აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

„9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ის ისტორიული ფურცელია, რომელმაც  მსოფლიოს ქართველი ერის აბსოლუტური ერთიანობის შესაშური მაგალითი უჩვენა.  ეს დღე ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვის, ერთიანობის, თავისუფლების, მადლიერების და სიხარულის დღედ იქცა. უიარაღოდ, შიშველი ხელებით, იდეისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები.  მთელი საქართველო  დღეს მუხლს იყრის მათი უმანკო სულების ხსოვნის წინაშე. 9 აპრილი ჩვენი  ერის ცოცხალი მეხსეირების გამოძახილია, რომელიც არასოდეს მინავლდება.   ისტორია, რომელშიც ლომის წილი ჩვენს ბრწყინვალე  ახალგაზრდობას მიუძღვის. 1989 წლის 9 აპრილიდან განვლილმა პერიოდმა დამოუკიდებლობის შეგრძნებამ ბევრი სიხარული მოგვიტანა. ამ დღემ დაგვანახა, რა ძალა აქვს  ერის საყოველთაო ერთიანობას, რომელიც ყოველ ჩვენგანს  მადლიერებით ავსებს  და ახლო მომავალში    გაერთიანებულ საქართველოს  მომავლისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

30  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.