აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე. ასევე, იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე,  გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და სხვა მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ.

შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა.