შედეგად რაც მოხდა? თბილისში ადგილობრივ რუსებს, ოსებს ან სომხებს ხელში იარაღი რომ აეღოთ ქართველების წინააღმდეგ და გაეძევებინათ ისინი, საინტერესოა, რამდენი ქართველი იქნებოდა ასეთი მოსახლეობის უკან დაბრუნების მომხრე? ჩვენთვის - აფხაზებისთვის - ქართული მოსახლეობის აფხაზეთის შიდა რაიონებში დაბრუნების საკითხი დახურულია.

ჯერ ერთი, აქ ცნებების და მოვლენების აღრევას აქვს ადგილი. ერთხელ კიდევ უნდა გავიმეოროთ, რომ აფხაზები და არც სხვა ეროვნების ადამიანები ქართველებს არ გაუძევებიათ თავიანთი საცხოვრებლიდან და მათთვის არც ეთნიკური წმენდა არ მოუწყვიათ. პირიქით, ინსპირირებული კონფლიქტის შედეგად ქართველების გამოძევება  და ეთნოწმენდა მოხდა. რაც შეეხება დევნილთა  თავიანთ კუთხეში და სახლებში დაბრუნებას ეს მათთვის საერთაშორისო კანონებით  აღიარებული უფლებაა და  ს. შამბას კატეგორიული უარი იმის თაობაზე, რომ შიდა აფხაზეთის დევნილები ვერ დაბრუნდებიან, ადამიანის უფლებათა და სხვა საერთაშორისო კანონებით განმტკიცებულ უფლებებს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დარღვეული უფლების აღდგენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად აღნიშნული პირებისთავ და პირველ საცხოვრებელად გილას ნებაყოფლობითი რეპატრიაცია მიიჩნევა, რაც საერთაშორისო სამართალში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების სახელით არის ცნობილი.

ბატონო  სერგეი,   თქვენ კარგად უწყით, რომ  ეს ომი იყო გარეშე ძალების მიერ შემზადებული და ქართველებისა და აფხაზებისთვის თავს მოხვეული ომი, და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ამ ხელოვნურად გაჩაღებული კონფლიქტისგან ორივე მხარე  დაზარალდა. სამაგიეროდ, იხეირა მესამე მხარემ, რომელმაც ენგურზე  ხელოვნური საზღვარი გაავლო, ხოლო აფხაზებს დამოუკიდებლობის ილუზია შეუქმნა და ფუჭი იმედები გაუჩინა.   შიგადაშიგ კი თავისი ემისრების, ეპიფანცევის, მაუს და სხვათა პირით აფხაზ ერს მუქთახორას და სხვის კმაყოფაზე მცხოვრებს უწოდებს და მიანიშნებს, რომ ბოლო წლებში აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები აფხაზურ ხელისუფლებას დანიშნულებისამებრ რომ გამოეყენებინა, აფხაზეთი მეორე კუვეიტი გახდებოდა.(?!)

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დღეისათვის აფხაზეთში აფხაზებისთვის სახარბიელო დემოგრაფიული ვითარება არ აღინიშნება, თქვენ ძალიან კარგად იცით ეს სურათი და ჩვენ არ შევუდგებით იმ  ვითარების დაკონკრეტებას, საიდანაც  შესაძლოა , ხვალ აფხაზეთს საფრთხე შეექმნეს.

