აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავარი სტრუქტურა ანალიტიკა კონტაქტი
ახალი ამბები
აფხაზეთის იუსტიციის დეპრატმენტის თვჯდომარის იგორ კოპალიანის ინტერვიუ ,,Timer'' - თან

თაიმერი: ბატონო იგორ, რამ განაპირობა იუსტიციის დეპარტამენტის, როგორც აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი რგოლის ლიკვიდაცია?

ი. კოპალიანი: რიტორიკული შეკითხვაა და შევეცდები გაგცეთ პასუხი თუმცა, ამისთვის, პატარა შესავალი, ასე ვთქვათ პოლიტიკურ-სამართლებრივი ექსკურსის გაკეთება დაგვჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა იურისდიქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო მოსახლეობის უმეტესობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი. ვინაიდან, მოსახლეობასთან ერთად აფხაზეთი დატოვა იქ მოქმედმა ხელისუფლებამაც და აშკარა გახდა, რომ აფხაზეთში შეიქმნებოდა სახელისუფლებო ვაკუუმი, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება და ლეგიტიმურად ცნო ხელისუფლების ის ორგანოები, რომლებიც რეალურად გამოხატავდნენ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკოსტიტუციურ საქმიანობაში (თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 10 მარტისა და 1995 წლის 24 თებერვლის დადგენილებები). აღნიშნული გადაწყვეტილებით, აფხაზეთის სრულ დეოკუპაციამდე და დევნილების უკან დაბრუნებამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებმა ფუნქციონიერება გააგრძელეს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, როგორც ხელისუფლების ადგილნაცვალმა, ევაკუირებულმა ორგანოებმა. შესაბამისად, ის უწყვეტი სამართლებრივი კავშირი, რაც იყო კონფლიქტამდე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უწყებებს შორის გაგრძელდა. თბილისში მუშაობა გააგრძელა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომაც, რომელიც შედიოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი იმავდროულად იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანოს წევრი.

თაიმერი: ბატონო იგორ, თქვენ ახსენეთ რომ აფხაზეთის იუსტიციამ სხვა უწყებებთან ერთად საქმიანობა გააგრძელა როგორც სამინისტრომ, მაშინ იუსტიციის დეპარტამენტად რატომ მოიხსენიებენ?

ი. კოპალიანი: სწორედ აქეთ მიმყავდა საუბარი და თქვენი ნებართვით დავასრულებ, ასე ვთქვათ შესავალი ნაწილის თხრობას, რომ ძირითად კითხვაზე გაცემულ პასუხში ბუნდოვანება არ იყოს. როგორც მოგახსენებდით აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრომ დევნილობაში გააგრძელა თავისი საქმიანობა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმამ ასახვა ჰპოვა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაზეც. აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნა იუსტიციის დეპარტამენტად, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და სამართალშემოქმედების ხელშემწყობი ორგანო. იმის გათვალისწინებით, რომ რეფორმის შედეგად ავტონომიებში მოხდა რიგი უფლებამოსილებების ცენტრალიზაცია, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციების მიღმა დარჩა ისეთი სერვისების მომსახურება, როგორიცაა: სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის წარმოება, სანოტარო მომსახურება, სასამართლოების, ასევე, რიგი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფა.

თაიმერი: გამოდის, რომ უფუნქციოდ დარჩით!

