აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი” გაიხსნა. ფოტოხელოვანი დამთვალიერებელს  საშუალებას აძლევს, თვალი გადაავლოს აფხაზეთის ოდესღაც სიცოცხლით სავსე, ისტორიულ ადგილებს, რომელებიც დღეს მიტოვებული და დანგრეულია. 90-იან წლებში წარმოქმნილი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები ხელოვანმა განსხვავებული, ნოსტალგიური რაკურსით გადმოსცა.

გამოფენაზე ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესიდან „გამარჯობა სოხუმო” ნაწყვეტი წარმოადგინა სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა”.  რამდენიმე სიმღერა შეასრულა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამაც.

ღონისძიება ფონდ „არტექოს“ ორგანიზებით, აფხაზთის მთავრობის მიერ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.

სიტყვით გამოსვლისას გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 7 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.