აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად,  საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ გახსნეს. პრეზენტაცია საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების კვლევითი ინსტიტუტის (RIITI) პრეზიდენტმა, პროფესორმა თამარ კერძაიამ წარადგინა.

გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პროცესში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე. კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტებმა, პანელური დისკუსიების ფორმატში, უახლესი საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ტრენდები შეაფასეს. ღონისძიების ბოლოს ექსპერტთა ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექპერტები ესწრებოდნენ.