აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სამშვიდობო პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მათი როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი გაბედავამ შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული, დიასპორისა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და ქართულ-აფხაზური კულტურული შეხვედრების ორგანიზებას.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქ სტამბოლში მოქმედი ედირნექაფის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს მინისტრის აპარატმა წიგნები გადასცა.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამძიმარი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო.

ლიანა ისაკაძემ ვირტუოზული საშემსრულებლო და სადირიჟორო მანერისა და ბრწყინვალე ტალანტის დამსახურებით სიცოცხლეშივე მოიპოვა მსოფლიო აღიარება და იყო მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და პრემიის ლაურეატი.

მისმა მრავალფეროვანმა და უნიკალურმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო როგორც კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ასევე ქართული სამუსიკო ტრადიციების განვითარებას.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ქალბატონი ლიანას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მთელ საზოგადოებას.

 

რუსლან აბაშიძე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონში, ტაძრის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. წირვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და კამანის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

1993 წლის 5 ივლისს მოწინააღმდეგემ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელა, ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.

კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ცხადდება

პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები, უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას.

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/TvnPU

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2024 წლის 05 ივლისიდან 01 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური (თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68, მე-3 სართული).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: +995 577 09 21 27; +995 577 34 85 34

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ სტამბოლში, აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ღონისძიება სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა.

შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ სამომავლო ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება აფხაზეთის მთავრობისა და სტამბოლის აკადემიური წრეების ერთობლივი თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მონაწილეებს რუსული ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

თავის მხრივ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ყურადღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გაამახვილა.

შეხვედრაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაჰიის დულმუფინარის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტამბოლის ბეიქენთის კერძო უნივერსიტეტის, ეროვნული თავდაცვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტამბოლის ნიშანთაშის კერძო უნივერსიტეტისა და საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთი მინისტრის აპარატისა და სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და მიმდინარე პროცესებს.

რუსლან აბაშიძემ პატრიარქს დეტალურად გააცნო ოკუპაციასთან და ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებული პროცესების ნეგატიური გავლენა აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, უკანონო დაკავებებზე, სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, გადაადგილების თავისუფლებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე.

მსოფლიო პატრიარქმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ურყევად დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა პატრიარქს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაციამ დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის 2ა და 2დ მისამართებზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრების შედეგად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა.

ამ ეტაპზეც, დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარეობს სარემონტო-აღდგენით სამუშაოები.

 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.  ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

გმირთა მემორიალთან, ასევე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინიტროს ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.

კონცერტი აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, 23 მაისს „აფხაზეთის დღეს“ დაწყებული ღონისძიებების ციკლი სექტემბერში გამყოფ ხაზთან დასრულდება.

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გალა-კონცერტი „აფხაზეთისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მაყურებლის წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“, ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.

კონცერტი აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 23 მაისს „აფხაზეთის დღეს“ დაიწყო და სექტემბერში გამყოფ ხაზთან დასრულდება.

ნანა გაბელიამ კომპანია „სქილვილ“-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ქალაქ ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, პირველ მოადგილე ზვიად ბულისკერიასთან ერთად, კომპანია   სქილვილ საქართველოს დირექტორს ლანა ჩხარტიშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა კომპანია სქილვილის მიერ შემოთავაზებულ პროფესიულ პროგრამებში, აჭარის და დასავლეთ საქართველოს რეგიონში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების ჩართულობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრეს.

მათ ასევე განიხილეს უახლოეს მომავალში განსახორციელებელი ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმირებისკენ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც ახალგაზრდებში ციფრული მარკეტინგის სფეროს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებს დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო და ახალგაზრდებთან მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის იმ საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებზე, რომლებშიც შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ.

ახალგაზრდებს, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის მხარდაჭერით, სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

„იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი იყოს ბედნიერი, ქართველებს და აფხაზებს გვაქვს ვალდებულება - მშვიდობით, სიყვარულით და ერთმანეთის ნდობით შევქმნათ ახალი რეალობა და გავერთიანდეთ არა ძალით, არამედ იმ სიყვარულით, ერთობით და ნდობით, როგორითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.

მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს საინტერესო შეხვედრისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შვილების მხარდაჭერისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ახალგაზრდები გაიზრდებიან. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ თავიანთ წვლილს შეიტანენ ჩვენი საზოგადოების ერთიანობის საქმეში!“ - დავით ფაცაცია

 

კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ჩართულობით კოპიტნარსა და ზესტაფონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ბენეფიციარებს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 200-ზე მეტმა პირმა მიიღო.

 

 

უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური დახმარება დაიწყო!

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქის ან/და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს, რომელიც ჩარიცხულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებელში პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე:

 https://shorturl.at/aeVLE

მოქალაქეთა განცხადებები მიიღება 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის ქ.N68, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

 

სამგზავრო ხარჯების დაფინანსება

პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო საქმიანობასთან, კონფერენციებში მონაწილეობასთან, აფხაზეთიდან დევნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების რეზიდენტების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლასთან დაკავშირებული სამგზავრო ხარჯების დაფინანსება.

დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე:

 https://shorturl.at/aeVLE

სამგზავრო ხარჯების დასაფინანსებლად განცხადებები მიიღება 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ სატელეფონო ნომერზე: +995 577 09 22 39

 

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება დაიწყო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება დაიწყო.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გათვალისწინებულია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებს.

განცხადებები მიიღება 2024 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.

(მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ სატელეფონო ნომრებზე:  +995 598 17 41 78; +995 577 09 22 39.

იხ. ვრცლად: https://shorturl.at/2EYwq