აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილებთან შეხვედრა და ტრეინინგი გაიმართა

რუხის ინოვაციების ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილების შეკითხვებს უპასუხეს და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ. 

დღესვე რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილებს ტრეინინგი ჩაუტარდათ და მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებენ. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის კონსოლიდირებული ვერსია) დაურიგდათ. 

პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში. პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით ხორციელდება.

საინფორმაციო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.