აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლი გაიხსნა

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა წირვა-ლოცვა აღავლინა.
 
ლოცვის დასრულების შემდგომ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება - „აფხაზეთობა - 2021“.
 
ღონისძიებაზე აფხაზური ისტორიის სახლი გაიხსნა და მოეწყო ფოტოგამოფენა - „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“, ქართულ-აფხაზური უნიკალური ურთიერთობები, უძველეს ხელნაწერებში დაცული ცნობები აფხაზეთზე და იქ არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების მდგომარეობა დღეს. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერის - ფოტორეპროდუქცია ჯორჯ ბაირონის პოეზია გადაწერილი ილორში.
 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა კონცერტი აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთის“, ანსამბლი „შავნაბადას“ და ბავშვთა ანსამბლი „გუმბათის“ მონაწილეობით, მოეწყო კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას გამოფენა - მასტერკლასი და აფხაზური სამზარეულოს დეგუსტაცია.
 
დასასრულს, მინისტრმა დავით ფაცაციამ „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ ჯილდო გადასცა აფხაზეთის ღვაწლმოსილ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში თავისი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში: ბატონ გურამ ოდიშარიას, ბატონ ვლადიმერ ბარქაიას, ბატონ რევაზ სულუხიას.
 
აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და აფხაზეთობის დღეს გადაეცემათ აფხაზეთის საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლებს.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და დევნილი საზოგადოება.
 
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის სულიერების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
 
23 მაისი მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით ეს დღე „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა.
 
„აფხაზეთობა“ ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღიშნიშნება, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედებითი კოლექტივები და დევნილი საზოგადოება იღებს მონაწილეობას.