აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
ფლორენციაში საერთაშორისო სიმპოზიუმი „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“ გაიმართა

„რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის“ ორგანიზებით ფლორენციაში საერთაშორისო სიმპოზიუმი და 21-ე საერთაშორისო გენერალური ასამბლეა სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“ გაიმართა. შეხვედრაზე განიხილებოდა კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ინტერკულტურული დიალოგისა და მშვიდობის მშენებლობისთვის. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის  მოადგილე ბელა კოპალიანმა.

სიმპოზიუმზე  მინისტრის მოადგილე წარსდგა მოხსენებით „ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევები და პერსპექტივები პლანეტა დედამიწისათვის, საქართველოს მაგალითზე“ . მან გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ძირძველი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის აუცილებლობაზე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. გამოსვლის შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა.

სიმპოზიუმს საერთაშორისო  ექსპერტები, მეცნიერები, მკვლევარები, პოლიტიკოსები და კულტურის მოღვაწეები ესწრებოდნენ 42 ქვეყნიდან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზი, ოსი და ინგუში ახალგაზრდები.

ღონისძიებაზე უდიდესი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურმა მასალამ, სადაც საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილ მასალას მაღალი შეფასება მიეცა და გამოითქვა სურვილი, რომ მომავალ წელს, 22-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფლორენციაში ქართული ხელნაწერების გამოფენა მოეწყოს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც გამოითქვა რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილი, რომელიც ფოკუსირებული იქნება განათლებასა და კონფლიქტების პრევენციაზე, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობაზე.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდი“ უმსხვილეს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა UNESCO, ICOMOS, ICOM, UNWTO.

 

 

 

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტან ყოლბაიას და მთავრობის წევრებს, აპარატის მიერ   2018  წელს შესრულებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იყო იმ პრიორიტეტებზე, რომელიც მინისტრის აპარატის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს, კერძოდ საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავდა  საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან და დიასპორებთან ურთიერთობას  ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის  კუთხით. ასევე ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების, აკადემიური წრეების და საკითხით დაინტერესებული პირების ჩართულობას სხვადასხვა ღონისძიებაში ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია და მთავრობის წევრები.

2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგ სხდომას დაესწრო.

 სხდომაზე, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 2018 წლის შედეგები განიხილეს. ასევე, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამის შესახებ.

მთავრობის წევრებმა ცვლილებები შეიტანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

 

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებში ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრენინგები გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებში ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრეინინგები გაიმართა. ტრეინინგებში თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი და თბილისში არსებული დიასპორების წარმომადგენლები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან ფსოუმდე“. ასევე წარმოდგენილი იყო წიგნი „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ და გაიმართა ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ბელა კოპალიანმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან“ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა და სხვ. 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, იტალიაში საქართველოს საელჩოს, რომის საპიენცის უნივერსიტეტის, საპიენცის უნივერსიტეტის ფონდის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ორგანიზაცია „დოქტორანტურა ევროპის ისტორიაში” და წმინდა საყდართან არსებული საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 26-28 სექტემბერს ქალაქ რომში საერთაშორისო პროექტი განხორციელდა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა გლობალიზაციიდან გამომდინარე გამოწვევებზე საზოგადოების რეაგირების ცვალებადობის წარმოჩენას, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებისათვის ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას.

საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და იდენტობა”, საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია „ახალგაზრდობა და იდენტობა”, საერთაშორისო სტუდენტური ვორქშოფი „საერთო წარსულით-საერთო მომავლისკენ”, გამოფენა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში” და „ქართული კალიგრაფია”, ანზორ ერქომაიშვილის ქართულ-აფხაზური ფოლკლორის მასტერ კლასი, მოეწყო დევნილი მწერლის რუსუდან ჟორჟოლიანის წიგნის „ქალაქი, როგორც ასეთი”, პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ” და ფილმის „სიმინდის კუნძული” პრეზენტაციები.

