აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენას, ამ საქმეში ისტორიული კავშირებისა და ქართულ-აფხაზური დიასპორის პოტენციალის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზი თავადების მემორიალური დარბაზის გახსნის საკითხი,   სადაც დაგეგმილია აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ესპანეთიდან ჩამოტანილი, ჩხოტუების ცნობილი საგვარეულოს საოჯახო არქივის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფოტოების და პირადი ნივთების განთავსება.

საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრის ბოლოს, პროექტის „ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ სამუშაო ჯგუფმა წარადგინა პირველი ეტაპის შედეგები, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით, ესპანეთსა და საფრანგეთში განხორციელდა.

შეხვედრაში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების ხელმძღვანელი კონსტანტინე ჯანდიერი და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები მოაწილეობდნენ.