აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოსა და საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებში გამარჯვებულ, საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე აფხაზეთის გუნდის ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ ზურაბ ქალდანს მრავალწლიანი წარმატებული სამწვრთნელო კარიერისთვის და სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, სპორტსმენებს ლუკა ღვინჯილიას, ალექსი თოდუას, ჯონი ცხადაიას და გიორგი შონიას მიღწეული შედეგები მიულოცა და სიგელები გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

ზურაბ ქალდანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია უმცროს კადეტებში, U-15 წლიანებში და აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით, 2022 წლის 17-18 ივლისს, საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველობა მოიპოვეს.   

ლუკა ღვინჯილია მიმდინარე წელს რომში გამართულ ჩემპიონატზე ევროპის პრიზიორი გახდა. იგი სხვადასხვა წელს საქართველოს ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული სპორტსმენია. ლუკა 2022 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი 20 წლიანებში, ხოლო პრიზიორი 23 წლიანებში. 2021 წელს საქართველოს ჩემპიონი კადეტებში, 17 წლიანებში და საქართველოს ჩემპიონი უმცროს კადეტებში, 15 წლიანებში.

ალექსი თოდუა 2022 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია კადეტებში, 17 წლიანებში, ხოლო 2021 წელს როგორც საქართველოს, ასევე რუმინეთის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია. 

ჯონი ცხადაიამ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით გამართულ სპორტულ ასპარეზობებში საქართველოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა. ჯონი 2022 წელს 23 წლიანებში გახდა საქართველოს პრიზიორი, ხოლო 2020-2021 წლებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 20 წლიანებში.

გიორგი შონია თავისუფალ ჭიდაობაში 2021 წელს საქართველოს პრიზიორი გახდა 20 წლიანებში, ხოლო 2022 წელს საქართველოს პრიზიორი 23 წლიანებში.