აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

რუსეთის მიერ ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მშობლიური ენის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის ცნობილ ხელოვანთა ქართული შრიფტის გარნიტური (გრავიურა) და აფხაზურ-ოსურ ენებზე გამოცემული მხატვრული წიგნები. ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის კონცეფციით შექმნილი და გამოცემული ლექსიკონები: ქართული ენის დიალექტებისა და ქართველური ენების, აგრეთვე ქართულ-აფხაზურ-ინგლისური, ქართულ-ოსურ-ინგლისური, უდიურ-ქართული, ბეჟიტურ-ქართული, ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მწერალ ირაკლი შამათავას წიგნის „ვილაპარაკოთ - 33 ამბავი აფხაზეთზე“ უახლესი გამოცემა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქართული მწერლობის პროზას აფხაზეთზე.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით გაიმართა და „აფხაზეთის სულიერების ცენტრის“ დირექტორი ბესიკ სილაგაძე, კალიგრაფი ლეილა ბაღბაია, მწერლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით 1999 წელს იუნესკომ 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ დააწესა. 2000 წლის თებერვლიდან აღნიშნული თარიღი მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.