აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ჩეხეთში საქართველოს საელჩოში გამართულ მიღებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო.
,,ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მრავალმხრივ დატვირთული ღონისძიებები, შეხვედრები, საუბრები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერის შესახებ. გამართული ღონისძიებების დამაგვირგვინებელი აკორდი კი იყო ანსამბლ ,,აფხაზეთის" კონცერტი, მათ მიერ შესრულებული საცეკვაო და სასიმღერო ნომრები, რომელშიც ყველაზე კარგად გამოიხატება ქართული სული და კულტურა", - აღნიშნა მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ.
ღონისძიების დასასრულს, პრაღის მრავალფუნქციური კულტურული სივრცის სცენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,აფხაზეთი" ქართული ხალხური, ტრადიციული სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა. კონცერტმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე პრაღაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ,,პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში” ფარგლებში, სსიპ აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში პროექტი ,,წვეულების ორგანიზებისა და ფოტოგრაფიის სწავლება“ დაფინანსდა.
პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გზით, პროექტში ჩართულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განევითარებინათ კომუნიკაციის, ბიუჯეტისა და რესურსების მართვის, ორგანიზაციული, კრეატიული უნარები, გაცნობოდნენ ფოტოგრაფიის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, შეესწავლათ ფოტორედაქტირების საბაზისო პროგრამები და შეექმნათ საკუთარი პორტფოლიო. პროექტის ფარგლებში, სკოლა გადაღებისათვის საჭირო ინვენტარით, ფოტოკამერითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელსაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე ესწრებოდა, მოსწავლეთა საავატორო ნამუშევრები გამოიფინა და დაიდგა მინისპექტაკლი ,,ქალები, რომლებმაც ისტორია კადრად აქციეს“.
,,აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსათვის სკოლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა, ხელშეწყობა და წახალისება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რასაც სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. ვულოცავ მეხუთე სკოლასა და მის მოსწავლეებს რამდენიმეკვირიანი სწავლების ძალიან საინტერესო ღონისძიებით დასრულებას. წარმოდგენილი ნამუშევრები და თეატრალური დადგმა ყველაზე კარგი ინდიკატორია ამ პროექტის წარმატებისა“, - აღნიშნა გური ბაქრაძემ.
თეატრალური წარმოდგენით მოსწავლეებმა ოთხი გამორჩეული ქალი ფოტოგრაფის ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორია გააცოცხლეს. ფოტონამუშევრების გამოფენაზე კი ახალგაზრდა ავტორების ხედვა, შემოქმედებითი ძიება და სამყაროს აღქმის მრავალფეროვანი ფორმები წარმოჩინდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარში იმყოფებოდა.
მთავრობის თავმჯდომარე დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
ქალაქ ჯვარში, სარალიძის ქუჩა N1-ში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 19 ოჯახი ცხოვრობს, სახურავის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.
დღესვე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად, ქალაქ ფოთში, ახალ რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და გაგრისა და აფხაზეთის ქუჩებზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.
აღნიშნულ მისამართებზე 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი სახურავის მოწყობა განხორციელდა, ასევე, დამონტაჟდა 18 ერთეული ლითონის კარი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია ენიჭებათ ავტორებს, რომელთა შემოქმედება გამოირჩევა მაღალი პროფესიული და მხატვრული ღირებულებით, ეროვნული მნიშვნელობითა და ჰუმანიზმის, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის იდეალებით.
კონკურსის მიზანია, გამოავლინოს ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილი გამორჩეული ნაშრომები და შემოქმედებითი მიღწევები.
გამარჯვებულებს მიენიჭებათ გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და გადაეცემათ შესაბამისი დიპლომი. კონკურსის ფარგლებში გაიცემა არაუმეტეს ოთხი პრემია, თითოეული 4 000 ლარის ოდენობით.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე ფესტივალის ,,აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი" დასკვნით გამოფენას დაესწრო.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, წარსულსა და აწმყოს შორის სიმბოლური დიალოგის გადმოსაცემად, XX საუკუნის სამხატვრო აკადემიის ფონდებში დაცული ნამუშევრები და ასევე, არტ-ვილა გარიყულაში ჩატარებული ფესტივალის ფარგლებში შექმნილი, სხვადასხვა თაობისა და განსხვავებული ხედვის მქონე ხელოვანების ფერწერული ტილოები იქნა გამოფენილი.
დამთვალიერებლებმა აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გარდა, პროექტის განმავლობაში გადაღებული, შემოქმედებითი პროცესის ამსახველი, დოკუმენტური მასალა იხილეს.
გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ნუგზარ მგალობლიშვილმა დაათვალიერეს. საგამოფენო სივრცეში ბატონი ნუგზარის შემოქმედებაც იყო წარმოდგენილი.
ფესტივალი 23 მაისს დაიწყო და საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და ის ძირითადი გამოწვევები განიხილეს, რომლებსაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობასა და გადაადგილების თავისუფლების საკითხებს.
მხარეებმა სამომავლო აქტიური თანამშრომლობისა და მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა გამოთქვეს.
სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ნოდარ დუმბაძის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასმა დადგა.
პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მანანა დუმბაძე.
მაია ჩართოლანის რეჟისორობით დადგმული ნამუშევარი გაჯერებული იყო დუმბაძისთვის დამახასიათებელი გურული იუმორით, ადამიანური ურთიერთობებით, სიკეთითა და ბევრი ემოციით.
სპექტაკლი თბილისის მერიისა და შემოქმედებითი საქართველოს ფინანსური ხელშეწყობით დაიდგა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე გური ბაქრაძემ სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელში რამინ აფაქიძის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.
ღონისძიება ღვაწლმოსილი მხატვრის 60-წლიან პედაგოგიურ საქმიანობას მიეძღვნა და სიმბოლურად, მის დაბადების დღეს გაიმართა.
საღამოს მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არაერთი შესანიშნავი მხატვრის, მათ შორის აფხაზი მხატვრების აღზრდაში რამინ აფაქიძის დამსახურებას, მადლობა გადაუხადა აფხაზეთის დამსახურებულ მხატვარს 60-წლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის და სამინისტროს სახელით იუბილე მიულოცა.
რამინ აფაქიძე გამორჩეული ხელწერის მქონე, თანამედროვე ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე და არაერთი პრემიის ლაურეატია, მას მიღებული აქვს აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის წოდება. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია დახვეწილი, გემოვნებიანი სტილი და მუდამ ბავშვური გულწრფელობა, რაც ყოველთვის გამოარჩევს მის შემოქმედებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ბათუმში, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილმა მიმართეს.
ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა. ასევე გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოლიმპიური კომიტეტის წევრები, მწვრთნელები, ახალგაზრდა სპორტსმენები, სხვადასხვა რეგიონის დელეგაციები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფესტივალში, სპორტის 17 სახეობაში, საქართველოს ყველა რეგიონიდან ერთმანეთს 1200-მდე სპორტსმენი შეეჯიბრება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტული ფედერაციების სახელით, სპორტის 10 სახეობაში, 14 მწვრთნელის ხელმძღვანელობით, 63 სპორტსმენი მონაწილეობს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრას საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებაზე „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანობის უზრუნველყოფის აუცილებლობა და ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდის გამართვა 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს არის დაგეგმილი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გური ბაქრაძე, ანბანის ბაღში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ორგანიზებით გაიმართა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი უსურვა.
გური ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ თითოეული ახალგაზრდის მხარდაჭერა, მათი ნიჭისა და ინტერესების წახალისება საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი თაობის კულტურული და მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
ღონისძიების ფარგლებში, სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამა წარუდგინეს.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი და ბავშვთა პულმონოლოგი ივანე ჩხაიძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, ტრავმატოლოგ-ორთოპედი ბიძინა კანაშვილი, ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა, ნევროლოგი გვანცა არველაძე, პედიატრი ჯაბა ყიფიანი, ორთოპედ- ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, უროლოგი პაატა გიორგაძე, ოტორინოლარინგოლოგი ვაჟა ქათამაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ოფთალმოლოგი ქეთი ოქრუაშვილი და ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს.
დევნილი მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 300-მდე ნამუშევრიდან ჟიურიმ 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა, მათ შორის გამარჯვებული სამეული და სპეციალური ნომინაციების მფლობელები. მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა, აფხაზეთის თემაზე სხვადასხვა კონკურსების ჩატარების აუცილებლობაზე და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ორი ნამუშევარი შეირჩა და შევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ქართული ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოში, რომელიც ემიგრანტი მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.
კონკურსში მონაწილეობა 10-17 წლის მოზარდებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ნამუშევრები წარმოდგენილი იყო საზღვარგარეთიდანაც.
ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, მოწვეული სტუმრები და კონკურსის მონაწილეები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა, აფხაზეთის თემაზე სხვადასხვა კონკურსების ჩატარების აუცილებლობაზე და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების ვიდეოკოლაჟის ჩვენება.
კონკურსის გამარჯვებულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დააჯილდოვეს.
აფხაზეთის თემისადმი მიძღვნილი კონკურსი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და მასში 10-დან 17 წლამდე 300-მდე მოზარდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში აფხაზეთის გუნდების მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფესტივალის რეგლამენტსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ტურნირის საორგანიზაციო ეტაპები და გუნდების საერთო მზადყოფნა დადებითად შეაფასეს.
გიორგი ძაძამიამ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ასევე, ნაყოფიერი ასპარეზობა და გამარჯვება უსურვა.
მინისტრთან ერთად შეხვედრას აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი ირაკლი ცხოვრებაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლები, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების მწვრთნელები და ახალგაზრდა სპორტსმენები ესწრებოდნენ.
ბათუმში, 2-6 ივნისს, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 10 სახეობაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტული ფედერაციების სახელით 63 სპორტსმენი წარდგება, რომელთა ასპარეზობასაც 14 მწვრთნელი უხელმძღვანელებს.