აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

რუსლან აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური საქმიანობის, სოციალური უზრუნველყოფის, სპორტის და ახალგაზრდობის მხარდასაჭერად განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაციების მიწოდების მიზნით, აქტიურად იმართებოდა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც დევნილი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის.

მთავრობის თავმჯდომარემ დეპუტატების წინაშე აფხაზეთის მთავრობის სამომავლო სამოქმედო გეგმასა და ინიციატივებზე ისაუბრა. პრეზენტაციის ბოლოს რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკითხვებს უპასუხა. უმაღლესმა საბჭომ მთავრობის ანგარიში დადებითად შეაფასა. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ წლიურ ანგარიშს აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.