აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები ჩაერთვნენ. სოლიდარობის ნიშნად, ომით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად, აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასებიდან გარკვეული რაოდენობის თანხა ერთიან ანგარიშზე გადარიცხეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხით შეძენილ იქნა ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, ბავშვთა კვება და ჰიგიენური საშუალებები.

ჰუმანიტარული ტვირთის დატვირთვისა და გაგზავნის პროცესს საქართველოს ფოსტის ტერმინალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო. ტვირთის გაგზავნას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში სახმელეთო გზით გაიგზავნება.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია.