აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დებულება


ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

თავი I.  ზოგადი დებულებები მუხლი  1

  1. ნდობის  აღდგენისა  და  შერიგების   საკითხებში   აფხაზეთის   ავტონომიური  რესპუბლიკის  მინისტრის  აპარატი (შემდგომში - მინისტრის აპარატი) იქმნება „აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 161 მუხლის შესაბამისად  „ჩართულობის სტრატეგიის  სამოქმედო გეგმის“ და „ძლიერი, დემოკრატიული,  ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამებით განაზღვრული  მიზნებისა და  ამოცანების  ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და მათი შერიგების მიზნით.
  2. თავისი ამოცანების განხორციელებისას მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ  და აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში  - მთავრობა) და  მთავრობის თავმჯდომარის  მიერ სამართლებრივი აქტების  საფუძველზე  დაკისრებულ ამოცანებს.
  3. მინისტრის აპარატის დაფინანსების  წყაროა აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტი. მინისტრის  აპარატი  საქართველოსა და   აფხაზეთის   ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონმდებლობით  დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
  4. მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული  ბალანსი, ანგარიში  ხაზინაში, ხარჯთა  ნუსხა   და  ბეჭედი  სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
  5. მინისტრის აპარატის მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი  დადგენილია  კანონმდებლობით. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება მინისტრის აპარატის ბლანკებსა და მინისტრის აპარატის შესასვლელების აბრებზე.
  6. მინისტრის აპარატს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. მინისტრის აპარატის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მინისტრის აპარატის თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, მინისტრის აპარატის ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
  7. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
  8. მინისტრის აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 42.

 


თავი II

მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებანი

მუხლი  2
მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს განეკუთვნება
ა)  მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის წინადადებებისა და შესაბამისი  დასკვნების  წარდგენის მიზნით, ნდობის აღდგენისა და შერიგების სფეროში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი  და აკადემიური გამოცდილების,   პროგრამებისა  და   ინიციატივების,  კვლევებისა  და   მოსაზრებების   შეგროვება,  გაანალიზება  და შეჯერება;
ბ)  „ჩართულობის  სტრატეგიის  სამოქმედო გეგმის“ და „ძლიერი, დემოკრატიული,  ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო  პროგრამებით  განაზღვრული   მიზნებისა  და  ამოცანების  ფარგლებში, აფხაზეთის   გახლეჩილი საზოგადოების  წევრებს შორის ნდობის  აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის  გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები  მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური,  ნათესაური  და პირადი  ურთიერთობების წახალისებისა  და  გამყარებისათვის  შესაბამისი  პროექტების მომზადება  და მთავრობისათვის  განსახილველად წარდგენა;
გ) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ურთიერთობის აღდგენის, დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის  ხელშეწყობისა  და  სოციალური  კომუნიკაციის მიზნით  შესაბამისი  პროექტებისა და მექანიზმების შემუშავება;
დ)  საკუთარი   კომპეტენციის  ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე  (მათ  შორის  აფხაზეთის  ოკუპირებულ ტერიტორიაზე)  და მის  ფარგლებს გარეთ აფხაზეთის  მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა   საზოგადოებებთან   და  მათ  წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის  წარმართვა;
ე) უცხოეთში მცხოვრები  თანამემამულეებისა  და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი  დიასპორული ორგანიზაციებისათვის  ქართულ-აფხაზური  ისტორიის,   კულტურისა  და  ტრადიციების  გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის  ავტონომიურ  რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების  ანალიზი,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ნდობის  აღდგენისა და შერიგების საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ)  კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობის  სტრატეგიის   სამოქმედო გეგმით  გათვალისწინებული   ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების  შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
თ) მინისტრის აპარატის მიერ დასახული  ამოცანების განსახორციელებლად, ინოვაციური მიდგომების  ძიების  მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ი) გამყოფ ხაზებს შორის პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
კ) ნდობის  აღდგენასა და შერიგებასთან დაკავშირებულ  საკითხებში  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა კოორდინაცია;
ლ) საქართველოსა და  აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული  სხვა  ამოცანების გადაწყვეტა.

 