სამეცნიერო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები, სტუდენტები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე, პროფესორი ბელა კოპალიანი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ფრანგი ფოტოდოკუმენტალისტის ორელიენ ვილეტის გამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია – აფხაზეთი” გაიხსნა. ფოტოხელოვანი დამთვალიერებელს  საშუალებას აძლევს, თვალი გადაავლოს აფხაზეთის ოდესღაც სიცოცხლით სავსე, ისტორიულ ადგილებს, რომელებიც დღეს მიტოვებული და დანგრეულია. 90-იან წლებში წარმოქმნილი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები ხელოვანმა განსხვავებული, ნოსტალგიური რაკურსით გადმოსცა.

გამოფენაზე ნოდარ დუმბაძისა და გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პიესიდან „გამარჯობა სოხუმო” ნაწყვეტი წარმოადგინა სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა „თეთრი ტალღა”.  რამდენიმე სიმღერა შეასრულა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამაც.

ღონისძიება ფონდ „არტექოს“ ორგანიზებით, აფხაზთის მთავრობის მიერ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.

სიტყვით გამოსვლისას გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 7 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.

აფხაზური ენის თვითმასწავლებელი ელექტრონული სასაუბრო პროგრამის პრეზენტაცია ქ. ბათუმში მოეწყო

ქ. ბათუმში ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში  შექმნილი აფხაზური ენის თვითმასწავლებელი – ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა – ზეპირმეტყველება” დისკის პრეზენტაცია შედგა.. ელექტრონული სასაუბროს საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა. ღონისძიება აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა, სადაც აფხაზი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის ნახატების გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოეწყო.

ამავე ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ცნობილი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოცემული წიგნი – „გული” წარუდგინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, ამავე სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი სვეტლანა კუდბა, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება, ასევე აფხაზური ენის შენარჩუნებაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა.

ანიმაციური პროგრამის მეშვეობით აფხაზური ენის შესწავლა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი – ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა – ზეპირმეტყველება“  პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზური ენის შესწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები  და ეთნიკური აფხაზები  დაესწრნენ.

უახლოეს მომავალში პროგრამის პრეზენტაცია აჭარის ავტონომიურ რესპიბლიკაში იგეგმება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ ფარგლებში სტადიონი გახსნა

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის პარტნიორობითა და აქტიური თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს „SOS ბავშვთა სოფელმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლაში პროექტ  „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ ფარგლებში სტადიონი გახსნა.
პროექტის მთავარი მიზანი დევნილთა ჩასახლებაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა იყო. ეს მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იქ მცხოვრები დევნილებისთვის, ბავშვების მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისა და განმტკიცების ხელის შეწყობის კუთხით.
სტადიონის გახსნას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ა/რ მთავრობის წევრები, ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის მის როლზე ისაუბრეს.
პროექტი ავსტრიის სპორტის სამინისტროს, ავსტრიის „SOS ბავშვთა სოფლის“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

ვახტანგ ყოლბაიამ პროექტში ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ“ მონაწილეობა მიიღო

სასტუმრო „კოპალაში” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში  პროექტი ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ” განახორციელა.

პროექტის მიზანი იყო სამშვიდობო ინიციატივათა მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება ახალგაზრდებში, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

შეხვედრები გაიმართა ცნობილ და წარმატებულ ადამიანებთან, სამშვიდობო ინიციატივებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჩატარდა მასტერკლასები.

ასევე, საღამოზე „ქართული კალიგრაფიისა” და  „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის” გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტის პარტნიორები იყვნნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი”, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაცია „რონდინე”, სასტუმრო „კოპალა” (წყნეთი), კომპანიები  „პროფილი”  და  „მარიგოლდი”.

პროექტს შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი ხელმძღვანელობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით კონფერენცია „აფხაზეთი – არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი – არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები” გაიმართა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორი თემა: ნდობის აღდგენის და შერიგების საერთაშორისო მექანიზმები და ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმები.