ი.კოპალიანი: აფხაზეთში შექმნილი სიტუაციისა და იმ არაორდინალური რეალობის გათვალისწინებით რა სიტუაციაშიც იმყოფება აფხაზეთის ხელისუფლება თავისი ინსტიტუტებით, ვერ ვიტყოდი, რომ უფუნქციოდ დავრჩით. როგორც მაღლა ავღნიშნე დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების არსებობა პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილებაა და მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობაც. იუსტიციის დეპარტამენტი აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში წარმოდგენილი იყო, როგორც მრჩეველი სამართლის დარგში.  სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის გარდა, მისი საქმიანობა ასევე მოიცავდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევასა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობას; ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში სამთავრობათაშორისო ჯგუფებში მონაწილეობას; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებასა და საცხოვრებელი ადგილის დადგენას; ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და ხელმისაწვდომობას. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ გარემოებას, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართულებით, ხშირ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშებში იქნა ასახული. უფრო მეტიც, იუსტიციის დეპარტამენტის საქმიანობა, ოკუპანტი ქვეყნის წაქეზებით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი რეჟიმის „განსჯის“ საგანიც გამხდარა. იუსტიციის დეპარტამენტის აქტივობების ჩამოთვლისას ვფიქრობ ყველაზე ხაზგასასმელი მაინც დევნილთა უფასო ადვოკატირების დანერგვაა. ამასთან, სხვა აქტივობებისგან შეიძლება გამოვყოთ ისეთი აქტივობა, როგორიც იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული (სულიერი) მემკვიდრეობის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემუშავება, აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მონაწილე მხარეების შერიგებისკენ განხორციელებული ღონისძიებები და სამშობლოსათვის თავდადებულთა წარმოჩენის მიზნით „სამშობლოსათვის მარადისობაში“ პროექტის განხორციელება, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებების გათვალისწინებით გენდერული ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა დატრენინგების ორგანიზება…

 

თაიმერი: და მაინც რა გახდა იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის საფუძველი?

ი.კოპალიანი:  სამართლებრივ ენაზე, რომ გითხრათ იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის საფუძველი გახდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი. უფრო სწორად „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ჩამონათვალიდან იუსტიციის დეპარტამენტი ამოღებულ იქნა. უმაღლესი საბჭოს აღნიშნული ქმედება დაეფუძნა აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის მიერ შემუშავებულ სამთავრობო პროგრამას, რომელიც აგებულია „მცირე მთავრობის“ კონცეფციაზე.

თაიმერი: რატომ იუსტიციის დეპარტამენტი და არა  რომელიმე სხვა უწყება?! ასე გამოდის, რომ იუსტიციის მიმართულებით აფხაზეთის ხელისუფლებამ აქტივობა შეწყვიტა?!

ი.კოპალიანი: არა, იუსტიციის მიმართულებით საქმიანობა გაგრძელდება და შენარჩუნდება, აფხაზეთის ისტორიული მეხსიერებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის დეპარტამენტი ლიკვიდირებულ იქნა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდა სხვადასხვა უწყებებზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საპირწონედ მისასალმებელია აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი აფხაზეთის მთავრობაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან და შესაბამისი აპარატის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში გააგრძელებს და უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. როგორც მოგახსენებდით აფხაზეთის ხელისუფლებაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში. ზოგადად ცვლილებები ერთგვარ გამოწვევად რჩება. სამწუხაროდ, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ჯერ კიდევ ვერ ჩამოუყალიბდათ ცვლილებებზე ორიენტირებული კულტურა, რომელიც ხელს შეუწყობდა ან გაადვილებდა რეფორმის ჩატარების პროცესს. რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, რეფორმის განხორციელებისას თანამშრომლებში დაბნეულობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. უფრო მეტიც, ვიწრო ფუნქციურ ჭრილში აზროვნება და ინფორმაციის ნაკლებობა, ისევე როგორც მომავლის ბუნდოვანება ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა და თანამშრომელთა დემოტივაცია იმუშაონ სათანადო ხარისხით. მიუხედავად აღნიშნულისა იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება.

თაიმერი: ბატონო იგორ, თქვენ სად მოიაზრებით, რა გეგმები გაქვთ?

