2026-10-27 |
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. ეროვნული პრემიის ერთ-ერთი გამარჯვებული აფხაზეთის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი რუსუდან ლომთაძე გახდა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
