აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოს გამომცემლებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზური ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოს გამომცემლებთან შეხვედრა გაიმართა. გრიფმინიჭებული წიგნი გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოიცა. წიგნის ავტორები არიან ირმა ოსია და რიტა ამიჭბა-მარღანია, სახელმძღვანელო I-IV კლასებისთვისაა განკუთვნილი.

გამომცემლებმა სახელმძღვანელო დღეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზური ენის სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას. შეხვედრაზე ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, გამომცემლობა „ინტელექტის“ დირექტორი კახმეგ კუდავა, მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, დღემდე არაერთი პროგრამა ხორციელდება. ბოლო პერიოდში შეიქმნა ქართულენოვან მოსწავლეთათვის განკუთვნილი წიგნები და მეთოდური მასალები, ითარგმნა ლიტერატურა აფხაზურ ენაზე, რომელიც ენის შესწავლის მსურველებს საუკეთესო მეგზურობას უწევს.