ი.კოპალიანი: იუსტიციის დეპარტამენტი აგრძელებს საქმიანობას სალიკვიდაციო რეჟიმში, შექმნილია შესაბამისი სალიკვიდაციო კომისია ჩემი ხელმძღვანელობით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მობილობის წესით გადაყვანის პროცედურა. ვიტოვებ იმედს, რომ მათი მობილობის საკითხი გადაწყდება დადებითად და ისინი გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას მომავალშიც. რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, მომავალში ჩემი გეგმებით მოვიაზრები აფხაზეთში, ჩემს ქალაქ სოხუმში (იღიმის). ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი, ისევე როგორც აფხაზეთის დევნილი საზოგადოების წარმომადგენელთა ცხოვრების წესი და მიზანი მიმართულია აფხაზეთისკენ. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნების საკითხი დროში გაიწელა და თითქოს არ ჩანს დასასრული აღნიშნული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მძაფრი ნოსტალგიით გამსჭვალულებს მაინც გვჯერა, რომ აფხაზეთის ოკუპაცია დროებით ხასიათს ატარებს და დეოკუპაციის ფარგლებში, მშვიდობიანად და ღირსეულად დავუბრუნდებით მიტოვებულ ფუძეს, ჩამქრალ კერას. აფხაზეთს გამოღმა მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით აფხაზეთში გავაგრძელებთ ჩვენი წილი საქართველოს მშენებლობას. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავყაროთ ფარ-ხმალი და შევუშინდეთ ცხოვრების ბედ-უკუღმართობით შექმნილ დაბრკოლებებს. გულის სიღრმეში მწამს, რომ დევნილებში გამჯდარია პარადიგმა – უაფხაზეთოდ ჩვენი ცხოვრება ფუჭია და სწორედ ამიტომაც დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, ჩვენ მაინც  დავბრუნდებით.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომაზე განიხილეს ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობა.

შეგახსენებთ, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაცია გამოცხადდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 8 აგვისტოს №19 დადგენილებით შეიქმნა  სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე − იგორ კოპალიანი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე − ვასილ ზაქარაია − კომისიის წევრი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი − ნოდარ ჯალაღონია - კომისიის წევრი;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი − ზვიად ზაქარაია - კომისიის წევრი;

ე) ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენელი − ირაკლი თადუმაძე - კომისიის წევრი;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი − ეთერ ძიმისტარაშვილი - კომისიის წევრი;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს წარმომადგენელი - მარინა გადელია - კომისიის წევრი.

ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო პროცესი

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომაზე განიხილიეს ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელი ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის შესაბამისად, 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ლიკვიდირებულ უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები: სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებით გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესაბამის სამსახურს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი  დახმარების უზრუნველყოფის მიმართულებით გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს;  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობის მიღების მიმართულებით გადაეცემა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს.

შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან

2019 წლის 29 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტს შორის 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. შეხვედრის დროს განხილულ იქნა და შეჯამდა იუსტიციის დეპარტამენტში სტუდენტთა  მხრიდან  პრაქტიკის გავლის პერიოდში  განხორციელებული აქტივობები.

სამოქალაქო ფორუმი – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ და Hilfswerk International-ის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ დაგეგმილ სამოქალაქო  ფორუმში – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში.  სამოქალაქო ფორუმის მიზანი იყო მენტორობის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესაძლებლობის კუთხით არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და რე-სოციალიზაციის პროცესის ხელის შეწყობა, რათა მათ შეძლონ „ნაბიჯ ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის.  საგულისხმოა, რომ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარებმა იუსტიციის დეპარტამენტში უკვე გაიარეს სტაჟირება და სამომავლოდ, იუსტიციის დეპარტამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციაში ხელის  შეწყობის მიზნით, გეგმავს ჩაერთოს მენტორობის პროგრამაში.

ზუგდიდსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციები გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და  „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში 28-29-30  ივნისს ქალაქ ზუგდიდსა და  ქალაქ სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველა საჭირო სამართლებრივ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. ღონისძიების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წევრები  ესწრებოდნენ.

"საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია"

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა შედგა საქართველოს განათლების აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან,ქალბატონ სოფო ქვარცხავასთან თემაზე: "საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია".

შეხვედრაზე განხილულ იქნა საჯარო გამოსვლის ტექნიკა და ეფექტური კომუნიკაციის ზოგადი პრინციპები.

იუსტიციის დეპარტამენტში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის თანამშრომელთათვის საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ლევან ყოლბაია, რომელმაც დამსწრეებთან ერთად, კითხვა - პასუხის რეჟიმში, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელა. სამუშაო შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათს ატარებდა.

დევნილებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა იზრდება

2019 წლის 7 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას ძირითდად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. საუბარი შეეხეო უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისებს, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური დევნილი მოსახლეობისათვის გასწევს. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის, გააქტიურდება საინფორმაციო შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან მათი უფლებების შესახებ და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გაიზრდება ხელმისაწვდომობა დისტანციურ უფასო სამართლებრივ დახმარებაზე.