თავი III

მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობა და პერსონალი

მუხლი  3

  1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს ნდობის აღდგენისა  და  შერიგების  საკითხებში   აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
  2. მინისტრი:
    ა) წარმართავს მინისტრის აპარატის საქმიანობას, წყვეტს  მინისტრის აპარატის  გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას;
    ბ) წარმოადგენს მინისტრის აპარატს და ანიჭებს მინისტრის აპარატის წარმომადგენლობას, თუ  კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
    გ)  პასუხისმგებელია მინისტრის  აპარატის  სტრუქტურული  ერთეულების   მიერ  საქართველოსა და  აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის  კონსტიტუციების,   კანონების,   საქართველოს პრეზიდენტის  ნორმატიული   აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
    დ) კანონმდებლობით დადგენილი  წესით  თვალყურს ადევნებს  მინისტრის აპარატის  სტრუქტურული  ერთეულების მიერ მოვალეობათა შესრულების  მიმდინარეობას  და  ახორციელებს მინისტრის აპარატის შესაბამის  მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
    ე) მთავრობის  თავმჯდომარეს  თანამდებობაზე   დასანიშნად  წარუდგენს   მოადგილეების  კანდიდატურებს  და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
    ვ)  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  თავისი   კომპეტენციის  ფარგლებში, თანამდებობაზე   ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ  მოსამსახურეებს, კანონმდებლობით  გათვალისწინებულ   სხვა  მოსამსახურეებს,  წყვეტს  მინისტრის  აპარატის  მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
    ზ)  კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი  წესით  მთავრობას განსახილველად წარუდგენს   ნორმატიული  აქტების პროექტებს;
    თ) თავისი  კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის  სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურეობრივ დოკუმენტებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
    ი)   უფლებამოსილია  მინისტრის  აპრატის   კომპეტენციას   მიკუთვნებული  სხვადასხვა   საკითხის   მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები  და საბჭოები,  განსაზღვროს მათი  ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა  და წინადადებების მომზადების წესი;
    კ) წყვეტს სამართლებრივ დავას მინისტრის აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის; ლ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს მინისტრის აპარატის საქმიანობის ანგარიშს;
    მ) პასუხს აგებს შესაბამისი  სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ნ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის მოადგილეებისა და მინისტრის აპარატის  სხვა თანამდებობის  პირების აქტებსა და  მოქმედებებს,   რომლებიც  არ  შეესაბამება  საქართველოსა და  აფხაზეთის   ავტონომიური  რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა  კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის  ნორმატიულ  აქტებს,  საქართველოსა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, მინისტრის ბრძანებებს;
    ო) კანონით დადგენილი წესით  აჩერებს მინისტრის აპარატის  თანამდებობის  პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის   აღსრულებას  ან   მოქმედების   შესრულებას,  გასცემს   შესასრულებლად  სავალდებულო  მითითებებს  აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
    პ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
    ჟ) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან  წინასწარი შეთანხმებით  თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე  წარდგენა;
    რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის  მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
  1. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი  4

  1. მინისტრს  ჰყავს  2  (ორი)  მოადგილე, მათ  შორის  პირველი  მოადგილე და  მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე  ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
  2. მინისტრის მოადგილეების საკურატორო სფერო და სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
  3. მინისტრის არყოფნისას, მინისტრის აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის აპარატის საქმიანობას, მინისტრის დავალებით, ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე.

მუხლი  5

  1. მინისტრის  აპარატი   ამ   დებულებით   გათვალისწინებულ   მმართველობის  სფეროს, ძირითად   ამოცანებსა  და უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის აპარატის  სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
  2. მინისტრის აპარატის მოხელეთა უფლებამოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულებით.
  3. მინისტრის აპარატში შეიძლება საჯარო სამსახურს ეწეოდეს შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც, მინისტრის ბრძანებით დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

მუხლი  6

  1. მინისტრის აპარატის   თანამდებობის    პირები    არიან   მინისტრის   აპარატის      სტრუქტურული                                                                                                             ერთეულების ხელმძღვანელები.
  2. მინისტრის აპარატის  სტრუქტურული  ერთეულების   ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე   ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კურაციის სფეროს მიხედვით.
  3. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
    ა)  ანაწილებს  მოვალეობებს მისადმი    დაქვემდებარებული   სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს  შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
    ბ)    თვალყურს    ადევნებს    მისადმი    დაქვემდებარებული   სტრუქტურული      ერთეულის     მოსამსახურეების    მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
    გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისადმი  დაქვემდებარებული  სტრუქტურულ ერთეულში  მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია მისადმი  დაქვემდებარებული  სტრუქტურული ერთეულის  მუშაობისათვის;
    ე)   მინისტრის     წინაშე    შუამდგომლობს    იმ     სახსრების    გამოყოფის   თაობაზე,    რომლებიც   საჭიროა      მისადმი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
    ვ)   ასრულებს   ამ  დებულებით,  მინისტრის,  კურატორი   მინისტრის  პირველი  მოადგილის  ან  მოადგილის  მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

 


თავი IV

მინისტრის აპარატის  სტრუქტურა

მუხლი  7

მინისტრის აპარატში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის  სამმართველო;
გ) დიასპორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის  სამმართველო.