კონფერენციაზე განიხილეს თემები რომელიც ეხება აფხაზეთის დღევანდელ მდგომარეობას სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. ასევე იმსჯელეს თუ რა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო სამომავლოდ აფხაზეთში  არსებული პრობლემების დასაძლევად როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ჭუმბაძე, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტი, სამეცნიერო წრეების, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის” დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი გიგა გაბელაია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წარმომადგენელი ზვიად თავაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი ეკა მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სამეცნიერო  წრეების  წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

კონფერენციის ბოლოს სხვადასხვა თემის ირგვლივ პანელური დისკუსიები  გაიმართა.

„გლოუ ბანაკში“, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის მიზნით თბილისსა და ქუთაისში საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით პროექტში – „გლოუ ბანაკი“, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის მიზნით თბილისსა და ქუთაისში საინფორმაციო სესიები ჩატარდა. იმერეთში დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრას ორგანიზება გაუწია აფხაზეთის ა/რ იმერეთის წარმომადგენლობამ, ხოლო თბილისის მაშტაბით ჩართულები იყვნენ  დევნილთა საქმეების დეპარტამენტი და  აფხაზეთის ა/რ  წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში.

შეხვედრაზე  „გლოუ საქართველო“- ს წარმომადგენლებმა დევნილ ახალგაზრდებს ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და შეკითხვებს უპასუხეს. მათი ხედვაა გოგონები გახდნენ ინფორმირებულნი და ძლიერი ლიდერები საკუთარ თემში, გააცნობიერონ თანაბარი შესაძლებლობები და იმუშაონ საქართველოში  სხვა ადამიანებთან ერთად ეროვნული მასშტაბის პრობლემების გადასაჭრელად. ამისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი გოგონების განათლება და გაძლიერება, განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებებში.

ერთ კვირიანი გლოუ ბანაკი განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ეთნიკური კუთვნილების 14–17 წლის ასაკის გოგონებისთვის. „გლოუ ბანაკი“ გაიმართება ბაქსვუდის სკოლაში, წყნეთში, თბილისთან ახლოს 2017 წლის აგვისტოში.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი „გლოუ ბანაკის“ პროექტში ჩაერთო

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში არასამთავრობო ორგანიზაცია „გლოუ საქართველო“-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტში – „გლოუ ბანაკი“, რომლის მიზანია საქართველოში გოგონების თვალსაწიერის გაფართოვება, განათლების, გაღრმავება, გამოცდილების გამდიდრება და გაძლიერება მათში ლიდერული უნარჩვევების განვითარების გზით, იძულებით  გადაადგილებულ პირთა ჩართულობის საკითხი განიხილეს. გადაწყდა, რომ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის მიზნით უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრებს  ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ჩართულობის გაზრდაზე და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაზე.

ერთობლივი პროექტის – „გლოუ ბანაკი“-ს ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროექტის შექმნისა და მართვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მოხალისეობის შესახებ. ასევე კონცენტრირდებიან ისეთი კონკრეტული ლიდერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ამოცანების გადაწყვეტა, პრობლემების გადაჭრა, მიზნების დასახვა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია და სხვა. ამავდროულად, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთად მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, განიხილონ ისეთ საკითხები, როგორიცაა გენდერული როლები, ქალებზე ძალადობა და ქალთა უფლებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა და თვითშეფასება.

ერთ კვირიანი გლოუ ბანაკი განკუთვნილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობისა თუ ეთნიკური კუთვნილების 14–17 წლის ასაკის გოგონებისთვის. „გლოუ ბანაკი“ გაიმართება ბაქსვუდის სკოლაში, წყნეთში, თბილისთან ახლოს 2017 წლის აგვისტოში.

