აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
რუსლან აბაშიძემ კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

გმირთა მემორიალთან, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1993 წლის 5 ივლისის მოწინააღმდეგემ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელა, ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.

კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.