აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

აქციაში წამყვანი კლინიკების მედიკოსები, მათ შორის კლინიკა „ღია გული“ და კარდიოქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი კახაბერ ლაცუზბაია მონაწილეობდნენ.

დევნილებმა ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგისა და დერმატოლოგის მომსახურება მიიღეს.

აქციაში მონაწილე პირებს გულის ელექტროკარდიოგრამა, მუცლის ღრუს ექოსკოპია, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში დევნილებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად, ასევე უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევები სოფელ ვაზიანის საბავშვო ბაღის შენობაში ჩატარდა და სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე ესწრებოდნენ.