აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ იაპონიის ელჩს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მთავრობის თავმჯდომარემ იაპონელ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ასევე, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, კერძოდ, სოფელ რუხში მოწყობილ სასათბურე მეურნეობაზე, სადაც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებულნი. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი მასატაკა ობატა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.