აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობისა და სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი მოსახლეობისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები პირების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, მათთვის პროფესიული განათლების სერვისების შეთავაზებასა და მაქსიმალურ ჩართვას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული პირებისთვის დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ხელი შეეწყობა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას, საერთაშორისო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა პროფესიული დარგის (ხის გადამუშავება, ტყის მართვა, თიხაზე მუშაობა და სხვ.) განვითარების მიზნით, ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებას და ამ კუთხით არსებული ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართვას ახალი პროფესიული პროგრამების განვითარებისა და დანერგვის პროცესებში.