ბატონო სერგეი,  რადგანაც დემოგრაფიულ სიტუაციას შევეხეთ, არ შეგვიძლია თავი ავარიდოთ ერთ მწვავე თემას, რომელიც დღეს აფხაზი ერის იდენტობის შენარჩუნებასა და განვითარებას ეხება -ეს არის  აფხაზური ენის დღევანდელი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ამ სფეროში საქმე არც ისე კარგადაა, რადგან აფხაზეთში, როგორც თქვენივე წარმომადგენლები აცხადებენ, თანდათან მცირდება ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი.  ენის  მოხმარების არეალი ვიწროვდება, და, როგორც მოსალოდნელი იყო, მის ადგილს რუსული ენა იკავებს, რომელიც, რასაკვირველია, დიდი დიაპაზონისა და კულტურის ენაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზურ ენაზე უარი ვთქვათ. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება გულწრფელად წუხს აფხაზური ენის დღევანდელი მდგომარეობის გამო, რომელიც თავისი ბუნებით  ერთ-ერთი უნიკალური  და უძველესი ენაა, და  ყოველგვარი ანგარებისა და ქვენა აზრების გარეშე ცდილობს  მონახოს ამ ენის  გადარჩენისა და განვითარების გზები. ამას მოწმობს თბილისში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებული  სამეცნიერო დაწესებულებები, რომლებიც აფხაზური ენის კვლევისა და განვითარების საკითხებით არიან დაკავებული და  სულაც ამ ცოტა ხნის წინ შექმნილი არაფორმალური ორგანიზაცია  „აფხაზური ენის გადარჩენის კორპუსი", რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა აფხაზური ენის გადარჩენის საკითხებზე, არაფერს ვამბობთ, სოხუმის უნივერსიტეტში არსებულ აფხაზური ენის კათედრაზე, სადაც  აფხაზური ენის სპეციალისტებს ამზადებენ.

გვინდა სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ და გითხრათ, რომ აფხაზური ენის გადარჩენისა  და პოპულარიზაციის საქმეში  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს თითქმის ყველა სტრუქტურას, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორს. ამის უშაულო შედეგია ის, რომ ბათუმში  მოქმედებს საკვირაო სკოლა, სადაც  ბავშვებს აფხაზურ ენას ასწავლიან, აფხაზურ ენაზე მაუწყებლობს ასევე  აფხაზეთის ტელევიზია, აფხაზურ ენაზე გამოიცემა წიგნები, ბროშურები, აფხაზური ენის თვითმასწავლებლები, ფუნქციონირებს  აფხაზური ენის შესწავლის სპეციალური კურსი და სხვ. გარდა ამისა, სათანადო პატივი მიეგება აფხაზი ხალხის გამოჩენილი შვილების- საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და მეცნიერების ხსოვნას. ყოველივე  ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ, მიუხედავად წარსულში მომხდარი დაპირისპირებისა, ქართულ მხარეს ერთი წუთითაც  არ მოსვლია თავში აფხაზური საზოგადოების განსაკუთრებულობის, მისი ფენომენის უარყოფა, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დანგრეული ხიდები აღდგეს და მასზე  მომავალმა თაობებმა გაიარონ.

და ბოლოს, ბატონო სერგეი, თქვენ ინტერვიუში ახსენეთ, რომ 2008 წლამდე აფხაზური მხარე ფედერაციულ მოწყობაზე თანახმა იყო, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან რეალიები შეიცვალა და „მატარებელი უკვე წავიდა". ამიტომ Якорь „ყველანაირი მსჯელობა ფედერაციული მოწყობის შემოთავაზების თაობაზე არა თუ მიმავალი, არამედ უკვე წასული მატარებლის საფეხურზე შეხტომის მცდელობაა".

გვინდა, ნახევრად ხუმრობით გითხრათ, რომ ეს მეტაფორა  მოძველებულია და იმ დროინდელია, როცა მატარებლის გარდა  სხვა ტრანსპორტი არ არსებობდა  და მისი დაწევაც შეუძლებელი იყო.   და მეორეც, თქვენი არ ვიცით, მაგრამ ჩვენ  მიგვაჩნია, რომ თქვენ რომ გულისხმობთ ის მატარებელი არსად წასულა,  მას მხოლოდ მოძრაობის ილუზია შეუქმნეს, სინამდვილეში კი ის ისევ  დეპოში დგას.

ანი იაშვილი

<< უკან