აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ნიდერლანდებისა და ბელგიის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა

ქართული პროექტის ფარგლებში „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ საქართველოდან  ნიდერლანდებისა და ბელგიის სახელმწიფოებში, ოფიციალური ვიზიტით  ქართული დელეგაცია იმყოფებოდა. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან  აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარიამ,  საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  არასამთავრობო ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონიძიებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი, ქალაქ ამსტერდამში 16 თებერვალს გალა კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონცერტის პარალელურად  აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნახატების და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 17 თებერვალს ჰააგაში, საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა პროექტიდან „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“. საელჩოში მწერალ გურამ ოდიშარიას, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას წიგნების, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ წარდგენა და როტერდამის ერასმუსის პროექტის, ქართველი სტუდენტების კვლევის  „How did Georgian civil wars shape Georgia's foreign policy identity?/ Civil wars means wars in Abkhazia“ პრეზენტაცია გაიმართა. ოფიციალური მიღება გაიმართა ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, სადაც პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა მოეწყო. ვიზიტის ბოლოს ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში დიასპორის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე,  აფხაზეთის საზოგადოების გაერთიანების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლზე, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ეპარქიაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო ნიდერლანდებში მოღვაწე ცნობილი სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას ნამუშევრების და კომპანია “ფაფანაკის“ ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა. შეხვედრაზე აფხაზეთის თემაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, საღამო კონცერტით დასრულდა.  საერთაშორისო პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში“ ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, ხოლო პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატი,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩო, საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია, კომპანია „TIKA TOURS GEORGIA“.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს:

  • German Voice-ის გამარჯვებულმა ნათია თოდუამ;
  • ანსამბლი „რუსთავის" სოლისტებმა გიორგი კალმახელიძემ და ნინო ჭყონიამ;
  • ქალბატონმა ლია ნაროუშვილმა (ემიგრანტთა ბაღი "ფესვების" დამფუძნებელი);
  • ნიუ-იორკში არსებული პირველი ქართული კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მიუზიკლი სახელწოდებით "ჩვენი ეზო";
  • ბელგიის ანტვერპენის წმ. ნინოს ეკლესიასთან არსებული საბავშვო თეატრი, სახელწოდებით: “ჩვენ დავბრუნდებით“;
  •  ბელგიაში მოღვაწე ქართული კულტურის ცენტრის კავკასიონის ანსამბლმა - „მედეა“