აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.  ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ჭიჭინაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„2 ივლისი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ტამიშის ბრძოლა ერთის მხრივ, უმაგალითო თავგანწირვის, შეუპოვრობის, ერთიანობისა და გმირობის სიმბოლოა, ამასთანავე მომავალი თაობისთვის კარგი საჩვენებელია თუ რამდენად მძიმეა ომის შედეგები. ქედს ვიხრით, ჩვენი გმირების წინაშე და პატივს მივაგებთ ჩვენი მებრძოლების ხსოვნას, ვინც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირა. თითოეული ჩვენგანის ვალია მუდამ გვახსოვდეს და დავაფასოთ საქართველოს ერთგული შვილების თავგანწირვა.

სამწუხაროდ, წარსულის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვუზრუნველყოთ მშვიდობა, რათა ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს. ჩვენი ვალია ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის გატარებით. ჩვენ აფხაზ საზოგადოებასთან ერთად შერიგებისა და დიალოგის გზით უნდა ავაშენოთ საერთო მომავალი, სადაც მშვიდობა მთავარი ღირებულება იქნება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

გმირთა მემორიალთან, ასევე, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.