ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ყოველწლიური ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ყოველწლიური ჟურნალისტური პრემიის 2026 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
 
ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.
 
ნომინაციაში „საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში“ გამარჯვებული ნატო კორსანტია გახდა. „ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროფესიული თავდადებისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმიანობისთვის“ პრემიის მფლობელი ხუტა ახალაია გახდა. „აფხაზეთის თემაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობის, ჟურნალისტური პროფესიონალიზმისა და გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ პრემია თამაზ ჩოჩიას გადაეცა, ხოლო „აფხაზეთის ომის ისტორიული კადრების აღბეჭდვისა და შენარჩუნებისთვის, ქართული ისტორიული მეხსიერების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ საშა ბერულავას პრემიის მფლობელი გურამ გორელიშვილი გახდა.
 
კომისიის გადაწყვეტილებით ნომინაციაში „ჟიურის სპეციალური აღნიშვნა გამორჩეული ხედვისა და თემის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის“ მარიამ ქარჩავა - შარტავა დაჯილდოვდა.
 
პრემიის გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ და ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გულიადა ჭკადუამ დააჯილდოვეს.
 
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ალექსანდრე ბერულავას ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა პრესაში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი.
ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა დაქირავებულმა მებრძოლებმა ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს.
 
ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემია 2024 წელს დაწესდა და მას შემდეგ დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანია აფხაზეთის თემის ქართულ მედიაში გაშუქების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დაფასება, საზოგადოებაში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება.