აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ხონში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კომპაქტურ ჩასახლებაში არსებულ პრობლემურ საკითხებს, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. რუსლან აბაშიძემ დევნილ მოსახლეობას იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.  

რუსლან აბაშიძე ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან  ერთად გაეცნო ხონის №2 ბაგა-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც ბაღი ძირითადად აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მოემსახურება. ასევე მოინახულეს ხონის №4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, სადაც 200-მდე დევნილი მოსწავლე სწავლობს.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ბაჩანა ბასილაია მონაწილეობდნენ.