მუხლი  8

ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა; ბ)  მინისტრის ბრძანებების პროექტების მომზადება, ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
გ)  დადგენილი  წესის  შესაბამისად,  ნომენკლატურის  ფარგლებში, მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის,  სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების  გამოყენების, შვებულებისა  და მივლინების  შესახებ ბრძანებების  პროექტების მომზადება;
დ) მინისტრის აპარატში შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დროული მიწოდება;
ე) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო–საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების  კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ზ)  მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა  პირადი  საქმეების  აღრიცხვა-წარმოება, ნამსახურობის  მიხედვით  საპენსიო საბუთების გაფორმება, შრომითი  ხელშეკრულებების  მომზადება,  მოსამსახურეთათვის  სამსახურებრივი  მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად, მინისტრის აპარატში არსებული ვაკანტური  თანამდებობების დასაკავებლად კონკურსისა და მინისტრის აპარატის მოსამსახურეთათვის  ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;
ი)  მინისტრის აპარატში სტაჟირებასთან და პრაქტიკის  გავლასთან დაკავშირებული  საკითხების  გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
კ) მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულების, შტატების, მუშაობის ორგანიზების,  მოსამსახურეების წახალისების  ან მათთვის  დისციპლინური  პასუხისმგებლობის დაკისრების  შესახებ მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა;
ლ) მინისტრის აპარატის შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფა;
მ) მინისტრის აპარატის ვებგვერდის  პერიოდული განახლების, საჭირო ინფორმაციის მოძიების,  დამუშავებისა და ვებგვერდზე  განთავსების,  მინისტრის აპარატის სახელით  განცხადებებისა  და  სხვა  საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელების უზრუნველყოფა;
ნ)  სათათბირო ორგანოს საქმიანობისა და სხდომაზე  საოქმო წარმოების უზრუნველყოფა.

მუხლი  9

სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის  სამმართველოს ფუნქციებია:
ა)  აფხაზეთის   გაყოფილი საზოგადოების   ნდობის   აღდგენისა  და  შერიგების  მიზნით,  კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის აპარატის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან,  საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
ბ) აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკასთან  დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილეობის მიღება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
გ)  კომპეტენციის  ფარგლებში ჩართულობის  სტრატეგიის   სამოქმედო გეგმით  გათვალისწინებული   ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების  შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
დ)  გამყოფი ხაზებით  დაშორიშორებული  მოსახლეობის  ინტენსიური  ურთიერთობების, თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის  შესაბამისი  წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება  და მთავრობისთვის  განსახილველად წარდგენა.

მუხლი  10

დიასპორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის  სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ აფხაზეთის  მოსახლეობას შორის დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის განახლების, ქართულ-აფხაზური შერეული  ოჯახების, უხუცესთა, დიასპორების,  ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებების  და  მათ  წამომადგენლების,  არასამთავრობო ორგანიზაციების,  საინიციატივო  ჯგუფებისა  და დაინტერესებულ ფიზიკური   და   იურიდიულ  პირების   შეხვედრების   ხელშეწყობის  მიზნით   წინადადებებისა და პროექტების შემუშავება  და მთავრობისათვის წარდგენა;
ბ) გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ აფხაზეთის  მოსახლეობას შორის დიალოგის პროცესებში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი პროექტების შემუშავება;
გ) ამ დებულებით დადგენილი  ამოცანებისა  და  ფუნქციების განხორციელების  მიზნით გამყოფ ხაზებს შორის პროექტების  განმახორციელებელ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა, ჰუმანიტარული  დახმარების  პროგრამების შემუშავება  და სპონსორების მოძიება;
დ) მინისტრის აპარატის მიერ დასახული  ამოცანების განსახორციელებლად, ინოვაციური მიდგომების  ძიების  მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და წინადადებების შემუშავება.

 


თავი V
დასკვნითი დებულებები

მუხლი  11

  1. მინისტრის აპარატის  დებულებაში  ცვლილებებისა  და  დამატებების   შეტანა  ხორციელდება  მთავრობის დადგენილებით.
  2. მინისტრის აპარატის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 


ცვლილება დებულებაში

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №8
2015 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი

„ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის
შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის
აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014
წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „ნდობის აღდგენისა და შერიგების
საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და
შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების
დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56
დადგენილებით (გამოქვეყნების წყარო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 19/11/2014, სარეგისტრაციო
კოდი: 010340000.32.061.016121) დამტკიცებულ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-7 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველო;“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9

სამოქალაქო ჩართულობისა და პროექტების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა;
ბ) სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის და ჩართულობის დონის გაზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების
გატარება;
გ) ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი
პროექტების ინიციირება, მომზადება და მართვა (კოორდინაცია);
დ) ნდობის აღდგენისა და შერიგების კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამებისა და
პროექტების განსახორციელებლად ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ურთიერთობების დაგეგმვა, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარება;
ე) ნდობის აღდგენისა და შერიგების კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებების მიერ მომზადებული პროექტების ანალიზი, კოორდინაცია და განხორციელების
ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ
შემოთავაზებული პროექტების ანალიზი მათი მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, მათი დაგეგმვა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე და განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების
განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების შემუშავება;
თ) გამყოფი ხაზით დაშორიშორებული მოსახლეობის ინტენსიური ურთიერთობების, თანამშრომლობისა და
პარტნიორობისათვის შესაბამისი წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება და მთავრობისათვის განსახილველად
წარდგენა.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია