აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მოგესალმებით, ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ სამხედრო ფიცი სამშობლოს წინაშე!

მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო!

მოგესალმებით, თქვენო უწმინდესობავ,

მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებავ,

მოგესალმებით, ჩემო, აქ და საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულენო!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი, რამაც მოგვცა საშუალება, გაგვეაზრებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე; ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა!

გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას.

დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს კი ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ. მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს.

დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას.

მისი განმტკიცებისთვის, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება და მომავალზე სწორება.

ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა. მისგან საბოლოოდ, ყოველმხრივ გათავისუფლება არის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნების ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა, შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია.

დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება მთავარი იარაღია. მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას.

იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ!

საქართველოს დამოუკიდებლობა, ამავე დროს, მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფეროვნება ჩვენ ძალად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა, ბევრი რთული გამოწვევების მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევების მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას.

ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ქართველების, აფხაზების, ოსების, ქურთების, აზერბაიჯანელების, იეზიდების, ასურელების, სომხების, ქისტების, ბერძნების, რუსების, უკრაინელების, ებრაელების - საქართველოს ყველა წარმოშობის მოქალაქის პრეზიდენტი.

ამ ქვეყანაში თითოეული მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია. თუმცა, სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფო ენასთან. სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების საფუძველია.

ისტორიულად, ჩვენი სახელმწიფო ისაზღვრებოდა ქართული ენით. სწორედ ამას გულისხმობდა გიორგი მერჩულე ყველასთვის ცნობილ სიტყვებში: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.

ქართული ენის სწავლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის გაზრდა აუცილებელია.

აუცილებელია, რომ ქართული ენა ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდანვე - საბავშვო ბაღებში. ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ!

სახელმწიფო ენის ცოდნა სჭირდება თითოეულ მოქალაქეს თავისი შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის.

საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა - აფხაზური ენა დღეს ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშაა. საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს კონსტიტუცია იცავს დღეს გაქრობის წინაშე მდგარ ენას.

მაშასადამე, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ჩემი ყოველი საგარეო ვიზიტის დროს ყოველთვის ვლაპარაკობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურასა და ენას.

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა.

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე.

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ნიშანია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების ფაქტები. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას ტრაგედია. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის გამოხატულებაა სამხრეთ ოსეთის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევა და გამსვლელი პუნქტების ჩაკეტვა. ამ პოლიტიკას ჩვენ დავამარცხებთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებით!

ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან. საქართველოს ყველგან აღიარებენ, როგორც მოწინავე ქვეყანას ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე; აღიარებენ, როგორც სტაბილურობის კუნძულს.

საქართველოს ასეთი შეფასება საზღვარგარეთ ყველგან მხვდება და მეამაყება. დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული სვლა ჩვენი საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. ამაზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი. ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. საზოგადოების გათიშვა არ უნდა დავუშვათ. ეს ასუსტებს სახელმწიფოს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს

ამიტომ მე არ ჩავრეულვარ და არ ჩავერევი უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ დავიცავ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და წინ გადავუდგები ყველა მცდელობას და განაცხადს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველასთვის გასაგებია, რომ საზღვრების გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც დამოუკიდებლობა ვერ იქნება დაცული. ამიტომ ჩემი ვიზიტების ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად დავაყენე ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ჩვენი საზღვრების დელიმიტაციის საკითხი.

აუცილებელია ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარება, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობების გართულება და რეგიონში სტაბილურობისთვის ხელის შეშლა.

მოხარული ვარ, რომ დროულად განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მივაღწევთ სათანადო შედეგს, როგორც მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები.

დამოუკიდებლობა დგას თითოეული ჩვენგანის თავისუფლებაზე, თავისუფალ აზროვნებაზე, ანუ განათლებაზე; დამოუკიდებლობა ასევე მოითხოვს სიღარიბის დაძლევას; დამოუკიდებლობა დგას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაზე - ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, ოჯახში ძალადობის აღკვეთას, გარემოს დაცვას.

დამოუკიდებლობა დგას ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გამყარებაზე; დამოუკიდებლობა დგას აქ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების საერთო ძალისხმევაზე;

საზოგადოების შერიგებაზე, რამეთუ მტერს მხოლოდ ერთად დგომით თუ ვაჯობებთ.

ამ დამოუკიდებლობის დამცველები ხართ თქვენ - აქ შეკრებილი საზოგადოება, და თქვენ - აქ და ყველა რეგიონში მდგომი ჯარისკაცები, რომლებიც იცავთ სუვერენული საქართველოს ტერიტორიას და მოსახლეობის უსაფრთხოებას.

თქვენ იცავთ ამ ქვეყნის მიერ მიღწეულ დემოკრატიასა და სტაბილურობას; სამშვიდობო მისიებში კი, თქვენ იცავთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების და მსოფლიო უსაფრთხოებას. ამ დამსახურებისთვის, ქვეყნის სამსახურისთვის მადლობას გიძღვნით მე და მთელი საზოგადოება, მთელი ერი.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.