აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდსა და ინგირში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ დევნილ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების შესაბამისად უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ინგირის ამბულატორიაში გაიმართა.