აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ჯემალ გამახარიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„27 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა და ბანდ-ფორმირებებმა დაიკავეს ქალაქი. მტრის მიერ თავს მოხვეულ ომში 13 თვის და 13 დღის განმავლობაში დაიღუპა ათასობით მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც ქართული ისე აფხაზური მხრიდან. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და დროის ამ გადმოსახედიდან ყველანი დავრწმუნდით, რომ ამ ძმათამკვლელ ომში დამარცხდა ყველა.

მინდა ქედი მოვიხარო უახლესი ისტორიის დიდებული გმირების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას - ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბესკირია, ჯუმბერ ბეთაშვილი, არშაველ შენგელია, სუმბათ სააკიანი, მიხეილ კოკაია, მამია ალასანია, ვახტანგ გეგელაშვილი, ალექსანდრე ბერულავა და მთავრობის დაცვის წევრები. ამ ადამიანების სახელები მუდამ იქნება თაობებისათვის დიდებული გმირობისა და ღირსების მაგალითი.

საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ყველა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის აღდგეს მშვიდობა, ნდობა და სიყვარული. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით  გავერთიანდებით ჩვენი საერთო მომავლის გადასარჩენად.

უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა საერთო კეთილდღეობისა და დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.