აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ლტოლვილთა საერთაშორისო დღე

,,20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა,
 
ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და გვყავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ასეულობით ათასი ადამიანი, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
 
რუსეთის ფედერაციის მიერ პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად განახორციელდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების წმენდა, რომელსაც შეეწირა შვიდი ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ათასზე მეტი, დაიჭრა და დასახიჩრდა ათი ათასამდე ადამიანი, ხოლო ასეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი.
 
27 წლის შემდგომაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო მძიმდება. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებს, მათ შორის, ხდება თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, სახელმწიფო ქონების, კერძო საკუთრების მოსპობა-გასხვისება, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის ხელყოფა, შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. მასობრივად ნადგურდება ქართული კულტურის ძეგლები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებები და ხორციელდება სხვა მსგავსი ქმედებები.
 
საქართველოს ხელისუფლება, ყველა ლეგიტიმური საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ყველაფერს აკეთებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის სახალხო დიპლომატიის, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
 
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რასაც 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილებით საქართველოს მიერ მიღწეული ისტორიული სამართლებრივი გამარჯვებაც ადასტურებს.
 
მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ისტორიული ერთობის აღდგენას."- დავით ფაცაცია.