ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 03 05 06
07 09 11 12 13
16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 

ანალიტიკა

რუსული ანაქრონიზმი ანუ გალის გასამხედროება

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ერთხმად აპროტესტებს რუსეთის გადაწყვეტილებას გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ, რომელიც მან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერით მიიღო. აშკარაა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად აძლიერებს საკუთარ გავლენას ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც, თუ ადრე საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის პლაცდარმად იყენებდა, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შემდეგ, საქართველოზე აშკარა სამხედრო ზეწოლის ახალ ცენტრად მოიაზრებს.

ოკუპირებული გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებით რუსეთმა დაასრულა რამდენიმე წლის წინ დაწყებული მოლაპარაკება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან. როგორც ცნობილია, მსგავსი ნაბიჯის გადადგმას რუსეთი 2011 წელსაც აპირებდა, თუმცა, მოსკოვის ამ სურვილს დე ფაქტო სოხუმმა  მაშინ არ დაუჭირა მხარი. რუსეთი, რომელიც აფხაზეთში ,,გავლენიანი მფარველის" იმიჯის შენარჩუნებას ძალიან ფრთხილად ეკიდება, მოთმინებით  დაელოდა  აფხაზეთის პარტიულ-პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სათანადო აზრის მომწიფების პროცესს, რომელიც ამ საკითხის შემფერხებელი ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის შემდეგ სწრაფად წარიმართა და რუსეთის ერთპიროვნული ფავორიტის რაულ ხაჯინბას ძალისხმევითა და ხელშეწყობით  წარმატებით დასრულდა - ანუ ჯერ გაფორმდა  ხელშეკრულება მოსკოვსა და დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას შორის ჯარების ერთიანი დაჯგუფების შესახებ და შემდეგ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რუსეთმა გალი სამხედრო ქალაქად გამოაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ. იმის გათვალისწინებით, რომ გალის მოსახლეობის თითქმის 100 პროცენტი ეთნიკური ქართველია, რუსეთის ეს ნაბიჯი მძიმედ დააწვება ისედაც შეჭირვებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც აშკარად შეეზღუდება მიმოსვლა ენგურის ხიდზე. უფრო მეტიც, რუსეთის  ამგვარმა ქმედებამ მოსალოდნელია დაძაბოს სიტუაცია ეთნიკურ ქართველებსა და რუს სამხედროებს შორის, რაც, წარსულში განხორციელებული არაერთი  ქმედებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის,  რუსეთის  ახალი პროვოკაციული გეგმის შემადგენელი ნაწილიც იყოს.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით რუსეთმა გააცოცხლა საბჭოთა სისტემის დროს მის მიერ დანერგილი ,,დახურული ქალაქების" ტრადიცია.  ამგვარი სისტემა, როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის დროს განსაკუთრებულად ,,საშიშ" საზღვრისპირა  ქალაქებში - მურმანსკი, სევერამორსკი, ვლადივასტოკი, სევასტოპოლი - არსებობდა. სამხედრო შენაერთები იდგა, აგრეთვე,  ახალქალაქში, ახალციხეში, სარფში. რუსეთის შეიარაღებული ძალებით ოკუპირებული გალის მაქსიმალური გაძლიერება კიდევ უფრო მეტად მეტყველებს იმაზე, რომ გალს ისეთივე განსაკუთრებული ზონის სტატუსი ეძლევა, როგორც ზემოაღნიშნულ  ქალაქებს ჰქონდა საბჭოთა პერიოდში. ამგვარი პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, ანაქრონიზმია და არანაირად არ შეეფერება  XXI საუკუნეს.  ხატოვნად რომ ვთქვათ, რუსეთი ფეხს აჭერს ფოცხს, რომელიც, ვფიქრობთ, უკურეაქციით შემოუბრუნდება ისევ ეთნიკური აფხაზი  მოსახლეობის  მხრიდან,  ვინაიდან ,,თავისუფალი და დამოუკიდებელი" აფხაზეთი, ადრე თუ გვიან, გამოფხიზლდება და დაგმობს რუსეთის მხრიდან მათი საბოლოო ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს.

დღეს, როდესაც ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მწიფდება აზრი საქართველოსა და რუსეთს შორის არა მარტო ეკონომიკური, არამედ დიპლომატიური ურთიერთობის განახლებაზე,  ოკუპირებულ აფხაზეთში თავისი ,,ველიკოდერჟავული" პოლიტიკის გაშიშვლებით, რუსეთი აშკარად ეწინააღმდეგება ქართულ-რუსული ურთიერთობის დათბობის პროცესს. საქართველო, პრემიერ-მინისტრის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, არასდროს არ წავა კომპრომისზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში. ამდენად, საქართველო არასდროს არ შეურიგდება ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში განხორციელებულ ამ სამხედრო მილიტარიზაციას.

<< უკან