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი საერთაშორისო პროექტებში ჩაერთო

2017 წლის 10-13 მარტს, ფლორენციაში (იტალია), რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე – „პლანეტა დედამიწა 2017 წლის მემკვიდრეობა, ინტელექტუალური მოგზაურობა, ინტელექტუალური არქიტექტურა, მემკვიდრეობა და დიალოგის წარმართვა“. ასევე, მოეწყო ფონდის მე-19 საერთაშორისო ექსპერტთა ასამბლეა.

საერთაშორისო კონფერენციამ და ასამბლეამ 5 კონტინენტიდან თავი მოუყარა 45 ქვეყნის  პროფესორებს,  მკვლევრებს, აკადემიკოსებს, რომელნიც მუშაობენ მსოფლიოში კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით. საერთაშორისო მასშტაბით შექმნილია ექსპერტთა და პარტნიორ ორგანიზაციათა ქსელი, რომელშიც შესულია 500-ზე მეტი უნივერსიტეტი და 80-ზე მეტ ქვეყანაში დაფუძნებული საგანმანათლებლო ცენტრები.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით,პარტნიორ ინსტუტუციათა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში პროექტებისა ახორციელებს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი.

საერთაშორისო კონფერენციაზე და ექსპერტთა მე-19 ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქალბატონი ბელა კოპალიანი, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: თანამშრომლობა კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის. გამოსვლაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ცივილიზაციათა შორის ინტენსიურ კულტურულ დიალოგს. ხაზი გაესვა იმასაც, რომსაქართველო დღეს უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რათა გაიკაფოს გზა ევროინტეგრაციისაკენ. მან ასევე, აღნიშნა, რომდიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ქვყნებთან და ისეთ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობას, რომელთაც ამ კუთხით გამოცდილება აქვთ და რომ საქართველოსა და მისი ხელისუფლების სწრაფვა ევროინტეგრაციის გზაზე შეუქცევადი პროცესია.

გამოსვლისას აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის პრობლემატიკასთან მიმართებაში და ასევეაღინიშნა, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს აფხაზეთში არსებული მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე უნიკალური ქრისტიანული საკულტო ნაგებობები, კედლის მხატვრობის უძველესი ქართული წარწერები და რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მათთან ერთად შესწავლა იმისა, თუ რა ზიანი მიადგა იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს,რათა შესაბამისად მომზადდეს სამოქმედო გეგმა. ასევე,განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას პროცესებში, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს ნდობის აღდგენაზე და შერიგებაზე.პროფესორმა, ქალბატონმა ბელა კოპალიანმა ისაუბრა, ასევე პუბლიკაციაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენს პროექტებში ჩართულ ახალგაზრდებს, მათ ხედვებს მიეძღვნება….

პარალელურად ღონისძიებისა, ქალბატონმა ბელა კოპალიანმა გამართა შეხვედრები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები ახალგაზრდობისა და  პროფესურის ჩართულობის კუთხით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული წინა პროექტები (3 პროექტი) აღიარებულ იქნა, როგორც საუკეთესო, შედეგზე ორიენტირებულ პროექტთა შორის.

მწერალთა სახლში წიგნის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მწერალთა სახლში მწერალ შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე” აფხაზურენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტური რომანი, ნაწარმოების მთავარი გმირის, ქალბატონი მანანა ანუას ნაამბობს ეფუძნება და ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. ავტორის მზერა მიპყრობილია აფხაზეთის მთებში ჩაკარგული პატარა სოფლის, კომანის, ეკლესიისკენ, სადაც დრამატული მოვლენები შემაძრწუნებელი სისწრაფით ვითარდება. მკითხველი ეცნობა ადამიანებს, რომლებიც თავსდატეხილმა უბედურებამ ეკლესიაში გამოკეტა და რომლებიც ბედისწერის მორიგ გამოწვევებს ჯანსაღი ცხოვრებისეული პოზიციით, მაღალადამიანური თვისებებით დაუპირისპირდნენ.

წიგნი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ითარგმნა. რომანი აფხაზურ ენაზე ჟურნალისტმა ირმა ოსიამ თარგმნა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.