საქართველოს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.
ერთობლივ სხდომას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.
სხდომაზე დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ წარადგინა.
ანგარიშში ასახული იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამები და მიღწეული შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, პრევენციულ და სკრინინგულ ღონისძიებებს და სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს.
გიორგი ჯინჭარაძემ ასევე ისაუბრა სამინისტროს მიმდინარე საქმიანობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. აღინიშნა, რომ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარება მთავრობის და სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„დღევანდელ სხდომაზე წარვადგინე აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში, სადაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენს დევნილ მოსახლეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება.
შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, რასაც, რა თქმა უნდა, სრულად გავითვალისწინებთ. მსგავსი ფორმატის შეხვედრები კიდევ უფრო მეტ საჭიროებას ქმნის იმისთვის, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამები იყოს უფრო დახვეწილი და მაქსიმალურად მორგებული დევნილი საზოგადოების საჭიროებებზე“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებმა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დასვეს და სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს.
ერთობლივ სხდომაზე განხილული საკითხები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.
„საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან. შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ მუშაობენ ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილებს და ყველა იმ ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოდიან. ძალიან პოზიტიური ტენდენციები გამოვლინდა. საკმაოდ კონსტრუქციული იყო ამ განხილვისას ოპოზიციის ჩართულობაც. ჩვენ აქცენტები ჰუმანიტარულ ასპექტზე გადავიტანეთ - მთლიანად სახელმწიფოსა და კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიდ ძალისხმევაზე ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა და იმ უმძიმესი პოლიტიკური ვითარებისა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს.
ის რეკომენდაციები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში მივიღებთ, საშუალებას მოგვცემს, უწყებებს შორის კოორდინაცია გაიზარდოს და ის შეფერხება, რაც ამ კუთხით არსებობს, დაიძლიოს. ეს შეხვედრა ძალიან ბევრი საკითხის პოზიტიური გადაწყვეტის წინაპირობა გახდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კომიტეტისა და კომისიის ერთობლივ სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
