ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების წესი
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების სურვილის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ გასავლელი პროცედურების შესახებ
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების მიზნით პირველ რიგში უნდა დაუდგინდეთ საქართველოს მოქალაქეობა და ამის შემდეგ შესაძლებელია გაიცეს მათზე საქართველოს მოქალაქის პასპორტი
საქართველოს მოქალაქეობის დადგენა
საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევიან
- 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
- 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
- საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად დაინტერესებულმა პირმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა წარადგინოს:
- დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;
- ფოტოსურათი- ზომით 3X4;
- მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები.
მოქალაქეობის დადგენის შესახებ დასკვნის გაცემის ვადები და საფასურებია:
- მე-15 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – საფასური არ გადაიხდევინება;
- მე-5 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 30 ლარი;
- მე-3 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;
- იმავე დღეს გაცემისათვის – დაჩქარებული მომსახურების საფასური 75 ლარი.
ბიომეტრიული პასპორტის აღების წესი/პირობები
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს. ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენმა პირმა უნდა წარადგინოს:
- პირადობის მოწმობა (ასეთის არარსებობის შემთხვევაში ჯერ უნდა დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა);
- 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ (გადაღება შესაძლებელია ადგილზე განთავსებულ ფოტო-ჯიხურებში);
- საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდის განხორციელება შესაძლებელია ადგილზე განთავსებულ საბანკო დაწესებულებების მოლარე-ოპერატორებთან).
პასპორტის გაცემისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და საფასურები, განაცხადის შეტანიდან:
- მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი;
- მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 20 ლარი;
- მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 50 ლარი;
- მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მო მსახურების საფასური 90 ლარი;
- იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 100 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 105 ლარი.